დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები. კანონის განხილვას ესწრებოდა ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი, რომელიც თვლის, რომ კანონპროექტში შესატანი ცვლილებები ბიზნესს არათანაბარ პირობებში აყენებს. რატომ და რა შენიშვნები ამოიღეს პროექტიდან და რას უზღუდავს ახალი კანონი ბიზნესის წარმომადგენლებს?
"ალიას" ესაუბრება საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი ნიკოლოზ ნანუაშვილი:
- ბიზნესასოციაცია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც მუშაობს ამ პროექტზე. ეს პროექტი საწყის ეტაპზე სულ სხვანაირი იყო. ჩვენ თავიდანვე გვქონდა შენიშვნები, ნაწილმა ასახვა ჰპოვა ამ პროექტში, ნაწილი შენიშვნებისა უკვე გადამუშავების პროცესში იქნა ამოღებული.
- კონკრეტულად რა შენიშვნა ამოიღეს კანონპროექტიდან?
- ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა, რომელიც ბიზნესასოციაციას აქვს და რომელზე შეთანხმებაც ჯერ ვერ მოვახერხეთ, ეს არის დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების განმსაზღვრელი ქმედებები. დომინირებული მდგომარეობა ნიშნავს, კონკრეტული კომპანიის ისეთ წილს ბაზარზე, რომელიც მას საშუალებას აძლევს სხვა ეკონომიკური აგენტებისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს, დააწესოს ფასები და ამასთანავე, ეს წილი უნდა იყოს ბაზარის 40% ან უფრო მეტი. ეს არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც დომინირებული მდგომარეობა განისაზღვრება. დომინირებული მდგომარეობაა, როცა ამ კომპანიას საშუალება აქვს დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთებისა და დამოუკიდებლად მოქმედების, ისე, რომ არ დაეკითხოს და არ გაითვალისწინოს კონკურენტი კომპანიის ქმედებები. დომინირებულ მდგომარეობაში მყოფ კომპანიას კანონით ეზღუდება გარკვეული ტიპის ქმედებების განხორციელება, ისეთის როგორიც არის სხვა მის კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებთან ერთად ფასებზე შეთანხმება, ანუ რასაც ჩვენ კარტელურ გარიგებას ვეძახით. ბაზრის გაყოფა ტერიტორიული, ან მომხმარებლის ნიშნის მიხედვით, რაც გულისხმობს იმას, რომ, მაგალითად, ამ რეგიონში მე გავყიდი კონკრეტულ საქონელს და მოდი, თქვენ სხვა რეგიონში გაყიდეთ თქვენი საქონელი. ეს ყველაფერი ეკრძალებათ დომინირებულ მდგომარეობაში მყოფ კომპანიებს და არა მხოლოდ მათ. გარდა ამისა, შენიშვნები გვქონდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ, მაგალითად, კანონის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი აკრძალვები არის ბუნდოვანი და არ არის ამომუწრავი. კანონის ამ მუხლში გამოყენებულია სიტყვა "მაგალითად". ჩვენი შენიშვნის არსი იმაში მდგომარეობს, რომ არ იყოს სიტყვა "მაგალითად", ანუ შეძლებისდაგვარად ნათელი და დაზუსტებული იყო ის ჩამონათვალი, რაც ბიზნესისთვის აკრძალულია. ამ დროისთვის ამ საკითხზე მიღწეული არ არის შეთანხმება და იმედი გვაქვს, მივაღწევთ იმას, რომ კანონით იქნება განსაზღვრული ყველაფერი და ბიზნესმენებისთვის ნათელი იქნება, რას უკრძალავს კანონი და რას - არა.
- რატომ არის კანონში ჩანაწერი ბუნდოვანი და გაურკვეველი?
- ეს რამდენიმე გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად, იყოს საერთაშორისო ტერმინი და გამოვიდეს პირდაპირი თარგმანით კანონში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თვითონ მარეგულირებლის ინტერესებშია, დაარეგულიროს ბაზარი და ამის გარანტია იქნება ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებული აკრძალვები მსხვილი და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენ კიდევ გვრჩება დრო, რომ ეს საკითხი რაიმე ფორმით შევათანხმოთ და დავაფიქსიროთ.
