"ფეისბუკზე" მეც ხშირად შევდივარ, მაგრამ არავისთვის დამიწერია, - ფუ, რას ჰგავხარ-მეთქი", - ამბობს მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელიც ამჯერად კარიერაზე, პოლიტიკაზე, დღევანდელობასა და სატელევიზიო პროექტებზე გვესაუბრა.
პოლიტიკა და ახალი დაპირებები
- ძალიან "მეგოიმება" ის "პიარი", რასაც ჩვენი პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიდატი წინასაარჩევნოდ აკეთებდა. შეიძლება, ასეთი რამ ყველა ქვეყანაში "მოსულა", მაგრამ ვფიქრობ, ადამიანმა უნდა ილაპარაკო იმაზე, შენ რა გაგიკეთებია ან რისი შეთავაზება შეგიძლია ხალხისთვის და არა იმაზე, სხვამ რა "მიქარა". თავის წარმოსაჩენად სხვა არ უნდა დააკნინო! გაუთავებელი დაპირებები ხომ ცალკე თემაა. ახლა მთავარია, სიტყვას ფასი დაუბრუნდეს და ახალმა პრეზიდენტმა ეს მარცვალი უნდა გააღვივოს. ხალხი ბევრი რამის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და მათ ვერც გაამტყუნებ. ადამიანებს იმედი არ უნდა გაუცრუო. მესმის, რომ 100%-ით არაფერი შესრულდება, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ხომ შეიძლება, ხალხის საკეთილდღეოდ რაღაც გამოსწორდეს?..
კოაბიტაცია ქართულად და "ჩასვრილი" პოლიტიკოსები
- მომწონს, რომ "ქართული ოცნება" ოლიმპიური სიმშვიდით ხვდება "ნაციონალებისგან" აგორებულ სკანდალებსა თუ მოგონილ ამბებს. როდესაც "ჩასვრილი" გაქვს, რაღაცების უნდა გრცხვენოდეს. რატომ ჰგონიათ, რომ ხალხი ვერაფერს ამჩნევს? "დასტოინსტვა" უნდა გამოიჩინო და შენს სიტყვებს გონება დაატანო. არ მინდა, "ოცნებისტად" ჩამთვალოს ვინმემ, მაგრამ ამას იმ 9 წლიდან გამომდინარე ვამბობ, რასაც ვხედავდი. კი, ბატონო, კარგი რაღაცებიც ხდებოდა, მაგრამ ცუდი უფრო მეტი იყო. ვფიქრობ, მთავრობას ყოველთვის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ხალხს უნდა მოემსახუროს. მე რომ თეატრში მივდივარ, ჩემს თეატრსა და მაყურებელს ვემსახურები და მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ კარგი "პროდუქტი" ვაჩვენო. ხომ იცით, გასროლილი ბუმერანგი ყოველთვის უკან დაგვიბრუნდება... დიდი იმედით ვუყურებ მომავალს. ძალიან მინდა, ჩემს ქვეყანას ფეხზე დადგომა ეღირსოს. ხალხი და მთავრობა ერთად უნდა დადგეს - რა თქმა უნდა, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ. ღმერთმა ასეთი გენიალური ქვეყანა გვიბოძა, საოცარი ბუნებით და მას როგორ ვერ უნდა მოვუაროთ? უზარმაზარი ტერიტორიების უცხოელებზე გაქირავება კიდევ შეიძლება, მაგრამ გაყიდვა უნდა აიკრძალოს. ნაცისტი არ ვარ, მაგრამ ასეთი ფაქტები "მიტყდება".
რუსული "ქიცი-ქიცმაცური"
- ვერ გავიგე, რუსეთს რა უნდა, მათთან აღარც ქიცი ჭრის და აღარც - ქიცმაცური. ვერ აღვწერ იმას, რაც ჩემი თვალით დვანში ვნახე. მძლეთამძლე რომ ვყოფილიყავი, იმ მესაზღვრეების წინაშე რაღაც სასწაულს ჩავიდენდი - ეს ყველაფერი აუტანელი სანახავი გახლდათ... გიორგი მარგველაშვილი ძალიან განათლებული და ნიჭიერი ადამიანია და მინდა, კიდევ ერთხელ დავიჯერო, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება.
კულინარია
- ყოვლისშემძლე კულინარი არ ვარ და ეს დედაჩემის "დამსახურებაა". დედა ცდილობდა, ჩემთვის სწავლაში შეეწყო ხელი და სამზარეულოს არ მაკარებდა... სამაგიეროდ, მას მერე, რაც მიშას მეუღლე გავხდი, კულინარიული ექსპერიმენტების კეთება დავიწყე. ბადრიჯნისგან ბევრნაირი კერძის მომზადება შემიძლია და ეს ჩემი უსაყვარლესი ბოსტნეულია. ძალიან მინდა, "ბორშჩის" მომზადებაც ვისწავლო. ეს წვნიანი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - თუ უკრაინაში ყოფნისას მივირთმევ... თავიდან ქათამს საშინლად ვწვავდი, მაგრამ მერე "დავამუღამე" და ახლა ფანტასტიკური გამომდის. ნამცხვრებისა და ტკბილეულის მოყვარული დიდად არ ვარ და შესაბამისად, მათი მომზადება არ ვიცი, მხოლოდ ბლინების ცხობა მეხერხება.
"ხორცისტი" ვარ. ძალიან მიყვარს მწვადი, ქაბაბი, ხინკალი, პილმენი. მახსოვს, დედაჩემი ხინკლის მოხვევას მასწავლიდა, მაგრამ ვერ "დავამუღამე". ჭამა ძალიან მიყვარს. არ არსებობს, ისე დავიძინო, რომ ოთხჯერ არ მქონდეს ნაჭამი. არ არსებობს, დილით კარაქიანი პური და ჩაი რომ არ მივირთვა.
პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "საარაკო" სიგამხდრე
- სიმაღლეში 172 სანტიმეტრი ვარ. გამხდარი ყოველთვის ვიყავი, მაგრამ ერთი პერიოდი, როცა პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" ვმონაწილეობდი, წონაში საოცრად დავიკელი. მთელი ცხოვრება 45-46 კილოგრამი ვიყავი, თუ ორსულობის პერიოდს არ ჩავთვლით (მაშინ წონაში 22 კილო მოვიმატე), პროექტის დროს კი მხოლოდ 39 კილოგრამს ვიწონიდი, რაც "ველურმა" შრომამ განაპირობა. ყოველდღიურად 8 საათს ვვარჯიშობდი და ყოველ ორშაბათს ნერვიულობა გარანტირებული გვქონდა. პარალელურად, ლევან კოღუაშვილის ფილმში მიღებდნენ, თეატრში ახალი სპექტაკლის რეპეტიციებიც დამეწყო და შოუში ყოფნის პერიოდში, პრემიერაც მქონდა; ასევე, ძველი რეპერტუარის სპექტაკლებზე ვმუშაობდით და ბოლოს და ბოლოს, პირადი ცხოვრებაც ხომ მქონდა? დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათი მეძინა, ბევრ ყავას ვსვამდი, ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ, შედეგი გამოიღო და საშინლად გავხდი. ახლა წონაში 52 კილო ვარ და ეს მომწონს. სხვათა შორის, ამ პროეტში მონაწილეობის დროს გიორგი ვარდოსანიძემ წონაში 18 კილოგრამი დაიკლო, რატი წითელაძე და ეკა ნიჟარაძეც საგრძნობლად გახდნენ. ისე, ჩვენი მოცეკვავეები ძალიან მეცოდებიან - რომ არა "ცეკვავენ ვარსკვლავები", ასეთი ნიჭიერი ადამიანები პოპულარულები ვერ იქნებოდნენ.
უტაქტო "ფეისბუკელები"
- ნაწყენი ვარ ბევრ ადამიანზე; მათზე, ვინც ჩემი სიგამხდრის გამო "ფეისბუკზე" უარყოფით რაღაცებს წერდა. როგორ აღარ "მამკობდნენ": - "უპატრონო!" "პატრონი არ გყავს?" "ამ უბედურს კახექსია სჭირს, რამე უშველეთ" და ა.შ. ნამდვილად არ მიცხოვრია ისე, რომ ვინმესთან თავი შემერცხვინა და ასეთი სიტყვები დამემსახურებინა. არაპროფესიონალურად არც ერთი საქმისთვის არ მომიკიდია ხელი და თუკი "სუპერ" არ გამოსულა, ცუდიც არ ყოფილა. იქნებ ავად ვიყავი და ამაზე რატომ არ დაფიქრდნენ? თუ ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, ალბათ მიხვდებიან თავიანთ შეცდომას. არასოდეს მოექცეთ ხალხს ასე ცუდად! "ფეისბუკზე" მეც ხშირად შევდივარ, მაგრამ არავისთვის მიმიწერია, - ფუ, რას ჰგავხარ-მეთქი. ადამიანმა პირველ რიგში, საკუთარ თავს არ უნდა მისცეს სხვისი უსაფუძვლოდ გალანძღვის უფლება.
ფილმები და სიახლეები
- ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი შედარებითია და ამის გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც-რაღაცები ჩემთანაც ხდება. ყოველთვის გინდა, შენს პროფესიაში უფრო მეტი გააკეთო, მაგრამ ყველაფერი ჩვენი სურვილისამებრ ვერ იქნება. თვალს ვერ დავხუჭავთ ბევრ რამეზე: ახლა ქვეყანაში ფინანსური კრიზისია, პოლიტიკურად ბევრი რამ არის დასალაგებელი და ა.შ. ეს კი ჩვენს სფეროს პირდაპირ "ურტყამს". ახლახან დავამთავრეთ მუშაობა მოკლემეტრაჟიან ფილმზე, რომელიც გიგა აგლაძემ დათო ტურაშვილის სცენარის მიხედვით გადაიღო. მასთან მუშაობამ პირველად მომიწია და შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც ძალიან მონდომებული იყო, რათა კარგი კინო გადაეღო და მან ეს შეძლო! დათო ტურაშვილმა ეს სცენარი დიდი ხნის წინ დაწერა, მაგრამ თემა ახლაც აქტუალურია იმ მხრივ, რომ რუსი მესაზღვრისა და ქართველი გოგოს ურთიერთობაზეა. თითქოს იწინასწარმეტყველაო, ამ ფილმში დვანში მომხდარი ამბების მსგავსი რაღაცები ხდება... თებერვალში რუსიკო გლურჯიძესთან ვიწყებ მუშაობას ფილმზე - "სხვისი სახლიდან". 3 დეკემბერს კი ლევან კოღუაშვილის ფილმის პრემიერა - "შემთხვევითი პაემანი" გაიმართება, რომელიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთჯერადად ჩაეშვება და ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ექნება, ძალიან გამიხარდება, თუ მოვა და ნახავს. საინტერესო როლი მაქვს და ლევანთან მუშაობა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა.
რუსთაველის თეატრი
- თეატრში სეზონი მალე გაიხსნება. ბატონი რობიკო ჯერჯერობით, მოსკოვშია, სადაც სპექტაკლს დგამს და როდის ჩამოვა, ზუსტად არ ვიცით. ასე რომ, ძველი რეპერტუარიდან შევარჩევთ რამდენიმე ნამუშევარს.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)