20 წლის სანდრო გოთური სუბკულტურის წარმომადგენელი და მერლინ მენსონის ფანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ის ფიზიკურადაც ძალიან ჰგავს ამერიკელ მუსიკოსს. ახალგაზრდა "მენსონს" ნამდვილად არ უჭირს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევა. მისი განსხვავებული იმიჯი ნაწილს აღაშფოთებს, ნაწილს კი აღაფრთოვანებს. ამბობს, რომ ორიგინალური სტილის გამო დღისით ქუჩაში გასვლა უჭირს, ამიტომ მისი "დღე" ძირითადად საღამოს იწყება.
- ბავშვობიდან განსხვავებული ვიყავი. სკოლაში ყველასგან გამოვირჩეოდი. ჩაცმისა და ვარცხნილობის ჩემი სტილი მქონდა, რის გამოც მუდმივ წინააღმდეგობას ვაწყდებოდი, ამიტომ სკოლა არასოდეს მყვარებია. საერთოდ ჩაკეტილი ადამიანი ვარ, ძნელად ვურთიერთობ სხვებთან, ჩემთვის მშვიდად ცხოვრება მირჩევნია, რადგან მე ჩემი სამყარო მაქვს.
- როგორც ცნობილია, გოთები მოწყენილი და უხასიათო ადამიანები არიან...
- მუდამ მოწყენილი და აგრესიულები არ არიან. მათაც უხარიათ, უყვართ და სტკივათ, მაგრამ არ გამოხატავენ, ერთი შეხედვით უემოციო და ცივები არიან. მათ არ სურთ თავიანთ ცხოვრებაში ვინმე ზედმეტად ჩაერიოს. ჩვენ, გოთები, იდილიას საკუთარ თავთან მარტო ყოფნაში ვპოულობთ. არ ვართ აგრესიულები, თუმცა არც პროტესტის გამოხატვის გვეშინია. გოთებმა თავის დროზე პროტესტი გამოუცხადეს ფერად სამყაროს, ჩვენ გვიყვარს ბევრი ფიქრი, რადგან ასე უკეთ შევიცნობთ საკუთარ თავს.
- რატომ გადაწყვიტე, ფსევდონიმად "მენსონი" გქონოდა?
- მერლინ მენსონს ძალიან ვგავარ და არა მარტო გარეგნულად. ხშირად უცხო ადამიანებიც აღნიშნავენ ჩვენს მსგავსებას. ვაფასებ მას, როგორც უნიჭიერეს არტისტს და მსოფლიო დონის ვარსკვლავს, მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მიყვარს მისი მუსიკა და მხატვრობა. საკუთარ თავს მენსონის ფანად არ მივიჩნევ, ვფიქრობ, უფრო მეტი ვარ, ვიდრე ფანი. ჩემი აზრით, მე და მენსონს ბევრი საერთო გვაქვს: ხასიათი, მიმიკები, მანერები, ვხატავ, მეც ვოკალისტი ვარ და მეც 20 წლის ასაკში ვიწყებ კარიერას, ვმღერი მის ქავერებს. იმედია, მეც მასსავით წარმატებული გავხდები. თუმცა არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ მის შეცვლას ვაპირებ - ის განუმეორებელია. მენსონი ჩემთვის ყველაფერია. მან ჩემი თავი მაპოვნინა. ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა - სად გოთიკა და სად მენსონი? მაგრამ გოთები მხოლოდ გოთურ მუსიკას არ უსმენენ. სხვათა შორის, მენსონს მუსიკაშიც და იმიჯშიც აქვს გოთური ელემენტები.
- მენსონივით ნეკნების ამოცლასაც ხომ არ აპირებ?
- (იცინის) ეს კითხვა მაღიზიანებს, ვისაც მენსონის სახელი გაუგია, პირველ რიგში ამბობს, ფუ, ეს ის არ არის, ნეკნები რომ ამოიღოო? სინამდვილეში კი არ იცნობენ მის ბიოგრაფიასა და განვლილ ცხოვრებას. ეს მხოლოდ ბინძური ჭორია. მენსონს ნეკნები არ ამოუღია და მიმაჩნია, რომ ამას დაბალი ინტელექტის ადამიანები იგონებენ. მენსონი სკანდალური და ეპატაჟური ადამიანია და ამიტომ მასზე გამოგონილი ჭორების დაჯერებაც ადვილია საზოგადოებისთვის.
- ეპატაჟურობას არც შენ უჩივი, ყოველთვის მაკიაჟით დადიხარ?
- თბილისის ქუჩებში ყოველთვის მაკიაჟით სიარული შეუძლებელია. სხვათა შორის, მაკიაჟს თვითონ ვიკეთებ, ეს ცალკე ხელოვნებაა და ამას დიდ დროს ვანდომებ.
- განსხვავებული იმიჯის გამო ალბათ მუდამ ყურადღების ცენტრში ხარ...
- დიახ, ქუჩაში დღის საათებში გასვლას ვერიდები, რადგან ძალიან გამოვირჩევი მასისგან, საქართველოში კი განსხვავებული ადამიანები არ უყვართ. აქ თუ ორიგინალურად დადიხარ, დაცინვის ან, უარეს შემთხვევაში, შეურაცხყოფის ობიექტი ხდები, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც კი ხალხში გავალ, მესმის შეურაცხმყოფელი შეძახილები, არადა, მე მაქვს ჩემი სტილი, რომელიც არავის უშლის ხელს. საზოგადოებას მე ვერ შევცვლი, ამიტომ ვცდილობ, მოვერიდო, ჩემი "დღე" საღამოს საათებში იწყება. ძირითადად, ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ.
მაკა ქობალია
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)