- კიდევ რა შენიშვნები გქონდათ, რომელიც არ გაითვალისწინეს?
- ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა რაც იყო, ეს არის სანქციები კანონის დარღვევისთვის. პირველად კანონში, რომელიც პარლამენტში იქნა ინიცირებული, მითითებული იყო, რომ სანქცია დამრღვევ კომპანიას შეიძლება დაეკისროს მისი წინა წლის მოგების 10%-ის ოდენობით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მოსაზრება, რომ ეს საკმაოდ დიდი სანქციაა, გამომდინარე ქართული ბაზრის სპეციფიკიდან და გვქონდა შენიშვნა, რომ დიფერენცირებული ყოფილიყო ეს სანქცია დარღვევის სიმძიმის მიხედვით, ანდა დარღვევის ინტენსივობის მიხედვით. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე, როცა ეს კანონი ამოქმედდება. საწყის ეტაპზე ამ კანონის ამოქმედების მიზანი არ უნდა იყოს დასჯა, არამედ უნდა იყოს პრევენცია კონკურენციის შეზღუდვისა.
- რა გიპასუხეს?
- ამ შემთხვევაში შედგა შეთანხმება, რომ სანქციები პირველი დარღვევისთვის იქნება არაუმეტეს წინა წლის მოგების 5%-ისა ხოლო განმეორების შემთხვევაში სანქცია შესაძლოა, იყოს წინა წლის მოგების 10%-მდე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად 5% უნდა იყოს, ან 10%. დაჯარიმების დროს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული დარღვევის სიმძიმე, მისი ეკონომიკური ეფექტი ბაზარზე, მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანი და ა.შ. ამაზე ცალკე რეგულაცია იქნება, რომელსაც დაარეგულირებს კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი.
- დღეის მდგომარეობით რა საკითხებზე რჩება აზრთა სხვადასხვაობა?
- ამჟამად შეუთანხმებელი გვაქვს კანონის მე-6 მუხლი, სადაც საუბარია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე. გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა იმაზეც, რა შემთხვევაში და ბაზარზე რა პროცენტული წილის მფლობელი კომპანიები ჩაითვლებიან დომინირების მქონე კომპანიებად. კიდევ ერთი საკითხი არის, რაც დაკავშირებულია თვითონ ამ კანონიდან გამომდინარე გამონაკლის შემთხვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ რიგ ბიზნესკომპანიებს დარღვევად არ ეთვლებათ ის ქმედება, რაც დანაშაულად ითვლება სხვა კომპანიისთვის. კერძოდ, ჰორიზონტალურ გარიგებებზე (ჰორიზონტალური გარიგება ნიშნავს, როდესაც ორი ერთმანეთის კონკურენტი კომპანია ჯამურად ფლობს ბაზრის არაუმეტეს 10%-ს) არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული ჯარიმები და აკრძალვები. ასევე, არ ვრცელდება ჯარიმები და აკრძალვები ვერტიკალური გარიგების შემთხვევაში (როდესაც ორი კომპანია ფლობს 15-15%-ს შესაბამის ბაზარზე. მაგალითად, მწარმოებელი და დისტრიბუტორი, ან დისტრიბუტორი და გამყიდველი). ჩვენი შეთავაზება იყო, რომ 15-15 პროცენტის ნაცვლად ყოფილიყო 30-30%-იანი წილი და შესაბამისად, არ გავრცელებულიყო აკრძალვები იმ კომპანიებზე, რომლებიც ფლობენ ბაზრის 30%-ს, თუმცა ეს მოსაზრება არ იქნა გათვალისწინებული. ფეხბურთში როგორ არის? მსაჯი თერთმეტმეტრიანს ნიშნავს არა იმის მიხედვით რომელი გუნდია სუსტი, არამედ იმის მიხედვით, ვინ დაარღვია თამაშის წესები. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სანქციები და აკრძალვები უნდა გავრცელდეს ყველაზე, ვინც დაარღვევს კანონს და არა იმის მიხედვით, ვინ რამდენპროცენტიან წილს ფლობს ბაზარზე. დრო ჯერ კიდევ არის და ვნახოთ, თუ მოვახერხებთ შეთანხმებას.
შორენა გოგოლაძე