სიღარიბის დადგენის ფორმულა თავიდან იწერება, რასაც შესაძლოა უმწეოთა ბაზაში მყოფთა რაოდენობის მკვეთრი შეცვლაც მოჰყვეს. ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ განუცხადა.
”ჩვენს რეალობაში დაფიქსირდა დასანანი შემთხვევები, როდესაც ბავშვი უწამლობით ან შიმშილით გარდაიცვალა, ასეთი ოჯახი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ბაზაში შეყვანილი არ იყო. ამიტომ მთავრობაში იმსჯელეს იმის თაობაზე, რომ სიღარიბის დადგენის მეთოდოლოგიაში რაღაც უნდა შეცვლილიყო.
ჩვენ ამჯერად "იუნისეფის" წარმომადგენლებთან ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ, რა მეთოდოლოგიით შეიძლება სიღარიბის დადგენა. იწერება ახალი ფორმულა, ვადგენთ კითხვარს, რომლითაც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას ხელახლა შეისწავლიან და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობაც უფრო დაზუსტდება.
ჯერჯერობით ვერ გეტყვით, სიღარიბის განმსაზღვრელად რა ქულათა რაოდენობა იქნება საჭირო. ამ საკითხზე ამჯერად უცხოელი და ქართველი ექსპერტები მუშაობენ. "იუნისეფი" საქართველოს მასშტაბით კვლევას აფინანსებს, რომელიც მოსახლეობის მდგომარეობას დაადგენს. მან ამისთვის ტენდერში გამარჯვებული ფირმები და ფიზიკური პირები მოიწვია. რასაკვირველია, ამისთვის ყველა ოჯახში შესვლა არ დასჭირდებათ, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის, მოსახლეობის რაოდენობის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით შეირჩევა გამოსაკვლევი კონტინგენტი, რაც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ამსახველ სრულ სურათს მოგვცემს. ამგვარ შედეგზე დაყრდნობით შემდეგ მოვამზადებთ წინადადებას მთავრობისთვის წარსადგენად, თუ როგორი უნდა იყოს სიღარიბის დამდგენი ახალი ფორმულა”, - განაცხადა ნოე ქინქლაძემ.
ამჟამად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა კატეგორიას 435 ათასი კაცი განეკუთვნება. ეს დაახლოებით 145 ათასი ოჯახია. დახმარების სახით ასეთი ოჯახის პირველი წევრი 60 ლარს იღებს, დანარჩენი წევრი კი 48 ლარს. ჯამში ბიუჯეტიდან მათთვის ყოველთვიურად 24 მილიონი ლარი გაიცემა. სიღარიბის დამდგენი ფორმულა, რომლის მიხედვითაც ეს ოჯახები უმწეოთა ბაზაში შეიყვანეს, 2002 წელს შემუშავდა.