ჩაშლილი ტენდერების საიდუმლო

ჩაშლილი ტენდერების საიდუმლო

ბოლო ხანს, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული საეჭვო ტენდერების შესახებ ბევრს ბჭობენ და კამათობენ: ექსპერტებიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ერთხმად აცხადებენ, რომ ამ სფეროში ყველაფერი რიგზე არ არის. სწორედ ამიტომ, ჩატარებულ ტენდერების შესწავლას აპირებს პარლამენტი, ხოლო თუ სერიოზულ დარღვევებთან გვექნება საქმე, საკითხს უკვე სამართალდამცავი ორგანოები მიხედავენ.

ჩვენთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ იმ სქემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის გამოც შესაძლოა ტენდერი ჩაიშალოს, ან ვერ შესრულდეს:

- ხშირად ტენდერს იგებს ის, ვინც ყველაზე დაბალ ფასს ასახელებს. შეიძლება ორ კომპანიას ერთნაირი ტექნიკური პირობები ჰქონდეს, მაგრამ ერთმა გაიმარჯვოს, თუმცა, მერე სატენდერო პირობები აღარ შეასრულოს. შეიძლება ტენდერი რომელიღაც სუბიექტის წყალობით ჩაიშალოს და შემდეგ ჩატარდეს, რის გამოც ვერ გაიმარჯვოს კომპანიამ, რომელსაც მოგების რეალური შანსი ჰქონდა. შესაძლოა, ტენდერის შესახებ ინფორმაცია დროულად არ გამოქვეყნდეს და ყველა მსურველმა ვერ მიიღოს მონაწილეობა... მსგავსი სქემები უამრავია. ასეთი დარღვევები ყოველთვის, ყველა ქვეყანაში იქნება, მაგრამ მთავარია, გამოუძიებელი არ დარჩეს, მათ გამოძიებაზე კი, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იზრუნონ. ამ საკითზე პარლამენტი უკვე მუშაობს. როდესაც საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება, ყველა დავინახავთ, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი ამ სფეროში.

საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ხუხაშვილმა bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტენდერებთან დაკავშირებით ქვეყანაში მართლაც ბევრი პრობლემა შეინიშნება.

გია ხუხაშვილი: "სერიოზული პრობლემები იკვეთება სატენდერო პირობების ფორმირების ეტაპზეც და უკვე შემდგომ, სხვადასხვა ტენდერის რეალიზაციის დროსაც. მე ვფიქრობ, რომ ეს სისტემურად დასალაგებელი თემაა, რაც სახელმწიფომ ვერა და ვერ მოახერხა - ვერ შეძლო, რომ ერთიანი, გამართული სისტემა აამუშაოს. ეს არ ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. იგივე პრობლემები გვაქვს სხვადასხვა სამინისტროში ჩაშლილი ტენდერების გამოც. ესეც სერიოზული პრობლემაა. იმავე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელსაც ერთ-ერთ წამატებულ უწყებად მიიჩნევენ, ფულის სრულად ათვისება ვერ ხერხდებოდა დავით ნარმანიას მინისტრობის დროსაც იმიტომ, რომ ტენდერები ხშირად იშლებოდა. ამის გამო სახელმწიფო ძალიან დიდ ზარალს ნახულობდა და ნახულობს, რადგან ახალი ტენდერის გამართვამდე დიდი დრო იკარგება და საბიუჯეტო სახსრების ათვისების პრობლემა ჩნდება. სულ არ არის აუცილებელი ჩინოვნიკი რაიმეს აშავებდეს, შეიძლება პრობლემა შეიქმნას მისი არაკვალიფიციურობის, ზედმეტი სიფრთხილისა და უუნარობის გამოც, რითაც შემდეგ ძალიან კარგად სარგებლობენ მეწარმე სუბიექტები.

ხშირ შემთხვევაში ტენდერების ხელოვნურად ჩაშლის ფაქტებსაც ვხვდებით: როდესაც ვიღაც გრძნობს, რომ ტენდერის მოგება არ შეუძლია, ამ დროს მთელი პროცესის საბოტირების გზას მიმართავს. ასე რომ, პრობლემა მრავალწახნაგოვანია, აქ ერთი რომელიმე მიზეზის, თუნდაც კორუფციის დანახვა არ არის აუცილებელი. ამიტომ ხელისუფლებას მეტი დაფიქრება სჭირდება იმისათვის, რომ ერთიანი, ჯანსაღი სქემა შეიმუშაოს და ქვეყანაში ამგვარ მოვლენებს ადგილი არ ჰქონდეს. არაკვალიფიციურობა, ბუნდოვანი პირობები, სატენდერო ვადების ხელოვნურად შემცირება და ვიღაცის უკეთეს მდგომარეობაში ჩაყენება - მიზეზი საკმარისზე მეტია. ტენდერების ჩაშლის, ან შეუსრულებლობის კონკრეტულად ერთი მიზეზი რომ დაგისახელოთ, ეს შეუძლებელია. ამავე დროს, ძალიან ბევრი შემთხვევა ერთმანეთს არა ჰგავს, არის ძალიან ბევრი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც ზოგადი ფორმულის სახით შეუძლებელია. სქემებიც განსხვავებულია - წინასწარ განზრახვით ჩადენილი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, არაკომპეტენტრობითა და არაპროფესიონალიზმით გამოწვეული პრობლემები და ა.შ... სამწუხაროდ, "ნაციონალების" დროს არსებული ტენდენციები ნაწილობრივ გაგრძელდა, მაგრამ ახლა სუბიექტური ფაქტორი უფრო გაძლიერდა იმიტომ, რომ ადრე ტენდერის საბოტირებას ვერავინ გაბედავდა, მაშინ ეს დასჯადი ქმედება იყო, ახლა კი, დაუსჯელობის სინდრომიც მოქმედებს. სწორედ ამ მიზეზებმა გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯეროვნად ვერ ავითვისეთ".

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია