კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღება, რომლითაც პარლამენტის აგილმდებარეობის საკითხი განისაზღვრება, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადაიდო. თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა სააკაშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და მისი გუნდის გარეშე უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ვერ ახერხებს, ამ გადაწყვეტილებას სრულიად პრაქტიკული ახსნა აქვს.
თუმცა, მეორე მხრივ, ეს დამოკიდებული იქნება მანამდე კონსტიტუციაში იმ ნორმის შეცვლაზე, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის საჭირო კვორუმს განსაზღვრავს. დღეს მოქმედი ნორმით, ამისთვის დეპუტატთა 2/3-ის, ანუ მინიმუმ, 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. 2010 წელს მიღებული ნორმით კი, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატთა 3/4-ის, ანუ 113 დეპუტატის თანხმობა იქნება საჭირო.
როდესაც ასი ხმის მოგროვებაა პრობლემა, ცხადია, 113-ის მოგროვება გაცილებით ძნელი იქნება.
მეორე მხრივ კი, სააკაშვილის გუნდი არც იმ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის აპირებს ხმის მიცემას, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად საჭირო კვორუმის უცვლელად დატოვება უნდა უზრუნველყოს. ეს კიდევ მეორე საკითხია, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება კვორუმის ამ ფორმით განსაზღვრა.
კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრის ამოღება პირდაპირ კავშირშია საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნებასთან, ან სულაც სხვა ადგილას გადატანასთან. ყოველ შემთხვევაში, ის არგუმენტი, რომ პარლამენტის სადმე გადატანა ამ რეგიონის განვითარებას უწყობს ხელს, ისეთივე წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც ქუთაისში გადატანისას.
ამიტომაც, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ რეგლამენტმა განსაზღვროს პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი, ყველაზე მეტად ქმნის პარლამენტის აქეთ-იქით ტარების საშიშროებას. იმ პირობის დადება კი, რომ ეს ასე არ მოხდება, ვითარებას არანაირად არ ცვლის და არანაირ გარანტიას არ იძლევა, რომ ასე არ მოხდება. მით უმეტეს, გადატანა-გადმოტანის პრეცედენტი უკვე შექმნილია.
მეორე მხრივ კი, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა იმ პრობლემაზე საუბრობს, რასაც პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ქმნის. მთავარი კი ის დამატებითი ხარჯია, რისი გაწევაც სახელმწიფოს სწორედ იმის გამო უწევს, რომ პარლამენტი დედაქალაქიდან 200 კილომეტრით არის დაშორებული.
"საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, რომ ჩვენ ამდენი ხარჯი გავწიოთ მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების აქეთ-იქით სიარულში. ცოტა ხნის წინ იყო ასეთი შემთხვევა, როცა უმცირესობა ითხოვდა მაია ფანჯიკიძის ჩასვლას ქუთაისში, პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი რომ ყოფილიყო თბილისში, ფანჯიკიძე მოახერხებდა, 1 საათი გამოეყო და მოსულიყო პარლამენტში.
"ძალიან რთულია, მინისტრმა რამდენიმე საათი დახარჯოს გზაში. ამის ფუფუნება არც ჩვენს მთავრობას არ აქვს. მაშინ მთავრობაც უნდა გადავიდეს ქუთაისში, ყველა სამინისტრო ქუთაისში უნდა იყოს, პოლიტიკური ცენტრი უნდა გადავიდეს ქუთაისში. რადგანაც პოლიტიკური ცენტრი თბილისშია და ყველა სამინისტრო ოპერირებს თბილისში, ძალიან რთულია ასეთი დისტანციის რეჟიმში მუშაობა", - განაცხადა მანანა კობახიძემ ცოტა ხნის წინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრმა უმცირესობის მოთხოვნა ვერ შეასრულა და პარლამენტში ვერ მივიდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგურიც პარლამენტსა და მთავრობას შორის არსებული რამდენიმე ასეული კილომეტრით გამოწვეულ დისკომფორტზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ამით ხელისუფლების ორივე შტოს მუშაობის ეფექტურობა მცირდება.
"პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კონსტიტუციის მიხედვით არის მთავრობის და საბიუჯეტო კონტროლი. ამ კონტროლის განხორციელებას და თანამშრომლობას მთავრობასთან სჭირდება ძალიან ხშირი ურთიერთობა და პრაქტიკულად, საქართველოს მთავრობაც და პარლამენტიც არიან დროის კარგვის რეჟიმში, როდესაც ამდენი კილომეტრით სიშორის გამო მუდმივად არიან გზაში.
"ჩვენ ამის ფუფუნების უფლება არ გვაქვს, რომ მთავრობისა და პარლამენტის წევრები მუდმივად ისხდნენ ავტომობილებში და კარგავდნენ დროს. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დიპლომატიური მიმართულებით საქმიანობაა. დღეს პარლამენტის მუშაობა ამ თვალსაზრისით არ არის საკმარისი, რადგან ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის ოფისი თბილისშია და, შესაბამისად, მათთან ძნელდება კომუნიკაცია, რაც არის სერიოზული შემაფერხებელი პარლამენტის საქმიანობისა.
"იგივეს ვიტყოდი პრესასთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენს კოლეგებს, რამდენად არის გართულებული სხვადასხვა საკითხების გაშუქება მედიაში. არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობისთვისაც ეს სერიოზულად შემაფერხებელია", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ამ თემაზე კომენტარისას ჟურნალისტებთან, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილების მიღების საკითხი განიხილებოდა.
ამას ემატება ის ხარჯები, რასაც პარლამენტის თანამშრომლები იღებენ. ქუთაისში ცხოვრებისთვის. პარლამენტში ყველა თანამშრომელი, დამლაგებლებიც კი თბილისიდან დადიან და ის არგუმენტი, რომ პარლამენტის გადატანა ქუთაისელების დასაქმებას შეუწყობდა ხელს, უსაფუძვლო აღმოჩნდა.
უმრავლესობის განცხადებითვე, ძვირია ძვირადღირებული შენობის შენახვაც, რომელიც მთლიანად კონდიცირების სისტემაზეა გათვლილი. ამასთან, პარლამენტში იმასაც ამბობენ, რომ შენობა ჯერ ექსპლუატაციაშიც არ არის შესული და ყოველგვარ ოფიციალურ ხარჯებზე საუბარი ნაადრევია.
ამ ეტაპზე პარლამენტის აპარატში დაახლოებით 750 ადამიანია დასაქმებული. აპარატში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - წამყვანი სპეციალისტის ანაზღაურება საშემოსავლოს დაქვითვის გარეშე 880 ლარია.
"ამ ხელფასით ეს ადამიანები ელემენტარული ბინის ფულსა და კვების ხარჯებს ვერ დაფარავდნენ, თორემ სხვა რამეზე არ არის საუბარი. მათ ოჯახები დატოვეს. სწორედ ამიტომ, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათი ცხოვრების ხარჯებიც აანაზღაუროს. ეს მოხდა დამატებითი ეკონომიისა და რეზერვების გამოყენების ხარჯზე. თუმცა, მომავალი წლიდან რა იქნება და ბიუჯეტი რის საშუალებას მოგვცემს, არ ვიცი.
"ფაქტია, რომ პარლამენტის შენახვის ხარჯები, პარლამენტარების ბინის ქირის უზრუნველყოფით თვეში 400 000 ლარით ძვირდება, რაც წელიწადში 5 მილიონი ლარია. ამას ემატება პარლამენტის კომუნალური გადასახადების ხარჯები, რადგან აქ ფანჯარა არ იღება და მთელი სისტემა ვენტილაციაზეა დამოკიდებული. ხარჯებს იწვევს დეპუტატების საწვავისა და გადაადგილების საკითხი", - განმარტა პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ მაშინ, როდესაც პარლამენტმა თანამშრომლების ხარჯების დაფარვის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მოვლინებული პარლამენტარებისათვის საცხოვრებლების მშენებლობა თავდაპირველად წყალტუბოში იგეგმებოდა, სადაც ადგილიც შერჩეული იყო. თუმცა, არც ეს არ შესრულდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სერგო რატიანი კი ისევ იმაზე აპელირებს, რომ ქუთაისში პარლამენტის დატოვებით ქუთაისი განვითარდება ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად და პოლიტიკურადაც.
"ეს თუ არ მოხდა, მოხდება წარსულში დაბრუნება, როდესაც ერთი ქალაქი დომინირებდა. თბილისი მოწყობილი იყო მოსკოვის ხატად და დარად - როცა არსებობს ერთი ქალაქი და არ არსებობს პოლიტიკური სივრცე სხვა ქალაქებში", - ამბობს ის.
"იმერეთში 200 მილიონამდე ლარის პროექტებია შეჩერებული. გზავნილმა საზოგადოებისადმი, რომ ქუთაისში იქნებოდა პარლამენტი, გააჩინა მიზიდულობის ცენტრი ინვესტორებისათვის. ამან მოიზიდა ინვესტორები.
მაგალითად, "ჰოლიდეი ინი" ქუთაისში, წყალტუბოს განვითარების პროექტი, თვითონ ქუთაისში შენდება რამდენიმე სასტუმრო, რომელიც ახლა შეჩერებულია. პარლამენტის თბილისში გადმოტანით ეს პერსპექტიული პროექტები შეჩერდება.
"გარდა ამისა, როცა ვსაუბრობთ სოფლის განვითარებაზე, სოფელი პატარა ქალაქების, ცენტრების გარეშე ვერ განვითარდება. მხოლოდ ერთი ქალაქი, თბილისი ვერ განავითარებს მთელ სოფელს," - განაცხადა სერგო რატიანმა პარლამენტში ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე საუბრისას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი კი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ "ეს აბსურდული მოსაზრებაა", რომელიც ლოგიკას არ ექვემდებარება".
"მაგ ლოგიკით პარლამენტი უნდა იყოს ზუგდიდშიც, უნდა იყოს თელავშიც, სიღნაღშიც და ყველგან. შეგვიძლია ბორბლებზე შევსვათ პარლამენტი, ერთი წელი ერთგან იყოს, მეორე წელი - მეორეგან. ეს არის აბსურდი, რაზეც საუბრობს უმცირესობა. მთავარია, რომ რეგიონი განვითარდეს იმ რეგიონის საჭიროების შესაბამისად," - ამბობს მანანა კობახიძე.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყნის დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი, დეცენტრალიზაციისა და ეკონომიკური ეფექტის მოხდენის მოტივით, ქუთაისში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია და აუდიტის სამსახური გადაიტანეს. თუმცა, ამ სტრუქტურების ქუთაისში გადასვლას რაიმე განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტი არ ჰქონია.
შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტში ქუთაისიდან შესული საგადასახადო შემოსავლები 2009 წელს 159 022 ლარს შეადგენდა, 2010-ში 149 663, ხოლო 2011 წელს – 139 358 ლარს. ანუ საგადასახადო კუთხით, თვალში საცემი ცვლილებები არ მომხდარა.
მეორე მხრივ კი, საპარლამენტო სტატუსმა საგრძნობლად გაზარდა ფასი მიწაზე და უძრავ ქონებაზე. თუ მიწის კვადრატული მეტრის ფასი წინა წლებში 4-დან 8 ლარამდე მერყეობდა, ახლა გაათმაგებულია. მაგალითად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც გარეუბანს განეკუთვნება და პირველი ზონის ქვესტატუსი მიენიჭა, კვადრატული მეტრის ფასმა 100-120 ლარამდე აიწია.
ამ ეტაპზე ერთადერთი "ბიზნესი", რომელიც "მუშაობს", ბინების გაქირავებაა. ამ მხრივაც სერიოზული ზრდა შეინიშნება. თუ აქამდე ქუთაისში 100 ლარად შეიძლებოდა საცხოვრებელი ფართის დაქირავება, ახლა ფასი დაახლოებით 500 ლარამდე ადის.
თუმცა, იმის გამო, რომ ბინების დამქირავებელი პარლამენტართა კონკრეტული რაოდენობაა და ბინებს ქუთაისელთა უმეტესობა ვერ აქირავებს, ეს ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობის უკმაყოფილებას იწვევს, რადგან გაიზარდა ფასები და არ გაზრდილა მათი შემოსავლები, ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც საერთო მდგომარეობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.
ფაქტია, რომ არგუმენტები ორივე მხარეს გააჩნია, მაგრამ ძნელი სათქმელია, გადაწყვეტილება საბოლოოდ რომელი მათგანის სასარგებლოდ იქნება მიღებული. მით უმეტეს, რომ პრობლემა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვებაა და "ნაციონალური მოძრაობა" ამას კარგად იყენებს მიუხედავად იმისა, რომ პირად საუბრებში ისინიც იმას ამბობენ, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის.
რუსიკო მაჩაიძე