ქუთაისში საბჭოთა პერიოდში არსებული სამხედრო ჰოსპიტალი ჩინურმა კომპანიამ შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, მფლობელები ყოფილი სამხედრო ქალაქის ადგილზე ახალი ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავენ, რაც ჰოსპიტალის ტერიტორიაზე არსებული ხეების გაჩეხვის ხარჯზე მოხდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის 37 397 მ2 მიწის ფართი, მასზე განთავსებული 12 შენობა-ნაგებობით, შპს "ვილა-კოლხმა" შეიძინა. ნასყიდობის ხელშეკრულება "ვილა-კოლხსა" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა. თავად შპს "ვილა-კოლხი", ხელშეკრულების დადებამდე ერთი თვით ადრე, 2011 წლის 24 ოქტომბერს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ჩინეთის მოქალაქე ძიენჯენ მა. "ვილა-კოლხი" კორპორაცია ჩინეთის ხუალინის ინდუსტრიული ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ფირმებიდან ერთ-ერთია.
"ვილა კოლხაში" ადასტურებენ, რომ სამხედრო ქალაქი მათ საკუთრებას წარმოადგენს. თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსები აშენდება და სანაცვლოდ მცენარეებიც გაიჩეხება, არ ადასტურებენ.