''ჩვენ, ადამიანები, არაფერსა და ყველაფერს შორის ვდგავართ. მარჯვნივ ყველაფერია, მარცხნივ - არაფერი. ჯერჯერობით, სანამ ცოცხალი ვარ, შუაში ვდგავარ, მერე არ ვიცი, რა იქნება'', - გვითხრა ''X ფაქტორის'' გამარჯვებულმა თორნიკე ყიფიანმა , რომელსაც ორი ტატუ აქვს: მარჯვენა ხელის მაჯაზე ''ყველაფერი'' უწერია, მარცხენაზე - ''არაფერი''. თორნიკემ პროექტში გაიმარჯვა, მაგრამ მიღწეულით არ კმაყოფილდება და უამრავი გეგმა აქვს.
- თორნიკე, ამბობენ, მუსიკალურ პროექტებში გამარჯვების შემდეგ პირველადგილოსნებს ივიწყებენო. შენს შემთხვევაში როგორ მოხდა?
- სამწუხაროდ, საქართველოში შოუბიზნესი განვითარებული არ არის, მაგრამ პირადად მე გამარჯვების შემდეგ შესაძლებლობა მაქვს, მუსიკა თავისუფლად და ხარისხიანად გავაკეთო. მონაწილეობა მივიღე რამდენიმე კონცერტში. მიმიწვიეს ბორჯომობაზე და თიანეთობაზე. თვის ბოლოს ალბომზე მუშაობას დავიწყებთ.
- ეს ყველაფერი ისაა, რაც გინდოდა?
- მგონია, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, თავის თავს უნდა მოსთხოვოს უფრო მეტის გაკეთება. თუ უკან არ დაიხევს და მოინდომებს, ყველაფერი გამოვა. ვფიქრობ, უფრო მეტსაც მივაღწევ. არ ვაპირებ გაჩერებას. ჩემი ბენდიც გვერდში მიდგას. ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც მინდა იყოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება, ორ და სამ თვეში არ მოხდეს.
- ერთ-ერთი მუსიკალური კონკურსის ფინალისტიც იყავი, მაგრამ იქ ჩამოყალიბებულმა ბენდმა არსებობა არ განაგრძო.
- კარგი პროექტი იყო, მაგრამ პოპულარული ვერ გახდა. იმ პერიოდში ''მაესტრო'' არ იყო სატელიტური არხი, მხოლოდ რამდენიმე ქალაქში იყო შესაძლებელი ჩვენი ყურება. ამის გამო დიდი დაინტერესება არ მოჰყვა იმ ადამიანებისგან, რომელთაც ასეთი პროექტის მერე მუსიკოსს ხელი უნდა მოჰკიდონ. მარტო მუსიკოსი კი ვერაფერს გახდება. ჩვენი ბენდი ძალიან წვალობდა. კონცერტებსაც ჩვენით ვგეგმავდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მარტო ვე-რაფერს გახდები.
- რომ გქონდეს შესაძლებლობა, კიდევ მიიღებდი მსგავს პროექტში მონაწილეობას?
- სიმართლე გითხრათ, ჩემი ინიციატივით არც ერთ მუსიკალურ კონკურსზე არ მივსულვარ. ორივე პროექტში ჩემი მეუღლის თხოვნით მივედი. ვფიქრობ, მუსიკალურ პროექტში მონაწილეობას აღარ მივიღებ. ყველგან მე ხომ არ ვიქნები (იცინის).
- როგორ ფიქრობ, ამ პროექტით თქვი შენი სათქმელი?
- მონაწილეები, ძირითადად, ქავერებს ვმღეროდით. ახლა საჭიროა, რომ ბენდთან ერთად შევქმნა ისეთი სიმღერები, რომლებითაც ჩემს სათქმელს ბოლომდე და ისე ვიტყვი, როგორც მინდა. მსურს, ჩემი ნამღერი მსმენელამდე კარგად მივიტანო და დიდი იმედი მაქვს, რომ გამომივა.
- ამბობენ, პროექტებში კონკურენციის გამო მეგობრის შეძენა ძნელია...
- პირადად მე ორივე პროექტში დავუმეგობრდი კონკურსანტებს. სიმართლე გითხრა, ძმაკაცები ვერ გავხდით, მაგრამ ბევრთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თიანეთობაზეც ერთად ვიყავით მე, სალომე ტეტიაშვილი და მებო ნუცუბიძე.
- მებო პროექტიდან განაწყენებული წავიდა. ზოგი მას გამარჯვებასაც უწინასწარმეტყველებდა. ახლა გული ხომ არ სწყდება?
- მსგავსი არაფერი უთქვამს, მისი გადაწყვეტილება იყო. ალბათ, გააზრებული ჰქონდა, რასაც აკეთებდა.
იხილეთ ვრცლად