მას ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ, მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ზედმეტი გულახდილობა და ეპატაჟი გახლავთ. მიუხედავად ამისა, გია ჯაჯანიძის სტუმრობას ყველა გადაცემაში უამრავი მაყურებელი ჰყავს. პროფესიით ფსიქოლოგია, კარგი შოუმენიც, ყველა თემაზე თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს, თუმცა ჩვენი საუბარი თურქული სერიალების ეპიდემიით დავიწყეთ.
- ბევრ ადამიანს ველაპარაკები ამ თემაზე. მინახავს განათლებული, ინტელექტუალური პიროვნება აწყობილი ცხოვრებით, მაგრამ მაინც უყურებს. ვიღაც გასართობად უყურებს. ზოგს სიყვარულის მოთხოვნილება აქვს და ძალიან განიცდის პერსონაჟების ბედს. 20 წლის ვიყავი და იცით, ყბადაღებული თემაა და, მაშინ ვმკითხაობდი. ერთ ქალბატონს შევხვდი, რომელიც სერიოზულად მოვიდა სამკითხაოდ. სხვაზე უნდოდა მკითხაობა. უცებ ვეკითხები, ყავა ვის სახელზეც დალიეთ, ფეხები ხომ არ აწუხებს-მეთქი. დამეთანხმა. ბევრი ვისაუბრე მკითხაობის ობიექტზე და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი სერიალის გმირ კოჭლ გვადალუპეზე მამკითხავებინა. რაც შეეხება თურქულ სერიალებს. ძალიან ჭკვიანი რეჟისორები ჰყავთ და სწორედ იმას მიაგნეს, რისი ყურებაც ადამიანებს უნდათ. მე თავად არ ვუყურებ, დაღლილი ვარ სხვისი ცხოვრებით, არ მინდა, თურქულ სერიალზე ვიტირო.
- ბევრი ცნობილი მეგობარი გყავთ, მათ თუ ასრულებიათ თქვენი მკითხაობიდან რამე? ახლახან ია ფარულავამ თქვა, რომ სურაგატი დედის აყვანას აპირებს. გითქვამთ მისთვის, რომ შვილი ეყოლებოდა?
- ადრე ვუთხარი, რომ გათხოვდებოდა. ძალიან ადრე მაქვს ნათქვამი, რომ შვილი ეყოლებოდა. იას გავახსენე, რომ გათხოვებაზე ვუთხარი და დამეთანხმა, მაგრამ შენ მითხარი, რომ ძალიან მდიდარი იქნებოდაო. მდიდარი არ არის, კაცი ასეთი მუსიკოსია-მეთქი (იცინის). ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ყველას ყველაფერი უსრულდებოდა. რომც მახსოვდეს, არ მოგიყვებით, რადგან კონფიდენციალურია. დღესაც მაწუხებენ, მაგრამ 1993 წელს, მას შემდეგ, რაც ვიმარხულე და აღსარება ვთქვი, აღარ ვმკითხაობ. ის პერიოდიც ამომაშხამეს. არადა, მე ვთქვი ერთ-ერთ შოუში და მერე აიტაცეს. ერთხელ ისიც ვთქვი, იმ პერიოდში, როცა თბილისი გადაშავებული იყო, წითელი შარვალით დავდიოდი-მეთქი. ქვეყანა დაინგრა. როგორ შეიძლება, კაცს წითელი შარვალი ეცვასო, არადა, ცხოვრებაში არ მცმია წითელი შარვალი, რა მალაპარაკებდა, ვითომ სტერეოტიპებს ვარღვევდი (იცინის).
- ''ტაბულას'' ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილის გადაცემას სტუმრობდით, სადაც თამარს რაღაც ნივთი აჩუქეთ და უთხარით, რომ იმ ღამეს დაესიზმრებოდით. თუ გნახათ სიზმარში?
- არა, იმ ღამეს თამარს არ ეძინა, ვერ მნახავდა (იღიმის). როდესაც დამირეკეს, ვკითხე, შეიძლება, თქვენს შოუში თამამად ვისაუბრო-მეთქი? - რაც გინდა, ქენიო. მე მიყვარს შოუ, შოუმენი ვარ. ამიტომ წავიღე აგურები, წინასწარ ჩემს ტვინში დავდგი შოუ. მანამდე მითხრეს თამარზე, რომ შარიანი და ექსცენტრიკულიაო. არადა, ძალიან კარგი სიტუაცია შექმნა და კარგი ადამიანია. შემდეგ ამ ამბის გაგრძელება მომეწონა. ხომ შეეძლო ეთქვა, არ მინახავს, მომატყუაო. არა, თქვა, რომ ვიხუმრე. სწორად გაიგო. მე რომ შემეძლოს, რაღაც ნივთი მოგცე და ღამე დაგესიზმრო, გამოდის, რომ დავფრინავ. ეს იყო ჩვეულებრივი შოუ. უცნაური ჩვევა მაქვს, როგორც კი რაღაც შემომაკლდება, ვიტყუები, მაგრამ შანსი არ არის, ერთ საათში მაინც რომ არ ვაღიარო. მაგალითად, ვურეკავ მეგობარს, რაღაც საოცრებას ვუყვები, გაგიჟდება, გადაირევა და მერე ვეუბნები, რომ მოვატყუე.
იხილეთ სტატიის გაგრძელება