საგარეჯოს სოფელ კაზლარში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 21 წლის ულფუკარ გულიევი შეყვარებული გოგონას ოჯახის წევრებმა საშინელი წამებით მოკლეს. ბიჭი რამდენიმე საათი სკამზე თოკით ჰყავდათ მიბმული, ხელკეტებით თავი გაუხეთქეს და წამებით ამოხადეს სული.
ასტანა გულიევი, გარდაცვლილის ბიძა:
- ასეთი გაუგონარი რამ არასოდეს მომხდარა ჩვენს სოფელში. ულფუკარს და იმ გოგოს დიდი ხანია, ერთმანეთი უყვართ. ჩემი ძმისშვილი გოგოს სახლში შარშან იყო მისული დასანიშნად, მაგრამ მამამისმა უარი უთხრა, - ჯერ პატარა არისო. ჩვენთან ასე ხდება, 14 წლის გოგოები ინიშნებიან და თხოვდებიან. გოგოს გათხოვებას მამა წყვეტს. ნათესავებსაც ვატანთ გოგოს. ასე ინიშნებიან, მაგრამ თუ გოგოს შეყვარებული ჰყავს, მაშინ ის ცდილობს, სახლიდან გაიპაროს და ვინც უყვარს, იმას გაჰყვეს ცოლად. თუ მოახერხა და გაიპარა, პოლიციასთან ერთად რომ მივლენ მასთან მშობლები, გოგო ამბობს, - მიყვარსო და ვერაფერს ეტყვიან, მორჩა. ამის გამო არაფერი ხდება.
დიდი ხანია, ამ ბავშვებსაც ერთმანეთი უყვართ. გოგო 15 წლისაა, მას უთქვამს ულფუკარისთვის, - მოდი და წამიყვანე, თორემ სხვაზე მათხოვენებო. იმ საღამოს მიუღია გოგოსგან მესიჯი. სახლიდან ულფუკარი ღამის პირველ საათზე გასულა, მასთან ერთად ორი მეგობარი ბიჭიც იყო მანქანაში. გოგოს მოსატაცებლად ულფუკარის ძმის მანქანით იყვნენ. გოგო თავისი ფეხით გამოსულა სახლიდან და მანქანაში ჩამჯდარა, მაგრამ უცებ მანქანა ვერ დაუქოქავთ.
ამ დროს გამოვარდნილა სახლიდან გოგოს მამა, თავში ცულის ტარი ჩაურტყამს ბიჭისთვის. მისმა მეგობრებმა გაქცევა მოასწრეს, იმათ შერჩათ ჩემი ძმისშვილი. თავში ჩარტყმის შემდეგ შეუთრევიათ ბიჭი ეზოში, იქ სკამზე თოკით მიუბამთ, ხელ-ფეხი შეუკრავთ და სასტიკად უცემიათ ქარიმოვსა და მის ბიჭებს. თურმე, მისი ცოლიც ყვიროდა, - მოკალით, მოკალითო! მასაც ხელში ჯოხი ეჭირა, წამებით არის ბიჭი მოკლული. რომ გენახათ გარდაცვლილი, გული მოგიკვდებოდათ. ყველა ტიროდა. ასეთი სისასტიკე რატომ? თავი გაჩეჩქვილი ჰქონდა. არმატურით, ცულის ტარითა და ჯოხებით გაუხეთქეს ბიჭს თავი.