ცნობილი ფაქტია, რომ ქორწინება ასუქებს. დაოჯახების შემდეგ წონაში მატება გარკვეულ ფაქტორებს უკავშირდება. დალასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტში 169 ახალდაქორწინებული წყვილი ჩართეს. მათ რამდენიმე წლის განმავლობაში დაავალეს, ყოველ თვე საკუთარი წონა შეემოწმებინათ. ქორწინებიდან 6 თვეში წონაში მოიმატეს როგორც კაცებმა, ისე ქალებმა.
როგორც ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანდრეა მელტზერმა განაცხადა, ისინი, ვინც ბედნიერები იყვნენ, ნაკლებად დარდობდნენ საკუთარ ტანადობაზე და წონასაც არ აკონტროლებდნენ იმ საბაბით, რომ პარტნიორს ისეთი უყვარს, როგორიც არის. ბედნიერ ქორწინებაში მყოფი ქალები ამტკიცებდნენ, რომ სიყვარული ისედაც აქვთ და გასახდომად მოტივაცია საერთოდ არ სჭირდებათ.
ქალები კი, რომელთაც პარტნიორში არ გაუმართლათ, ან ქორწინებით უკმაყოფილონი არიან, წონაში ნაკლებად იმატებენ.
ამ პრობლემაზე ფართო კვლევა ადელაიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც ჩაატარეს. ისინი 350 პატარძალს დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ გოგონები საოცნებო თეთრი კაბისთვის ქორწილამდე მკაცრ დიეტას იცავენ და რამდენიმე კილოს იკლებენ. გათხოვებიდან პირველივე თვეში კი დაკლებული წონა ორმაგდება. გამოკითხული გოგონებიდან ყოველმა მესამემ აღიარა, რომ ქორწილამდე წონაში დაკლება ოჯახის რომელიმე წევრმა, ან საქმრომ ურჩია. ხოლო ქორწილიდან რამდენიმე თვეში 4,5 კილოთი მოიმატეს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით