ახალი სასწავლო წელი, სკოლა, "შატალო", პირველი მეგობრები, ბავშვური სიყვარული - ეს ყველაფერი ნებისმიერ ადამიანში სხვადასხვა მოგონებას და დადებით ემოციას აღძრავს. ბავშვის ცნობიერებაში განსაკუთრებული მღელვარება სასწავლო წლის დასაწყისს, სკოლაში მისვლის პირველ დღეს უკავშირდება - ახალი გარემო, თანაკლასელები, პედაგოგები და ა.შ. ეს ყველაფერი კი მთელი ცხოვრების მანძილზე წარუშლელ შთაბეჭდილებად რჩება და სკოლაში გატარებული წლებისადმი ნოსტალგია, გარკვეული მინუსებისა და თუნდაც, გარკვეული უსიამოვნო მოგონებების მიუხედავად, წლების მერე კიდევ უფრო გვახსენებს თავს... მოგეხსენებათ, ადრე სასწავლო წელი ყოველთვის პირველ სექტემბერს იწყებოდა და ამ დღისთვის ყველა საგანგებოდ ემზადებოდა - ფერად-ფერადი და ნაირ-ნაირი სასწავლო აქსესუარები, გამორჩეული სამოსი, ზაფხულში დაგროვებული შთაბეჭდილებების თავმოყრა ბავშვების მთავარი საზრუნავი იყო.
რატი დურგლიშვილი, მომღერალი:
- ბავშვობა და სკოლის პერიოდი კარგად მახსენდება. ბევრი მეგობარი შევიძინე, საოცრად კარგი მასწავლებლები მყავდა და იმ პერიოდთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. მართალია, ახლა სასწავლო წელი პირველ სექტემბერს აღარ იწყება, მაგრამ 16 სექტემბერს ყველა პატარას მივულოცავ და ვუსურვებ, ბევრი გულითადი მეგობარი შეეძინოთ, სკოლაში ლამაზი დღეები გაეტარებინოთ. რაც მთავარია, კარგად ისწავლონ, რათა შემდგომში წარმატებულები იყვნენ და ქვეყანას გამოადგნენ.
- როგორ სწავლობდი?
- რომ გითხრათ, კარგად ვსწავლობდი-მეთქი, მოგატყუებთ. ბევრ შეცდომას ვუშვებდი და გაკვეთილების გაცდენაც ხშირად მიხდებოდა, რადგან ბავშვობიდანვე კონცერტებში ვმონაწილეობდი, მაგრამ მასწავლებლები შეღავათს მიწევდნენ, ნიშანს არ მიფუჭებდნენ. სკოლას ხშირად ვიცვლიდი, მაგრამ ძირითადად, 173-ე სკოლაში და პირველ გიმნაზიაში ვსწავლობდი.
- ახალი სასწავლო წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდი?
- აუცილებლად! მიუხედავად 1990-იან წლებში არსებული პრობლემებისა, სკოლაში წასვლა ყოველთვის ძალიან მიხაროდა, რადგან იქ კლასელები, მასწავლებლები მეგულებოდა. სხვათა შორის, გაკვეთილს კარგად რომ ვისწავლიდი, ერთი სული მქონდა, როდის გამიძახებდნენ, რომ გაკვეთილი მომეყოლა.
- სასკოლო სასიყვარულო ამბებზე რას გვეტყვი?
- საბავშვო ბაღში მქონდა გატაცება (იცინის). მერეც იყო რაღაც, მაგრამ სერიოზული არაფერი... უსიყვარულოდ ცხოვრება არ არსებობს, მით უმეტეს - ხელოვანი ადამიანისთვის. ყოველთვის ცდილობ, ვიღაც გიყვარდეს, ვიღაცას უყვარდე და სკოლის პერიოდშიც ასე იყო.
- სკოლისა და მაშინდელი წლებისადმი ნოსტალგია თუ გაქვს?
- სიმართლე გითხრა, მაქვს. ზოგჯერ ვფიქრობ, წლები უკან რომ დაბრუნდეს, სწავლას უფრო მეტ დროს დავუთმობდი. წინ დამხვდა ის, რაც არ ვისწავლე, სიზარმაცემ ან უდროობამ რომ შემიშალა ხელი. მინდა, ყველა მოსწავლეს ვურჩიო, კარგად ისწავლონ, ეს ძალიან გამოადგებათ წინსვლაში, წარმატების მიღწევაში; ისინი მობილიზებულები უნდა იყვნენ და მასწავლებლებს მაქსიმალურად ყურადღებით უსმინონ, რათა შემდეგ, თვითონაც და მშობლებმაც თავი კარგად იგრძნონ.
