არის თუ არა ციხე ტუბერკულოზის კერა – საქართველოში არსებულ ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებულთა უმეტესობა ყოფილი პატიმარია. დაავადებულები Ambebi.ge-ს თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე და აბასთუმანში მდებარე ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებებიდან დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს, რომლის თანახმად კლინიკებში ძირითადად ციხეებში დაინფიცირებული პატიმრები მკურნალობენ.
რა პრობლემები აქვთ ვირუსით დაავადებულებს და რამდენად შესაძლებელია დღეს საქართველოში დაავადების რთული ფორმის განკურნება?
პაციენტი დავით გ. ამბობს, რომ აბასთუმანში უმძიმესი მდგომარეობაა.
დავითი: ციხე არის ტუბერკულოზის ძირითადი კერა. აქედან დამეწყო მე დაავადება 2007 წელს. 2006 წელს დამიჭირეს და ჯანმრთელი ვიყავი. ამასთუმნის დაწესებულებაში ძირითადად ციხეში დაავადებული ყოფილი პატიმრები ვმკურნალობთ. აქ არის უმძიმესი მდგომარეობა. არის უკიდურესი სიბინძურე. ავადმყოფ პაციენტს ძალიან დიდი ხანი უწევს სიარული, რომ საპირფარეშომდე და აბანომდე მივიდეს. საჭმელი ხომ საერთოდ არ იჭმება, გვერდითა მოვლენების წამლებს საერთოდ არ იძლევიან. ამ წუთში, ჯიბეში მიდევს ფურცელი, პირიდან სისხლი რომ მომდიოდა, დამიწერეს წამალი და მიმითითეს, წადი აფთიაქში, იყიდეო.
ჩვენ დაგვიკავშირდნენ თბილისში, ხუდადოვზე მდებარე კლინიკის პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ თანამედროვე წამლებზე წვდომა არ აქვთ. ამასთან, მათი ინფორმაციით, ქცევის წესების დარღვევის გამო, აღნიშნული კლინიკიდან გადამდები ვისურით, ე.წ. პლიუსიანი პაციენტები გაუშვეს, რაც საზოგადოებაში ვირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის.
ბაჩო: ვირუსულმა ჩხირმა მუტაცია განიცადა და აღარ გვშველის ის წამლები, რასაც გვაძლევენ. მოვითხოვეთ ფრანგული მეთოდი. ჩამოიტანეს ორი წამალი, მაგრამ ჯერ არ გვაძლევენ, რაღაც უნდა ჩამოვიდესო – მესამე წამალი. ამასობაში ხალხი იხოცება აქ. მარტის თვეში მამა-შვილი მოკვდა, მერე 25 და 24 წლის და-ძმა მუზაშვილები დაიღუპნენ. და-ძმები და ნათესავები იხოცებიან, ვირუსის ერთმანეთისთვის გადადების გამო. ნანა ქირიაა ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი, რასაც ქვია დედა გვიტირა. პატიმრებივით ვართ აქ. 5-ის ნახევრიდან 8 საათამდე გვაქვს გასეირნების უფლება და დილით ერთი საათი 8-დან 9-მდე.
მეორე და ყველაზე მნიშვნელობანი რაც არის – აქ ისეთი საშინელებები ხდება, პლიუსიან ადამიანებს წერენ კლინიკიდან. დაინფიცირების წყარო რომ არის ადამიანი, რეჟიმის დარღვევისთვის წერენ. ეს ადამიანები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიაში, ბანკში, ტუბერკულოზის გავრცელების წყაროები არიან. ამას წინათ, ორი ასეთი გაუშვეს რეჟიმის დარღვევისთვის. ბუნტი ავწიეთ და დააბრუნეს.
ცალი თვალით რომ დაგანახათ, რა დღეში ვართ, ხალხი სისხლს აღებინებს და არწყევს. რა ჭკუაზე უნდა დადგე ადამიანი, საკუთარი ფილტვის ნაგლეჯებს რომ დაინახავ ბოდიში და ნახველში?!.
Ambebi.ge ტუბერკულოზით დაავადებულების მიერ დასახელებულ პრობლემებზე საპასუხოდ, ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირა. მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ივლისიდან ტუბერკულოზის მძიმე ფორმის მატარებლები ახალი თაობის წამლებზე გადავლენ. ინფრასტრუქტურა კი აბასთუმანსა და სხვა დაწესებულებებში თანამედროვე სტანდარტებს გაუტოლდება.
მარიამ ჯაში: საქართველოში მოქმედი ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა აბსოლუტურ შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან. ახალი მედიკამენტები 2013 წელს დამტკიცდა შეერთებული შტატების კვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ. ჯერჯერობით, ეს მედიკამენტების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში ჩართული არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, რადგან ახალი მედიკამენტების ეფექტურობა უკვე დადასტურდა, უკვე დაწყებულია შეთანხმებები და უზრუნველყოფილი იქნება ახალი მედიკამენტები ტუბერკულოზის მატარებელი პაციენტებისათვის. მედიკამენტების ერთი ნაწილი ჩამოსულია. ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ ახალი მედიკამენტები, რომელსაც ფრანგული მკურნალობის სტანდარტს უწოდებენ პაციენტები, მხოლოდ ტუბერკულოზის რთული, უშედეგო მკურნალობის შემდეგი ფორმის სამკურნალოდ არის განკუთვნილი. ივლისიდან ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდება ზემდგრადი ფორმების მქონე პაციენტების კონსილიუმზე განხილვა, რომ მკურნალობაში ჩავრთოთ ახალი მედიკამენტები.
- ხუდადოვზე მდებარე კლინიკა ინფრასტრუქტურით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, თუმცა ჩვენ დაგვიკავშირდნენ აბასთუმნის კლინიკიდან, სადაც პაციენტების თქმით, გაუსაძლისი პირობებია. არსებობს გეგმა ამ კლინიკის მოსაწესრიგებლად?
- ჩვენ ახლახან დავასრულეთ მასშტაბური შეფასება ტუბერკულოზის ინფრასტრუქტურის შესახებ, განსაკუთრებულად მძიმე პირობები გვაქვს პედიატრიულ განყოფილებაში და პირველ რიგში საკითხი დადგება პედიატრიულ და რეგიონებში არსებული სამკურნალო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.
- ხუდადოვის ქუჩაზე მდებაზე კლინიკიდან ე.წ. პლიუსიანი პაციენტების კლინიკიდან გაწერის შემთხვევებზეც საუბრობენ…
- მარტის თვეში, პაციენტებს 9-პუნქტიანი მოთხოვნები ჰქონდათ, საიდანაც 7 პუნქტი შესრულებულია. პირადად მოვინახულე პალატებში პაციენტები და არსებული სერვისით კმაყოფილები არიან. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად შეიძლება რჩებოდეთ კონკრეტულ პაციენტებს პრეტენზიები, მაგრამ ეს არ გამოხატავს საერთო პაციენტების დამოკიდებულებას. თუმცა ჩვენ მზად ვართ, ინდივიდუალური პრეტენზიების შემთხვევაშიც დავეხმაროთ პაციენტებს.
პროგრესია ციხეებშიც, - ასე ამბობს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. მან Ambebi.ge-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებული რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ გარდა შესაბამისი საცხოვრებელი პირობებისა, ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმარ პაციენტებს კვებაც და მედიკამენტებიც, განხორციელებული რეფორმების საფუძველზე, მაღალი სტანდარტების შესაბამისი აქვთ.
არჩილ თალაკვაძე: არ შეიძლება იმის თქმა, რომ ტუბერკულოზის წყარო საქართველოში არის სასჯელაღსრულების სისტემა, ამას ვეღარავინ იტყვის, იმიტომ, რომ გვაქვს ძალიან დამაჯერებელი კლების ტენდენცია. ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში სასჯელაღსრულების სისტემა დგას იგივე მოწოდების სიმაღლეზე, როგორც სამოქალაქო სექტორი. როდესაც სისტემა ჩვენ ჩავიბარეთ, ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი ციხეებში 1000-დე იყო, დღეს რაოდენობა არ აღემატება 220 პაციენტს, მოხდა მასშტაბური ამნისტია, რომელმაც 2-ჯერ შეამცირა პატიმართა რაოდენობა, მაგრამ ახალი შემთხვევები ციხეებში 11-ჯერ არის შემცირებული.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 4 ათასი ტუბერკულოზით დაავადებული, თუმცა წინა წლებთან შედარებით დაავადების გავრცელებისა და სიკვდილობის მონაცემებმა იკლო. USAD-ის წარმომადგენელმა Ambebi.ge-ს განუცხადა, რომ მიუხედავად ახალი შემთხვევების კლების ტენდენციისა, გაზრდილია ტუბერკულოზის იმ ფორმების მატება, რომელიც ძნელად იკურნება. ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფიცირებულმა პაციენტებმა მკურნალობა ბოლომდე უნდა მიიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადების გავრცელების საფრთხე იქმნება. თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პენიტენციურ სისტემაში გაუმჯობესდა დაავადების კონტროლის ღონისძიებები. და მაინც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, ტუბერკულოზის გავრცელების საფრთხე დახურულ დაწესებულებებში – ციხეებში ყველაზე მაღალია მთელს მსოფლიოში.
ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge