ბოლო რამდენიმე წელია ზუგდიდის ქუჩებში, უბნებსა თუ სოფლებში დროდადრო ჯვრები აღიმართება, მათი განთავსების შესახებ ცნობები კი ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოს არ მოეპოვება. გამგეობას ჯვრის აღმართვის თხოვნით მოქალაქეებმა სულ ორჯერ, 2012-2013 წლებში მიმართეს. აქედან თანხმობა მხოლოდ ერთზე გაიცა.
ჯვრების ქუჩებში აღმართვის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ალექსანდრე სვანიშვილი აცხადებს, რომ გამგეობას ჯვრის აღმართვაზე ნებართვა აუცილებლად უნდა გაეცა, ან პროექტი მასთან უნდა შეთანხმებულიყო. ზუგდიდის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ეკატერინე თოდუა კი არ უარყოფს, რომ ჯვრები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ, პროექტის და ნახაზის შეთანხმების გარეშე დაიდგა. რაც შეეხება მათ დემონტაჟს, ეკატერინე თოდუას თქმით "ამ შემთხვევაში ეკლესიას არ დაუპირისპირდებიან".
მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელის მდივანის, მიქაილ ბოტკოველის განცხადებით, ქრისტიანულ ქვეყანაში, სად და როგორ უნდა დაიდგას ჯვარი, ადგილობრივი მოსახლეობის გადასაწყვეტია: "ადამიანებს მოსწონთ, რომ ჯვრებია. რა არის აქ მიუღებელი?!". პატრიარქის მდივნის ამ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე. იგი განმარტავს, რომ საქართველო სეკულარული, საერო სახელმწიფოა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზუგდიდის გამგეობა ჯვრებს დააკანონებს, მისი აღება მაინც უნდა მოხდეს. კობახიძე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ეკლესიის გარკვეულწილად ეშინია.