ძლიერმა ქარმა კახეთს ზიანი მიაყენა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენი ბოძები, რის გამოც რეგიონის 28 576 აბონენტი ელ-ენერგიის გარეშე დარჩა. ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა გურჯაანის რაიონშია.
ს/ს "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" პრესსამსახურის უფროსის ბექა ბარამიძის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები უკვე მუშაობენ და უახლოეს რამდენიმე საათში აბონენტთა უმრავლესობას დენის მიწოდება აღუდგება.
ძლიერი ქარის შედეგად ლაგოდეხის რაიონის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები სახურავის გარეშეა დარჩენილი.
ყველაზე მეტი ზიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალს მიადგა, სადაც ასეულობით ოჯახი დაზარალდა. სოფლის დიდი ნაწილი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. სასოფლო-სამეურნეო სათბურების თითქმის 20 პროცენტს კი ქარმა ცელოფანი გადახადა.
სოფელ კაბალის რწმუნებულის, ნამაზ ალახვერდოვის განცხადებით, ქარმა სოფელ განჯალის საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე მოგლიჯა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლის ღობე და ცენტრალური გაზსადენი მაგისტრალი დააზიანა.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებს, წინასწარი ინფორმაციით, სოფლებში: ლელიანში, არეშფერანში და ნინიგორში 20-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული.
გარდა საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებისა, სტიქიამ ლაგოდეხს სოფლის მეურნეობის კუთხითაც მიაყენა ზიანი.
"მუნიციპალიტეტის მასშტაბით განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სათბურების თითქმის 80 პროცენტი", - განაცხადა ლაგოდეხის გამგებლის მოადგილემ გიორგი მჭედლიშვილმა.
გაუწევს თუ არა დაზარალებულ მოსახლეობას გამგეობა დახმარებას, ამ დროისთვის უცნობია. ამ საკითხზე კონსულტაციები კახეთის გუბერნიაში მიმდინარეობს, რომელსაც ლაგოდეხის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ესწრება.
მომზადებულია heretifm.com-ის მიხედვით