პატარა ლობისტების - ქეთა ორბელაძისა და გიორგი ბარბაქაძის დახმარებით, სალომე ტეტიაშვილმა ტელეპროექტში - "ბრავო" ლევან მასპინძელაშვილის დამარცხება მოახერხა.
დაახლოებით თვე-ნახევარში ფინალი გაიმართება. ამჟამად სალომეს ყელთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მკურნალობს. შესაბამისად, ბენდთან - "ფანკ ჰაუსი" - ერთად ჯერჯერობით, აღარ მღერის. ამბობს: მირჩევნია, ყელის პრობლემა ახლავე მოვაგვარო და საქმე იქამდე არ მივიყვანო, რომ სიმღერა საერთოდ ვეღარ შევძლოო... "ბრავოში" ლევანთან შეჯიბრებამდე, სალომემ ისრაელში ვიზიტიც მოასწრო...
- ისრაელში ყოველ წელიწადს იმართება ქართველი ემიგრანტებისადმი მიძღვნილი კონცერტი. საქართველოდან რამდენიმე მომღერალს იწვევენ. კონცერტში მონაწილეობა მეც შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, წუთითაც არ დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი - ადამიანს ასეთი შანსი ხშირად არ ეძლევა. ისრაელში გავემგზავრეთ. კონცერტში იქაური მომღერლებიც მონაწილეობდნენ. ყველაზე დიდი ბედნიერება ის იყო, რომ იერუსალიმი, წმინდა მიწა ვნახე... კონცერტი კარგი გამოვიდა. 7 ათასი კაცი გვესწრებოდა. საკმაოდ დიდი სცენა იყო. ორგანიზატორიც და მაყურებლებიც კმაყოფილი დარჩნენ. საქართველოში დადებითი ენერგიით დამუხტული დავბრუნდი.
- გაიხსენე შენი პირველი მოგზაურობა საქართველოს ფარგლებს გარეთ...
- გერმანიაში გაცვლითი პროგრამით ვიყავი: მეშვიდე კლასში სკოლაში გამოცდა ჩავაბარე და გერმანელ პედაგოგთან სასწავლებლად მოვხვდი. მეათე კლასამდე მასწავლიდა. შემდეგ გერმანიიდან სტუმრები ჩამოგვივიდნენ და დაახლოებით 1 კვირა საქართველოში გაატარეს, რამდენიმე თვეში კი 7 ბავშვი გერმანიაში, ფრანკფურტში გავემგზავრეთ. 16 წლის ვიყავი და საკმაოდ რთული კონკურსის გავლა მომიხდა, ამ ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავი. გერმანიაში სკოლაში დავდიოდით, ექსკურსიებს ვაწყობდით, რამდენიმე ქალაქიც დავათვალიერეთ... ჩვენი მიზანი საკუთარი ქვეყნის, სკოლის წარმოჩენა გახლდათ. რამდენიმე ადგილას პატარა, "შინაურული" კონცერტიც გავმართეთ, სადაც ქართული სიმღერები, ცეკვები შევასრულეთ...