გიგი უგულავას სიმამრი შალვა კილაძე საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც პრესსამსახურში განმარტეს, საგამოძიებო სამსახური, ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.
უგულავას სიმამრის დაკითხვაზე დაბარებას სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა. "რუსთავის ფინანსურ პოლიციაში ხვალ, გიგი უგულავას სიმამრი დაიბარეს. იგი დაბარებულია როგორც ბრალდებული. შალვა კილაძე მძიმე ავადმყოფია (პარკინსონი, დიაბეტი, თავის ქალის ატროფია. ორჯერ ტრეპანაცია აქვს გაკეთებული). ის დიდი ხანია აღარანაირ საქმიანობას არ ეწევა. ფლობს 50% გაჯის და რკინის მცირე საამქროში, რომელსაც ფლობს შევარდნაძის ეპოქიდან, 90-იანი წლებიდან. ფინანსურმა პოლიციამ პარტნიორი ისეთ კონდიციამდე მიიყვანა, რომ ამ ავადმყოფ კაცს ჩამწერით მიადგა და ლელაზე (გიგის უგულავას მეუღლეზე) ელაპარაკებოდა, ისიც ისე ნერვიულობდა, რომ ბოლოში გაიშიფრა", - წერს ნადირაშვილი "ფეისბუქზე".