საქართველომ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ შეესრულებინა საჭირო კრიტერიუმები ნატო-ს წევრობისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვილნიუსში, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს ბადებს სამართლიან შეკითხვას, თუ რას ელოდება საქართველო მიმავალი სამიტისგან.
"მართლაც, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ბოლო პერიოდში, მათ შორის, სამაგალითო არჩევნები, სასამართლო სისტემის რეფორმა, თავდაცვის სისტემის რეფორმა, ასევე საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ჩვენს ოპერაციებში ავღანეთში. საქართველომ ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ შეესრულებინა საჭირო კრიტერიუმები ნატო-ს წევრობისთვის და რა თქმა უნდა, ეს ბადებს სამართლიან შეკითხვას, თუ რას ელოდება საქართველო მომავალი სამიტისგან? მინდა გითხრათ, რომ ამჟამად ოთხი ასპირანტი ქვეყნის შეფასების პროცესში ვიმყოფებით. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრი შეფასების რაპორტებს ივნისის ბოლოს, მათი მიღების შემდგომ, განიხილავს და ვიმედოვნებთ, რომ ამ დროისთვის ჩვენ მივაღწევთ კონსენსუსს იმაზე, თუ რა ფორმით ამოქმედდება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა შემდგომ სამიტზე. ჩემი პირადი ხედვა კი ამ საკითხთან მიმართებაში ასეთია - მიღწეული პროგრესი ამა თუ იმ სახით, აუცილებლად უნდა იქნას შეფასებული ამ სამიტზე," - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
აღსანიშნავია, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ნატო-ს გენერალური მდივნისგან დაინტერესდა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ კიდევ ან რას ელის ალიანსი ქართული საზოგადოებისგან იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-სთან ურთიერთობის გზაზე შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ამასთან, ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა ანდერს ფოგ რასმუსენს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე მისი მტკიცე პოზიციის გამო.
ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.