ეკო ფანგანი, ტელეწამყვანი, მოდელი:
- სკოლაში სიარული და სწავლა ძალიან მიყვარდა. შესანიშნავი კლასი მქონდა. ჩემი კლასელებიდან ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია. პირველ სკოლაში ვსწავლობდი და იქაურობაზე ვგიჟდებოდი. მერე სამწუხაროდ, შენობა დაიწვა და ახალაშენებულ სასწავლებელშიც მომიწია სწავლამ. როცა პატარა ვიყავი, დაწყებით კლასებში, რუსთაველზე სულ მიტინგები იყო და ხშირად, სასწავლო პროცესის გადადება ან შეჩერება უწევდათ, რასაც ძალიან განვიცდიდი და მთელი ორი დღე ვტიროდი ხოლმე. აქედან გამომდინარე, მიხვდებით ჩემს დამოკიდებულებას სკოლის და სწავლის მიმართ. ჩემი ყველაზე ძვირფასი მეგობრები, ვის გარეშეც ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია, სწორედ სკოლაში გავიცანი.
- მაშინ სკოლის ფორმები გეცვათ?
- სკოლაში რომ შევედი, ჯერ კიდევ ფორმები ეცვათ, მაგრამ მალევე გაუქმდა. მახსოვს, თინეიჯერობის ასაკში გაპრანჭვა დავიწყე და ზაფხულის ბოლოს საგანგებოდ, პირველი სექტემბრისთვის ვირუჯებოდი. ახლა ამაზე მეცინება. საზაფხულო არდადეგების შემდეგ ბავშვები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით... მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემი მეგობრებიც წარჩინებული მოსწავლეები ვიყავით, "შატალოზე" მაინც დავდიოდით. თუმცა, ერთ წელიწადს, მგონი, მეექვსე კლასში ვიყავი, საკლასო ჟურნალში არც ერთი "არა" არ მეწერა, ერთი გაკვეთილიც არ მქონდა გაცდენილი. სულ მიკვირდა, რატომ აცდენდნენ სკოლას უამინდობის, გაცივების ან სურდოს გამო. სხვათა შორის, ასეთი ბავშვები უპატრონოები მეგონა (იცინის).
- სკოლაში შეყვარებული თუ გყავდათ?
- მსახიობ დათუნა გოცირიძეს ყველა იცნობთ. ის ისეთი საყვარელი ბავშვი იყო, ნახევარ კლასს უყვარდა. მის თაყვანისმცემლებს შორის ვიყავით მე და ჩემი ორი უახლოესი დაქალი. დათუნა ძალიან კარგი ბიჭია, კარგი მსახიობი, მაგრამ ბავშვობისას განსაკუთრებულად საყვარელი და ლამაზი გახლდათ... მერე სხვა ბიჭიც მომწონდა, მაგრამ უკვე შეგნებულ ასაკში. სკოლაში შეყვარებული არ მყოლია, რადგანაც ერთმანეთთან და-ძმებივით ვიყავით და ახლაც ასე ვართ. კოტე თოლორდავაც ჩემი კლასელი იყო.
- მავნე ბავშვი იყავით?
- ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ მშობლები სკოლაში დაებარებინათ. თუმცა, მასწავლებელს კლასიდან გავუგდივარ კიდეც, რადგან ბევრს ვლაპარაკობდი. პირველ-მეორე კლასში ყოფნისას, კლასელი ბიჭები პარალელურ კლასელებთან საჩხუბრად დადიოდნენ ხოლმე და მათ მეც თან მივყვებოდი. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, 2-3 ბიჭი ნაცემიც მყავს (იცინის). ვაღიარებ, რომ ახლა ძალიან პრანჭია ვარ, მაგრამ მაშინ ბიჭური ვიყავი - გამხდარი, მოგრძო თმით და ვაჟკაცური ხასიათით (იცინის). მამიდაჩემი პირველ სკოლაში რუსულის მასწავლებელია - სვეტლანა სერგეევნა ფანგანი. ორი საპრეზიდენტო კანდიდატი - გიორგი მარგველაშვილი და დათო ბაქრაძე მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები იყვნენ. ვინმეს რაიმე რომ არ ეფიქრა, მამიდა "ორიანებს" მიწერდა და ეს ჩემთვის საშინელება იყო... გამიხარდა, რომ ჩემს საყვარელ სკოლაზე ლაპარაკის საშუალება მომეცა. ყველა ბავშვს მინდა ვუთხრა, დააფასონ ეს წლები. ისე, სტუდენტობაც შესანიშნავი რამ არის, მაგრამ იმ 11 წელზე, სკოლაში შეძენილ მეგობრებზე ძვირფასი არაფერია. მაშინ განცდილი ემოციები აბსოლუტურად სხვაა. ნუ გააცდენენ ბავშვები გაკვეთილებს და ნუ დაკარგავენ იმას, რისი შეძენაც მხოლოდ სკოლაშია შესაძლებელი.
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:
- სკოლა არც ისე დადებითად მაგონდება. არდადეგები ძალიან მიყვარდა, სკოლაში სიარული - არა. ჩემთვის პირველი სექტემბერი ერთი შავბნელი დღე იყო. პირველი კლასის პირველი დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოგონებაა: ბაღში არ მივლია და როცა სკოლაში პირველად მიმიყვანეს, ერთად შეკრებილი ამდენი ბავშვი ცხოვრებაში პირველად ვნახე. ყველა გარბოდა-გამორბოდა და ძალიან დავიბენი, შემეშინდა. სხვანაირი ბავშვი ვიყავი, წიგნების კითხვა მიყვარდა. სკოლაში წასვლისას, მხოლოდ ის მიხაროდა, რომ კლასელებს, ჩემს მეგობრებს ვნახავდი, გაკვეთილების მომზადების პროცესი კი დიდად არ მომწონდა. საერთოდ, ბავშვი არ მეგულება, რომელსაც სკოლაში სიარული უფრო უყვარს, ვიდრე ეზოში თამაში. ცელქი და ხულიგანი არ ვიყავი, მაგრამ "შატალოებზეც" ვყოფილვარ. ვაკეში, 57-ე სკოლა დავამთავრე. მასწავლებლებთან დაკავშირებით უარყოფითი ფაქტები უფრო მეტად მაგონდება, ვიდრე - დადებითი. ჩემს სკოლაში კარგი პედაგოგებიც იყვნენ და ცუდებიც.
- ოდესმე თქვენი მშობლები დამრიგებელთან ან დირექტორთან ხომ არ დაუბარებიათ?
- კი, ბევრჯერ (იცინის). ჩემი დანაშაული გაკვეთილებზე ბევრი ლაპარაკი იყო. მათემატიკასაც კარგად ვსწავლობდი და ისტორიასაც, მაგრამ ხატვა და ხაზვა არ მემარჯვებოდა. ყოველთვის ერთი სული მქონდა, არდადეგები როდის დაიწყებოდა.
ბაია დვალიშვილი, მსახიობი:
- სიმართლე გითხრა, არაფერი კარგი არ მახსენდება (იცინის). ჩემი მოსწავლეობისას სავალდებულო იყო, თეთრი ბაფთა გვკეთებოდა და ფორმა ჩაგვეცვა. სკოლაში სიარული არ მიყვარდა. მაშინდელი მეგობრები, რა თქმა უნდა, მყავს და ისინიც ჩემს აზრზე არიან: ყველა მიიჩნევს, რომ ის წლები დავკარგეთ. თვითონ სისტემა იყო არასწორი, პირველ რიგში, დამოკიდებულება განათლებისა და ბავშვების მიმართ. ჩახედული არ ვარ, ახლა როგორ არის საქმე, მაგრამ იმ სკოლით, სადაც ჩემი შვილი სწავლობს, კმაყოფილი ვარ. ბავშვი პიროვნებაა, მაშინ კი ასე არ ფიქრობდნენ. ყოველდღე შეურაცხყოფა, დამცირება, ჩვენი ინტერესების უგულებელყოფა, ინდივიდუალობის ჩახშობა ხდებოდა. სკოლაში სიმკაცრე ნამდვილად უნდა იყოს, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მე ვიყავი მოსწავლე, აგრესიულად და უზრდელად გვექცეოდნენ; სიმკაცრის გარეშე ბავშვი არ იზრდება, მაგრამ მისი ადამიანური ღირსებები უნდა გაითვალისწინო, მოსწავლე კლასის წინაშე არ უნდა დაამცირო. თუმცა, მაშინაც იყვნენ ისეთი პედაგოგები, ვისაც ხაზს ვერ გადავუსვამ, მაგრამ მათი გამორჩევისგან მაინც თავს შევიკავებ.
- სასკოლო ღონისძიებებში თუ მონაწილეობდით?
- არა, არასდროს. თუ სწორად მახსოვს, ჩვენი სკოლა დიდად არ აქტიურობდა ზეიმების ჩატარებით. 54-ე სკოლა დავამთავრე, ვაკეში. "შატალოები" არ მიყვარდა, ეს ჩემს ინტერესებში არ შედიოდა, რადგან წასასვლელი არ გვქონდა; ერთადერთი, ვაკის პარკში თუ წავიდოდით, რომელიც ისედაც, ჩემს სახლთან იყო და იქ ვიზრდებოდი.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)