17 მარტს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი - გელა უძილაური დააკავეს. საქმე შეეხება 14 მარტის ღამეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად 1964 წელს დაბადებული ლ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის გელა უძილაურის ადვოკატის, მარიამ ტაბატაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
როგორც მან დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული გელა უძილაური ყველა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებას დათანხმდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია.
"ბრალდებულს შევხვდი. მასთან საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ის გაოგნებულია. კონფიდენციალურად ვერ შევხვდით, რადგან დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლეს. ამასთან, ჯერ საქმის მასალებიც კი არ გადმოუციათ, რადგან პროცესშია გამოძიება. ბრალის წარდგენაც ხვალ იგეგმება. გამოკითხვით გამოჰკითხეს, ის მისთვის მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს.
რომელი მუხლით წარუდგენენ ბრალს, ხვალ იქნება ცნობილი. როდესაც საქმის მასალებს გადმომცემენ და გავეცნობი მას, უფრო დეტალურად შემეძლება კომუნიკაცია. ყველა საპროცესო საგამოძიებო მოქმედებაზე დათანხმდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია. რეალურად გაოგნებული იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გელა უძილაური წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტში, საიდანაც 2021 წელს წავიდა. არის ყვარლის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.
ორი დღის წინ "ტვ პირველთან" ყოფილი სპეცრაზმელის ოჯახში დაადასტურეს, რომ პოლიციამ მათ სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. უძილაურის დედის თქმით, შსს-მ მათი სახლიდან ჩიპები და ელექტრონული მოწყობილობები წაიღო. უძილაურის 75 წლის დედისთვის პოლიციას არ უთქვამს, რა მიზეზით ეძებდნენ მის შვილს.
"არ ვიცი სად არის, მე სოფელში ვარ და თვითონ კიდევ თბილისშია. კი, იყო პოლიცია და ვერ გავიგეთ რა უნდოდათ. მე გელა არ მინახავს. არაფერი ვიცი", - აცხადებდა ელისაბედ უძილაური "ტვ პირველთან".
გამოძიებას მოუწევს გაარკვიოს მკვლელობა მოხდა პირადი, შურისძიების მოტივით, თუ ლევან ჯანგველაძე შეკვეთით მოკლეს.
შეგახსენებთ,მოკლული 58 წლის ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული, ქუჩაში დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა. ის ჭავჭავაძის გამზირზე პანაშვიდზე, საიდან გამოსულსაც მკვლელი ელოდა. ეს კარგად ჩანს ქუჩის კამერებით გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრებში, მან რამდენიმე მეტრი ჯანგველაძესა და მის თანმხლებ პირთან ერთად გაიარა და შემდეგ დაესხა თავს.მოკლული ლევან ჯანგველაძე "კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად "სოხუმსკის“) ძმა იყო.
იხილეთ ასევე: