გარდაუვალია, ხელისუფლებას მოუწევს ფარცხალაძის გადაყენება, მაგრამ ეს არ დამაკმაყოფილებს და მივაღწევ, რომ მან პასუხი აგოს დანაშაულისთვის , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ვანო მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შეხვედრის დეტალებს გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს და ფარცხალაძეს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის პირადი დავალების შესრულებაში ადანაშაულებს.
"ციხიდან დაახლოებით 01:30 საათზე გამიყვანეს. კორპუსის კართან ავტომობილში ჩამსვეს. თავზე ტანსაცმელი გადამაფარეს და სავარაუდოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, დეპარტამენტის თავმჯდომარის კაბინეტში მიმიყვანეს. დარწმუნებული ვარ ჩემი 5-10 წუთიანი მგზავრობა აღბეჭდილი იქნება ქუჩების ვიდეოკონტროლის სერვერებზე. 20-30 წუთის შემდეგ იგივე გზა უკან გამოვიარე", - აცხადებს მერაბიშვილი.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ მისი დაშინება სცადა. მერაბიშვილის აზრით, ოფიციალური შეხვედრისას კი ადვოკატის თანდასწრებით მუქარა არაეფექტური იქნებოდა.
"შეხვედრისას გულახდილად ვურჩიე მთავარ პროკუროს, არ გაემეორებინა წინამორბედის შეცდომა და არ გაეზარდა საზოგადოებაში ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნის მოლოდინი. მეტიც, ვურჩიე, რაც მალე აღიარებენ არსებული გამოძიების შედეგებს, მით უკეთესი იქნებოდა ახალი მთავრობისთვის. ჩემმა წინადადებამ გულახდილად გააკვირვა პროკურორი, მე კი მისმა რეაქციამ... ამიტომაც განმიმტკიცდა აზრი, რომ მას მხოლოდ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს და არა - საქმის გახსნის სურვილი", - აღნიშნავს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი.
რაც შეეხება უშუალოდ ზურაბ ჟვანიას საქმეს, როგორც მერაბიშვილი აცხადებს, ამასთან დაკავშირებით არავითარი ორაზროვანი დასკვნა არ დაწერილა.
"მერწმუნეთ, FBI-ის რომ გასჩენოდა კითხვები, არ მოერიდებოდა და საჯაროდ დასვამდა", - აცხადებს მერაბიშვილი, რომელიც კავშირს საპატიმროდან მის ფარულად გაყვანასა და ხარშილაძის დაკავებას შორისაც ხედავს.
"თუ დამიყოლიებდნენ, ჟვანიას საქმეზე გაკეთდებოდა განცხადება, თუნდაც ბუნდოვანი. მას ხარშილაძის მეშვეობით "გაამყარებდნენ" და ისეთ საზოგადოებრივ აზრს შექმნიდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებას, მისი წევრების დაპატიმრებას წინ ვეღარაფერი აღუდგებოდა. თუმცა ის, რომ ხელისუფლება ფარცხალაძეს თავგადაკლული იცავს, მიმტკიცებს აზრს, რომ იგი ღარიბაშვილისა და ივანიშვილის პირად დავალებას ასრულებდა. გარდაუვალია, ხელისუფლებას მოუწევს მისი გადაყენება. პირადად მე ეს არ დამაკმაყოფილებს და მივაღწევ, რომმ მან პასუხი აგოს დანაშაულისთვის", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.
როგორც ყოფილი პრემიერი აცხადებს, მას იმედი ჰქონდა, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლოს ვერ გააკონტროლებდა.
იხილეთ ინტერვიუს ვრცელი ვერსია Kvirispalitra.ge-ზე
ასევე დაგაინტერესებთ: