ავტორი:

"მანჰეტენზე ბინა მომცეს" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული ცხოვრება

"მანჰეტენზე ბინა მომცეს" - ხათუნა იოსელიანის ამერიკული ცხოვრება

მსახიობი ხათუნა იოსელიანი უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს. ის საქართველოდან ცხადია, მატერიალური პირობების გასაუმჯობესებლად გაემგზავრა. საზღვარგარეთ მისი აქტიური შემოქმედებითი მუშაობა დააფასეს და მანჰეტენზე ბინა მისცეს. მისთვის სასიხარულო ეს ახალი ამბავი ქალბატონმა ხათუნამ საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა: "ბინა მივიღე მანჰეტენზე. სიხარულისაგან არ ვიცოდი, რა მექნა. დავიწყე ჩალაგება, მზადება გადასასვლელად და უცებ აღმოვაჩინე ჩემი ქართული ატრიბუტები. მე ქართველი ვარ და ამით ვამაყობ, მე დავბრუნდები!.." ქალბატონ ხათუნას სოციალური ქსელის საშუალებით დავუკავშირდით.

- გილოცავთ ბინის მიღებას...

- დიდი მადლობა. ამერიკა დიდებული ქვეყანაა. აქ ყველაფერი ისეა აწყობილი, რომ თუ ადამიანი მიზანს დაისახავს და ბევრს იშრომებს, წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს. მერწმუნეთ, ეს ქვეყანა გაძლევს საშუალებას, დაფასებული იყო. ამერიკაში წლების წინ ჩამოვედი.

შევავსე აპლიკაცია და 3 წელიწადში ბინა მივიღე მანჰეტენზე, იუნიონ სკვერთან. ეს ამბავი ბევრს გაუხარდა, უამრავი ადამიანი მილოცავს ახალმოსახლეობას, მაგრამ მათ შორის მაინც გამოერია ისეთი, ვინც მომწერა: "რა ბინა მიიღე, აღმასკომმა მოგცა ჟაქტის ბინა თუ?" მისთვის არაფერი მიმიწერია, მაგრამ ახლა მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით ვუპასუხო: თბილისში ბინა ჩემი ქალაქის მაშინდელმა მერმა, ბატონმა ვანო ზოდელავამ მომცა მას მერე, რაც პირველი გრან-პრი ავიღე მხატრულ ფილმში - "ცარიელი სივრცე" შესრულებული როლისთვის, რომლის რეჟისორი მიხო ბორაშვილი გახლავთ.

მოგეხსენებათ, მერე საქართველოში მთავრობა შეიცვალა და სპორტსმენებს, ხელოვან ხალხს ბინები წაგვართვეს. მართალია, წართმეული მერე რამდენიმე ადამიანს დაგვიბრუნეს, მაგრამ ეს დიდი ნერვიულობის შემდეგ მოხდა... ეს ბინა, მანჰეტენზე, ჩემი შრომისა და წარმატების გამო მომცეს.

- ალბათ ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ხართ...

- რა თქმა უნდა, გახარებული ვარ! ჩემს სიხარულს ისიც აორმაგებს, რომ ჩემი შვილიშვილი - საშკა კალმახელიძე ჩემთან ჩამოვიდა. ბინა რომ მოგვცეს, მეორე დღესვე გადმოვედით და ახალ სახლს საშკასთან ერთად მოვაწყობ.

- თქვენი შვილიშვილი ამერიკაში რას საქმიანობს?

- სტუდენტია. ისწავლის და მერე აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ ქვეყანას, საქართველოს აღზევების ფერხულში რომ ჩაერთოს... ჩემი შვილობილი - ლევან მეტრეველიც ყველაფერში მეხმარება, ყოველთვის მხარში მიდგას. ასევე, მეხმარებიან ლაშა თაქთაქიშვილი და ჩემი მეგობარი გოჩა. აქ, სამშობლოდან შორს მყოფი ამ ადამიანების სიყვარულსა და თანადგომას რომ არ ვგრძნობდე, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

- თქვენი შვილიშვილი სად სწავლობს? მის პროფესიულ არჩევანში ხომ არ ჩარეულხართ?

- ჩემი საშკა (ალექსანდრე) არჩევანში ყოველთვის თავისუფალი იყო. ის მომავალი დიპლომატია. მერწმუნეთ, ოჯახის წევრებს შეხმატკბილებული ურთიერთობა გვაქვს.

- ქართული დროშა და ფაფახი საქართველოდან წაიღეთ?

- რა თქმა უნდა! ლაშა და საშკა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე მიდიოდნენ და ვფიქრობდი, რომ მათ თავიანთი სამშობლოს დროშა უნდა სჭეროდათ ხელში. გაწამაწიაში ვიყავი, ყუთებში ვალაგებდი ჩემს ნივთებს ახალ ბინაში გადასასვლელად. უცებ, საიდანღაც "თავი ამოყო" ჩემი ქვეყნის დროშამ. ამ ფაქტმა ძალიან ამაღელვა.

მინდა, ერთი რამ აღვნიშნო, რომ აქ მყავს დიდებული კოჰორტა ქალბატონებისა, რომლებსაც ქართული დროშა ხელიდან არ გაუშვიათ. ესენი არიან: ელისო წიკლაური, ელა ვლადიმერაშვილი, ეკა ცინცაძე-დერდერიანისა, ია ნებიერიძე, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დაბადებიდანვე იბრძვის საქართველოს კეთილდღეობისთვის. ჩვენ, ქართველები, აუცილებლად დავბრუნდებით ისეთ საქართველოში, როგორიც ადრე იყო - ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული.

- ქალბატონო ხათუნა, დრო უკან რომ დაბრუნდეს, თქვენს ცხოვრებაში რაიმეს შეცვლიდით?

- ემიგრანტის ცხოვრების დასაწყისი ყოველთვის მძიმეა და არც მე გახლდით გამონაკლისი. მაგრამ არის ჩემში რაღაც ისეთი, რაც ყოველთვის პოზიტიური სვლებისკენ მიბიძგებს. მიმაჩნია, რომ ეს უფლის წყალობაა. ჩემი განვლილი გზა საინტერესოა. "აღმართ, აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა"... აი, ასეთია ჩემი ცხოვრების განვლილი გზა. ადამიანი იბადება ისეთი, როგორიც არის და მას არაფერი და ვერაფერი შეცვლის.

- დაბოლოს, მინდა ასოცირების ხელშეკრულებაზეც გკითხოთ...

- (მაწყვეტინებს) ამ თემაზე და საერთოდ, პოლიტიკაზე ლაპარაკს ვერიდები. ხომ გაგიგონიათ: არ ვიცის დედა იცინოდა და ვიცის დედა ტიროდაო? მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ღმერთმა ქნას, გვეშველოს და საქართველო მალე გაძლიერდეს!

მარეხ ჭონიშვილი, ჟურნალი ”გზა”

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს

"ყველას უხდება ის, რასაც ვურჩევ" - ვინ აცმევს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს