მიუხედავად იმისა, რომ თავად შს მინისტრის განცხადებით, ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილი კოპირებულია და დიდი ალბათობით ის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები რამდენიმეთვიანი განხილვის და წინააღმდეგობის შემდეგ გუშინ 15 საათისთვის ე.წ. მოდულის შენობაში სპეციალურად შექმნილი კომისიის და ჟურნალისტების თვალწინ საბოლოოდ განადგურდა.
"მოსახლეობის დიდი ნაწილი გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მასალა არ უნდა განადგურებულიყო, მაგრამ მინდა განვმარტო, რომ თვეების განმავლობაში ყველა მოპოვებულ მასალას არ ვანადგურებთ. იმ 26 ათას ფაილს ვგულისხმობ, რომელიც ჩვენს სამინისტროში ჯერ კიდევ ინახება. ამ 26 ათასი ფაილიდან ჩვენ მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გამოვყავით.
დანარჩენ მასალასთან დაკავშირებით კომისია მსჯელობას გააგრძელებს. მინიმუმ პირველ ჯერზე უნდა მოხდეს მკაფიო და სწორი შეფასება, თუ რასთან გვქონდა საქმე. წლების განმავლობაში ამ მასალების უკანონოდ ჩაწერა-მიყურადება ხდებოდა და ამის მკაცრი შეფასება უნდა მოხდეს. ამის შემდეგ საჭირო იქნება გამოძიების დაწყება. ჩვენ სამეგრელოში დიდი რაოდენობით აუდიო-ვიდეო მასალა აღმოვაჩინეთ, დაახლოებით 404 სიდი დისკი და ეს მასალა ხსენებულ 26 ათას ფაილში არ შედის. ეს ცალკე საქმეა და ჩვენ ამაზე გამოძიებას ვაწარმოებთ", - ფაილების განადგურებამდე საუბარი ასე დაიწყო მინისტრმა ღარიბაშვილმა.
უკანონო ფარული ჩანაწერები პოლიტიკოსების, არასამთავროების, ჟურნალისტების და საზოგადოებაში აქტიური ადამიანების ცხოვრების შესახებ კომპრომატებს მოიცავს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის განცხადებით, 26 ათასი ფარული ჩანაწერიდან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიო-ვიდეო ფაილი 144 იყო. ეს 144 ფაილი 110 დისკში იყო გადანაწილებული და, საერთო ჯამში, 181 - საათიანი ხანგრძლივობის ფარულ ჩანაწერს მოიცავს. ძირითადად, ფაილები ჩაწერილია 2007 წლიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით.
სიდი დისკები და ორი ფლოპი სპეციალური დალუქული კონტეინერით შემოიტანეს და თითოეული დისკი შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრის განცხადების შემდეგ სათითაოდ სპეციალურ დანადგარში გადადგურდა. პროცესის დასრულების შემდეგ შედგა ოფიციალური ოქმი. ღარიბაშვილის ინიციატივა იყო, რომ ნატეხები არ გადაყრილიყო და მუზეუმში შეენახათ.
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დაქუცმაცებული დისკების ნარჩენებიც აჩვენეს.
ჩანაწერების განადგურების დასრულების შემდეგ მინისტრმა ღარიბაშვილმა განმარტა, რომ მათი ვარაუდით, ეს უკანონო მასალები კოპირებულია, არსებობს დიდი ალბათობა რომ მასალების დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ.
"ამის გამო კომისიამ იმსჯელა და გადაწყდა, რომ გავამკაცროთ კანონი და სასჯელის ზომა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის", - დასძინა ღარიბაშვილმა.
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება, ამის შესახებ განმარტება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.
"კომისიის წინა სხდომაზე ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ სსკ-ის 157-ე, 158-ე და 159 მუხლებიდან მოხდეს დანაშაულის შემადგენლობის დაზუსტება და არ მოხდეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ გამოყენება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეეხოს არა მხოლოდ მოქმედი თანამდებობის პირებს, არამედ ყოფილი თანამდებობის პირებსაც. ვვარაუდობთ, ჯარიმა საერთოდ ამოვიღოთ ამ მუხლებიდან და ახლა ვმუშაობთ საპატიმრო წლების რაოდენობაზე. მიგვაჩნია, რომ 1,2 და 3 წელი ამგვარი სერიოზული დანაშაულისთვის საკმარისი არ არის. რამდენწლიან საპატიმროზე ჩამოვყალიბდებით, ეს მსჯელობის საგანია. ჯარიმა უადგილოდ და სასაცილოდაც კი გვეჩვენება", - აღნიშნა წულუკიანმა. მინისტრმა საზოგადოებას ამ მასალების განადგურება მოულოცა და დასძინა, რომ კადრებში ასახულმა მოქალაქეებმა დღეიდან თავი დაცულად უნდა იგრძნონ.
ითქვა ისიც, რომ კომისიის არც ერთმა წევრმა არ იცის, ვინ იყო კადრებში ასახული და რომ ყველას პირადი ცხოვრება დაცულია. ამ თვეების განმავლობაში ფაილები იზოლირებულად ინახებოდა და დაშვება მხოლოდ საიდუმლო მასალაზე დაშვების უფლების მქონე რამდენიმე პირს გააჩნდა.
მთავარი კითხვის - ვინ იყო შემკვეთი და ვინ უნდა დაისაჯოს ამ უკანონო ჩანაწერების გამო - პასუხად ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "შემკვეთი უნდა დაისაჯოს და არა შემსრულებელი".
"ამ ეტაპზე ვგეგმავთ გამოვავლინოთ ის პირი, ვინც წლების განმავლობაში იყო ამ კადრების შემკვეთი და ვცდილობთ გავიგოთ, როგორ ხდებოდა ჩანაწერების მოპოვება და დამზადება. ამის შემდეგ გამოძიებამ კონკრეტული დამკვეთის ვინაობა უნდა დაადგინოს, რომლის უშუალო დავალებითაც ხდებოდა ამ კადრების ჩაწერა", - დასძინა ღარიბაშვილმა.
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურება მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული სახელმწიფოსთვის, მთელი საზოგადოებისთვის, რადგან ამით დავიწყეთ სამარცხვინო წარსულზე უარის თქმის პროცესი, რაშიც ვცხოვრობდით, - წულუკიანის შემდეგ საზოგადოებას ფარული ჩანაწერების განადგურება კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა მოულოცა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული არა მარტო სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური საკითხიცაა, რის გამოც მასზე, როგორც კომისიამ, ისე პარლამენტმა სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება უნდა გააკეთოს.
"ეს არ იყო მხოლოდ ორი ავადმყოფი ადამიანის მიერ განხორციელებული პროცესი. მასალები, რომლებიც დარჩა, ძალიან დიდი და მრავალფეროვანია და მასში აშკარად ჩანს პოლიტიკური მოტივები. ეს სერიოზული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა", - აღნიშნა ტუღუშმა.
ამასთან, კომისიის წევრის თქმით, პოლიტიკური სიმახინჯეები და კანონდარღვევები წინა ხელისუფლების დროს კატასტროფულ მასშტაბებს ატარებდა.
"იმ ხალხს, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა, შეიძლება ფსიქიატრიც ესაჭიროებოდეს", - დასძინა ტუღუშმა.
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების ლოგიკა განმარტა.
როგორც კბილაშვილმა განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ღირებულებათა კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდნენ და ამ კონფლიქტში უპირატესობა პირადი ცხოვრების საიდუმლოებების შენახვას მიანიჭეს.
"როდესაც უკანონო ჩანაწერებთან გვაქვს საქმე, უნდა დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრების ფაქტების გამოძიების შემთხვევაში, ყველა ის ადამიანი, ვინც ვიდეოფირებზე იყო ასახული, დაკითხვაზე უნდა გამოძახებულიყო, ჩატარებულიყო ექსპერტიზა და დადგენილიყო ყველა ის ფაქტობრივი მასალა, რაც გამოძიების პროცესშია დასადგენი. ამ შემთხვევაში, ჩვენ წავაწყდით ღირებულებათა ძალიან დიდ კონფლიქტს. წარმოიდგინეთ, სამართალდამცავ ორგანოში დაბარებული ადამიანები, რომელთაც საკუთარ თავს აჩვენებენ ვიდეოფირზე და ამის შესახებ იცის გამომძიებელმა, პროკურორმა და მოსამართლემ. ეს გამოიწვევდა ძალიან ბევრი ადამიანის გულისტკივილს", - განმარტა კბილაშვილმა.
მისივე განმარტებით, წმინდა სამართლებრივად, ის კომისიის ერთ-ერთი წვერის, კახა კახიშვილის მხარესაა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურებას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ღირებულებათა კონფლიქტში პრიორიტეტს მაინც პირადი ცხოვრების საიდუმლოების შენახვას ანიჭებს.
საბოლოოდ, "საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, რომელიც კომისიის წევრებს შორის კადრების განადგურების ერთადერთი მოწინააღმდეგე იყო, აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა ემორჩილება.
"კომისიის წევრების არგუმენტიკა, რომ პირადი ცხოვრების ნახვა შეიძლება ვინმესთვის მძიმე ყოფილიყო, ამას ვეთანხმები, მაგრამ ვიღაც შეიძლება მსხვერპლი ყოფილიყო. შესაძლოა, იმ ვიღაცის მიმართ წნეხი განხორციელდა, ჩაადენინეს დანაშაული ან წამების მსხვერპლი გახდა. ამ ლოგიკით მივდიოდი. თუმცა ამხელა მასალის რაოდენობა ადასტურებს იმას, რომ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვქონდა და მის უკან ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ხელმძღვანელობა იდგა..." - განაცხადა კახიშვილმა და მთავარ პროკურორს სთხოვა სისტემურ დანაშაულში გამოკვეთილი ყველა პირის პასუხისმგებლობა უზრუნველყოს.
ეკა ბასილაია