სკოლების დაწყებით კლასებში და საბავშვო ბაღებში ვირუსული მენინგიტის გავრცელების გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სკოლებში სასწავლო პროცესი ორი ივნისიდან აღდგება.
ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, რამდენიმე სკოლამ მოსწავლეები ხვალ, შაბათ დღეს გაკვეთილებზე დასასწრებად დაიბარა. როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, სკოლებმა სასწავლო პროცესის შეწყვეტის პირველ ეტაპზე გაცდენილი ორი დღის – 22-23 მაისის გაკვეთილები უნდა აანაზღაურონ, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით სამინისტროდან მითითება არ არსებობს, სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაცია თავად წყვეტს როდის აანაზღაურებს გაცდენილ გაკვეთილებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში გაცდენილი დღეების თაობაზე, სკოლები სასკოლო სასწავლო გეგმაში საჭიროებისამებრ განახორციელებენ ცვლილებებს და გაცდენილი დღეები საპატიოდ ჩაითვლება.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც "ინტერპრესნიუსს" საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ განუცხადა, თბილისის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან გაგრძელდება.
ვირუსული მენინგიტის გავრცელების გამო, სკოლების დაწყებით საფეხურზე, მე-6 კლასის ჩათვლით და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 21 მაისს შეწყდა.