ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ექსმინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება.
პროცესზე დაცვის მხარის ადვოკატები დღეს რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. როგორც ჟურნალისტებს მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლას მოითხოვს.
ამასთან, ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ასევე დააყენებს შუამდგომლობას სასამართლოს შემადგენლობის აცილებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე მოხდება მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენა და დამტკიცება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ასევე ვანო მერაბიშვილის მეგობრები და ახლობლები. იქვე იმყოფება ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიაც.
პროცესის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.
სხდომის გადაღების საშუალება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე რამდენიმე ფოტოკორესპონდენტს ეძლევა.