ახალი სასწავლო წელი ახლოვდება, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ქართველ ბავშვებს სკოლაში ბევრი სიახლე ელოდება: ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებებია, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ სასწავლო წლის ხანგრძლივობა 35 კვირამდე იზრდება, ხოლო მეორე უცხო ენის სწავლებას წელს უკვე V კლასიდან დაიწყებენ. ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება "საქართველოს განათლების ლიგის" თავმჯდომარეს, მანანა ნიკოლაიშვილს ვთხოვეთ:
- ქალბატონო მანანა, სასწავლო წლის ხანგრძლივობა 35 კვირამდე გაიზარდა და ეს მოხდა ზამთრის არდადეგების ხარჯზე. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ეს გადაწყვეტილება?
- ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვარს შეწყდება, მაგრამ ეს არაფერს მოგვიტანს. მართალია, სასწავლო წლის ხანგრძლივობის გაზრდა ორი კვირით ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ზამთრის არდადეგების ხარჯზე. სააკაშვილის მმართველობის დროს შემცირდა სწავლის ხანგრძლივობა და მაშინაც ვამბობდი, რომ ამით განათლების ხარისხიც შემცირდებოდა, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეს. ახალმა მთავრობამ კი ზამთრის არდადეგების ხარჯზე გაზარდა სწავლის დრო, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაეფექტიანი ნაბიჯია. ეს კარგად გამოჩნდა მრავალი წლის განმავლობაში: შობა-ახალი წლის დღეებში გაკვეთილებზე დასწრების დონე ყოველთვის დაბალი იყო და ახლაც ასე იქნება. ამიტომ, უმჯობესია, სწავლა 1-ელ სექტემბერს დაიწყოს და სასწავლო წლის ხანგრძლივობაც ასე გაიზარდოს. ჩემი აზრით, სწავლის დაწყების ყველაზე კარგი თარიღი სწორედ პირველი სექტემბერია. სხვათა შორის, საქართველო გეოგრაფიულად ისეთ სარტყელშია, რომ სწავლა ივნისში არ უნდა იყოს. ტრადიციულად, საქართველოში მაისის ბოლოს წყდებოდა სწავლა და ახლაც ასე აჯობებს. ყველა სფერო რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება, პედაგოგიკა კი ამბობს, რომ ყველაზე ოპტიმალური ვადა სწავლის დასაწყებად 1-ლი სექტემბერია. ბევრს ჰგონია, რომ 1-ლი სექტემბერი კომუნისტების მიერ შემოღებული თარიღია, მაგრამ მას კომუნისტებთან საერთო არაფერი აქვს. ეს თარიღი პედაგოგიკის ერთ-ერთმა კლასიკოსმა და ფუძემდებელმა - იან ამოს კომენსკიმ დაადგინა.
- თქვენ ამტკიცებთ, სასწავლო წელი ძველებურად, მეოთხედებად უნდა დაიყოსო...
- სხვათა შორის, ესეც პედაგოგიკის კლასიკოსებმა დაადგინეს: ბავშვი სტუდენტი ხომ არ არის? ხომ უნდა დაისვენოს? თუ სასწავლო წელს მეოთხედებად არ დაყოფ და ბავშვს არ დაასვენებ, ისიც იღლება და მასწავლებელიც, ძალების აღდგენა ხომ სჭირდებათ? თუ არ დაისვენებს, მოზარდს ნერვული სისტემა დაუზიანდება. სწავლა გართობა ხომ არ არის? სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი - ეს ურთულესი პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, ამიტომ ბავშვსაც სჭირდება განტვირთვა და დასვენება. ამიტომაც არის დადგენილი პედაგოგების კლასიკოსებისა და მკვლევრების მიერ, რომ ყოველი 1,5-2 თვის შემდეგ უნდა შეწყდეს სასწავლო პროცესი და ბავშვმა სწავლა ამის მერე უნდა გააგრძელოს. შეიძლება ეს დასვენება იყო, 4-5-დღიანი ან ერთკვირიანი. ამის ორგანიზებას კომუნისტური სისტემა სულაც არ სჭირდება - ეს ხარისხიანი სწავლების აუცილებელი პირობაა. ასე რომ, სემესტრული დაყოფაა პირველ რიგში საკამათო და არა ის, სასწავლო წლის ვადა უნდა გაზრდილიყო თუ - არა. უფრო მეტიც - სასურველია, სასწავლო კვირების რაოდენობა 38-მდეც გაიზარდოს, მაგრამ არა - ზამთრის არდადეგების შემცირების ხარჯზე. სწავლა უნდა დაიწყოს 1-ელ სექტემბერს, მეოთხედები უნდა აღდგეს და სასწავლო წელი შეწყდეს 20-25 მაისს. ასეთია ყველაზე ოპტიმალური განრიგი, რომელსაც პედაგოგიკის მკვლევრები გვთავაზობენ.
- კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ მეორე უცხო ენის სწავლება ქართულ სკოლებში VII კლასის ნაცვლად წელს ისევ V კლასიდან დაიწყება. თქვენი აზრით, უცხო ენის ამგვარი სწავლება თუ იქნება ეფექტიანი?
- ადრე მეორე უცხო ენის სწავლება V კლასიდან იწყებოდა, ხოლო პირველისა - მესამე კლასიდან. კლასიკური პედაგოგიკა ამბობს, რომ ბავშვი ჯერ უნდა იცნობდეს საკუთარი დედაენის გრამატიკულ სტრუქტურას და მერე შეიძლება ისწავლოს სხვა. სააკაშვილის დროს ერთი უცხო ენა გადაიტანეს I კლასში, ხოლო მეორე უცხო ენა გადატყორცნეს VII კლასში. ანუ ხელოვნურად გააკეთეს ისე, რომ ბავშვს არ აეთვისებინა უცხო ენა. საერთოდ, უცხო ენის სწავლების ყველაზე ეფექტიანი ასაკი III კლასიდან იწყება. როდესაც მეორე უცხო ენის სწავლება VII კლასში გადასწიეს, მე ამის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. ალბათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მეორე უცხო ენა საქართველოში ძირითადად რუსულია. VII კლასიდან სწავლას რომ დააწყებინებ, ვერ ასწავლი ბავშვს იმ უცხო ენას. 7 წელი ენების სწავლებას შორის სხვაობა რატომ უნდა იყოს? ეს არის მავნე პრაქტიკა: მე ვამბობ, რომ ბავშვს პირველ კლასში არც ერთი უცხო ენა არ უნდა დააწყებინო, მან ჯერ მშობლიური ენა უნდა ისწავლოს, ელემენტარული გრამატიკული ნორმები უნდა იცოდეს, რადგან უცხო ენის შესწავლა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ხდება. პედაგოგი საფუძვლად იყენებს მშობლიურ ენას და მერე იმასთან შედარებით ასწავლის უცხო ენას. არა აქვს მნიშვნელობა, რუსული იქნება ეს, ინგლისური, გერმანული, ფრანგული თუ სხვა. ესეც არ არის ჩემი გამოგონება, ესეც მსოფლიო კლასიკოსების მოსაზრებაა. წინა საუკუნეებშიც ბევრს კამათობდნენ, თუ როდის უნდა დაეწყო ბავშვს უცხო ენის სწავლა და დაადგინეს, რომ ყველაზე ეფექტიანი იყო 9 წლის ასაკი. ამავე დროს, დადგინდა, რომ ბავშვი სკოლაში უნდა შევიდეს 7 წლისა, ამაზე ადრე სწავლის დაწყება უარყოფითად მოქმედებს მოზარდის ჯანმრთელობაზე. თუ გინდა ბავშვს უცხო ენა ეფექტიანად ასწავლო, პირველი კლასიდან ვერ ასწავლი: ეს არის წყლის ნაყვა, ფინანსების ტყუილად ხარჯვა და მოზარდის გონების არევა. ამ დროს ბავშვი უცხო ენასაც ვერ სწავლობს და მშობლიური ენის სწავლაშიც ეშლება ხელი.
- თუნდაც არ დაიწყოს უცხო ენის სწავლება სკოლაში, ბევრი მშობელი მაინც ამზადებს შვილს პირველი კლასიდან.
- მშობლები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ: ისინი ხშირად არ ეკითხებიან გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებმაც კარგად იციან ბავშვის ფსიქოლოგია, მისი გონებრივი შესაძლებლობები. ძალიან ცოტა მშობელი კითხულობს - რა უნდა ასწავლოს ბავშვს და რომელ ასაკში. იმიტომაც მარცხდებიან. ყველაფერი სკოლისა და სახელმწიფოს ბრალი კი არ არის? ძალიან ბევრი რამ ოჯახის ბრალიცაა, რადგან მშობლები ხშირად თვითნებურად მოქმედებენ. ეს იგივეა, რაღაც რომ გტკივა, ექიმთან არ წახვიდე და აფთიაქში თვითნებურად ნაყიდი წამლებით დაიწყო მკურნალობა. ფეხბურთი ყველამ იცის, მაგრამ როცა კარგ მწვრთნელს ეძებენ, მთელ მსოფლიოში მათი სახელები თითზეა ჩამოსათვლელი. მშობელს ხშირად ჰგონია, რომ შვილი მისი საკუთრებაა და ექსპერიმენტებს ატარებს მასზე. რის ნიჭიც აქვს, ვერ აგნებს და რისი ნიჭიც არა აქვს, იმას ასწავლის. ან ათას რამეზე რომ დაატარებენ ამ საცოდავ ბავშვებს, ეს ნორმალურია?
- კიდევ ერთი სიახლე მომავალი სასწავლო წლიდან ის არის, რომ IX კლასელთათვის 500 სკოლაში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი დაინერგება, რაც მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება. რას იტყვით ამ სიახლეზე?
- ბავშვი რომ იბადება, ნიჭიც დაჰყვება და ეს ნიჭი დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ უნდა აღმოაჩინოს სპეციალისტმა, პედაგოგმა. ეს არ არის ერთდღიანი საქმე. ყველა რატომ ვერ ხდება დიდი მხატვარი, მათემატიკოსი, ან ფიზიკოსი? - იმიტომ, რომ შესაბამისი ნიჭი არა აქვს. პროფესიის განმსაზღვრელი ოჯახი კი არა, სკოლაა, მაგრამ ეს ერთ წელიწადში ვერ განისაზღვრება. მარტო IX კლასში რატომ ნიშნავენ ამ კურსს? ამასთან, მზამზარეული კურსის წაკითხვით არ ხდება პროფესიის არჩევა, ეს ხდება მრავალწლიანი, მრავალჯერადი დაკვირვების შედეგად, თანაც, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ოჯახიც და სკოლაც, ოღონდ ისეთი სკოლა, სადაც არის პედაგოგიურ-მეთოდოლოგიური და ფსიქოლოგიური ლაბორატორიები - ისეთი, როგორიც ყველა ევროპულ სკოლაშია. ბავშვებს აკვირდებიან ფსიქოლოგები, ურთიერთობენ მათთან, 12 წლის განმავლობაში ფსიქოლოგთა ბრიგადა ემსახურება და ეხმარება არა მარტო ბავშვებს, არამედ - პედაგოგებსაც. ჩვენს სკოლებში კი, მარტო ფსიქოლოგი გვყავდა და ისიც გამოაგდეს გარეთ, ლოგოპედი ყველა სკოლაში არ იყო, მაგრამ სადაც იყო, იქიდანაც გამოტყორცნეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ამ ახალ ხელისუფლებას პირველ რიგში ექიმები, ექთანები და ფსიქოლოგები უნდა დაებრუნებინა სკოლაში, მაგრამ ეს არ გააკეთა. როგორც წესი, კარგი მასწავლებელი აკვირდება და ხვდება, რომ ამა თუ იმ ბავშვს ამა თუ იმ საგნის ნიჭი აქვს და ეს გრძელდება წლების განმავლობაში. პროფესიის არჩევა მხოლოდ ერთ წელიწადში, ნაუცბადევად და ხელოვნურად არ უნდა ხდებოდეს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში დიდი როლი ეკისრება თვითონ ბავშვსაც, მშობელმა შვილს არჩევანის უფლება არ უნდა შეუზღუდოს.
ხათუნა ჩიგოგიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)