პროექტი "ნიჭიერის" მეორე გადაცემა წინანდელთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი და ემოციური გამოდგა. "ნიჭიერის" შემქმნელებმა, ჟიურის წევრებმა და მონაწილეებმა გადაცემას ერთ-ერთ კლუბში ტრადიციისამებრ, გუშინ ისევ ერთად უყურეს.
პროექტის წლევანდელ სეზონზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კონკურსანტებმაც მიიღეს მონაწილეობა და დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. გადაცემის დასასრულს შესრულებულმა ირაკლი-მეფე ჩარკვიანის "საქართველომ" გულგრილი არავინ დატოვა და ბევრმა იტირა კიდეც.
"საქართველო" ფილარმონიის სცენაზე სმენადაქვეითებულმა ნინო დევიძემ და კოკა მუმლაძე ჟესტების ენაზე შეასრულეს. მათ მიერ შესრულებულ "საქართველოს" ცრემლების გარეშე ვერც პროექტის შემქმნელებმა უყურეს.
როგორც Ambebi.ge-ს ქეთათო ჩარკვიანმა განუცხადა, მუსიკალური ნომერი მან სოციალურ ქსელში ნახა.
"სოციალურ ქსელში ვნახე ეს ნომერი, საკმაოდ საინტერესო ნომერი იყო, ჟესტიკულაციის ენით ამ სიმღერის გადმოცემა საინტერესო და ემოციური იყო. ეს კომპოზიცია აქტუალურობას არასდროს დაკარგავს. ეს ძალიან საინტერესო პერფორმანსი იყო",-განაცხადა ირაკლი ჩარკვიანის მეუღლემ.
როგორც აღმოჩნდა, ცრემლების გარეშე ვერ უყურა პერფორმანსს ირაკლის ჩარკვიანის მამამ გელა ჩარკვიანმაც.
- ახლა ვნახე ეს ნომერი და გაოგნებული ვარ. ცრემლები წამომივიდა. ეს ბრწყინვალე და ემოციურად ძლიერი სიმღერაა, მასში არის პატრიოტული მოტივი... "ჩვენ მოვიგებთ ომს",- ამ ფრაზაში იგულისხმება ნამდვილი, საქართველოს დიდი ომი.
საქართველო გაიმარჯვებს თავისთავად ყოველთვის. რეპი, ლექსი, რომლითაც იწყება ეს სიმღერა, მისი გადმოცემა ნიშნების ენაზე ასეთი ძლიერი თუ გამოვიდოდა, ვერ წარმომედგინა. მადლობა პროექტის შემქმნელებს, ძლიერად წარმოაჩინეს ყველაფერი, ყველა დეტალი. დიდი ემოცია ჰქონდა დარბაზს, ჟიურის, ეს იყო სასწაულებრივი ნომერი. სანამ თქვენ დამირეკავდით, თურმე ბევრი ადამიანი მირეკავდა და მითხრეს, რომ გაოგნებულია ხალხი. მითხრეს, ვიტირეთ, როცა ამას ვუყურეთო.
- უგულშემატკივრებთ ნინო და კოკას?
- სიამოვნებით ვუგულშემატკივრებ, როცა დაიწყება. ირაკლი ბევრს უყვარს, ფანები ჰყავს, ყველაფერთან ერთად მე ირაკლის მამა ვარ და ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი ემოცია რა იყო, როცა ამას ვუყურე? ამ ადამიანებმა შეზღუდული შესაძლებლობებით ისე გადმოსცეს ყველაფერი, ისეთ ემოციებს მიაღწიეს, რასაც ვერ აღწევენ ადამიანები, ვისაც ხმაც აქვს და ლაპარაკიც შეუძლიათ. მივადევნებ თვალს, რას გააკეთებს ეს დუეტი და რა საკვირველია, მხარს დავუჭერ.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE