მაია ფანჯიკიძე - კლიმატის სამიტზე მიწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი

მაია ფანჯიკიძე - კლიმატის სამიტზე მიწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი

საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა კლიმატის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი. ამის შესახებ ფანჯიკიძემ "რუსთავი 2"-ის მიერ განსაჯაროვებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მიმოწერის თემის კომენტირებისას განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიმოწერა, როგორც ჩანს, განსაჯაროებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, რაც სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ნაბიჯია.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ახლა მე ვიმყოფები აბუ-დაბიში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში და ნამდვილად არ მეგონა, თუ აქედანაც დამჭირდება ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. საერთოდ ვფიქრობდი, რომ აღარ იყო ამ თემაზე კომენტარის გაკეთება საჭირო, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს, მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა "რუსთავი 2"-ით, მე თავს ვალდებულად ვთვლი, განმარტება გავაკეთო და ვთქვა ისეთი რამ, რაც არ მითქვამს აქამდე არც ერთი კითხვის პასუხად. როდესაც "რუსთავი 2" აქვეყნებს ორი უწყების მიმოწერას და ეს ხდება ისე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ ეს მიმოწერა გადაცემულია "რუსთავი 2"-თვის, პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ არის არაკოლეგიალობის უდიდესი გამოხატულება და სახელმწიფოს დამაზიანებელი მოქმედება. როგორ შეიძლება, ორ უწყებას შორის მიმოწერა იყოს გასაჯაროებული ისე, რომ მეორე მხარემ ეს არ იცოდეს. თანაც, საიდან უვარდება ხელში, ეს მიწერ-მოწერა "რუსთავი 2"-ს, თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან? თანაც, რატომ არ აქვეყნებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხებს მათ მიერ მოწერილ პასუხებზე, სადაც არგუმენტირებულია, რატომ არ მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ვიზიტზე. რაც შეეხება მოწვევას და იმ ბრალდებას, თითქოს თებერვალში მიღებული მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ივნისში გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მხოლოდ კლიმატის სამიტზე, საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე. ესეც აჩვენებს იმას, რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ გაუგზავნა ინფორმაცია გაეროს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა უკვე იყო გიორგი მარგველაშვილი, ამას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდა და 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას გადაეგზავნა 5 ივნისს, ანუ სულ რამდენიმე დღეში. ამ პერიოდში იყო შაბათ-კვირა და ამ მოწვევის გადაგზავნა არ შეფერხებულა. პარალელურ რეჟიმში საქართველომ მიიღო მოწვევა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დელეგაციას უხელმძღვანელებდა პრემიერ-მინისტრი. როდესაც ჩვენ გადავუგზავნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კლიმატის სამიტზე ფორმალური მიწვევა, იქვე შევატყობინეთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე დელეგაცია მიემგზავრებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, იგი უნდა დასწრებოდა ყველა გვერდით მოვლენას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან, ის სთხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და იმ თანამშრომლებს, რომლებიც საგარეო თემატიკაზე მუშაობენ, "ნუ ეწევიან დეზინფორმაციას და თუკი ამბობენ ერთს, თქვან მეორეც და საზოგადოება ნუ შეჰყავთ შეცდომაში და რაც მთავარია, ნუ აზიანებენ სახელმწიფოს ინტერესებს". "რაც შეეხება ვიზიტის ჩაშლას, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უმუშავია ამ ვიზიტზე. ყველა წერილზე, რომელიც ადმინისტრაციამ ვიზიტის და შეხვედრების დაგეგმვის თხოვნით მოიწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მათ ეგზავნებოდათ პასუხი, რატომ არ იყო მიზანშეწონილი ამ ვიზიტის განხორციელება და შესაბამისად, შეხვედრების დაგეგმვა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ ჩაშლიდა იმას, რაზეც არ უმუშავია. თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დოკუმენტების გასაჯაროების გზით უნდა, ნათელი მოჰფინოს იმას, რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ორ უწყებას შორის, მაშინ ძალიან ვთხოვ მათ, ვისაც ეს ეხება, გამოაქვეყნონ ის რეალური მიზეზი, რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი აშშ-ში. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 2013 წლის 17 ნოემბერს გაიმართა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გაეროს გენერალურმა მდივანმა მოწვევა თებერვალში გამოაგზავნა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ივნისში აცნობა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა