32 წლის მარინე ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ათი დღის წინ ის მეუღლემ სასტიკად ცემა. 8 თვის ორსულს ხელი აქვს მოტეხილი. მოძალადე დააპატიმრეს. მსხვერპლი თავის 13 წლის გოგონასთან ერთად რამდენიმე დღით ახლობელმა შეიფარა. მარინე ამბობს, რომ მეპატრონემ მას სახლის დატოვება უკვე მოსთხოვა. მსხვერპლს და ბავშვს სხვა თავშესაფარი არ აქვთ. იმის მიუხედავად, რომ 10 დღის წინ ოჯახური ძალადობის ფაქტი ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა, ამ დრომდე მარინე ვერცერთი სახელმწიფო პროგრამით ვერ სარგებლობს.
"სასმელს რომ სვამდა, უაზროდ ხან რაზე მომიდებდა შარს, ხან რაზე. მეზობელთან ვიყავით სტუმრად. პატარა სკამი იყო ხის, აიღო და ჩამარტყა თავში. 3-4-ჯერ რომ ჩამარტყა, ხელი ავიფარე თავზე და ხელი მომტყდა. მერე ფეხზე რაც ეცვა, ის გაიხადა და ის ჩამარტყა თავში. მუცელი რომ ამტკივდა და ცუდად გავხდი, მერე შეჩერდა, თვითონვე დარეკა სასწრაფოში და გადამიყვანეს საავადმყოფოში. რომ მცემდა მეზობლებიც ხედავდნენ, მაგრამ ხელი არ შეუშლიათ. არც უკითხავთ რატომ ცემო, არც გაუშველებიათ. ბავშვებსაც ამწარებდა ხოლმე. წლების განმავლობაში პოლიციას იმიტომ არ ვაცნობე, რომ ოჯახის დანგრევა არ მინდოდა, თან წასასვლელი არ მქონდა და ამიტომ ვიკავებდი თავს. არც ვიცოდი სად, ვისთვის უნდა მიმემართა", – ამბობს მარინე.
4 ნოემბერს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოინახულა. გამგეობის ვებგვერდი იუწყება, რომ დაშავებული ქალბატონი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და ნაყოფის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება. გამგეობის ინფორმაციითვე, გამგებელი დაზარალებულ ქალბატონს დაპირდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება ბინის ქირისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთან გამგებლის შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა, მსხვერპლის ვინაობის მითითებით გამგეობამ "ფეისბუქში" გაავრცელა.