ჰოლივუდის ბრწყინვალებისა და დიდებულების სიმბოლოს, ლეგენდარული და სკანდალური ვარსკვლავის მშვენიერებაზე, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო დაიპყრო, ბევრს წერდნენ ჟან კოქტო და ერიხ მარია რემარკი; მისი მსახიობური ნიჭი შთააგონებდა ჟოზეფ შტერნბერგს და ორსონ უელსს. ის უყვარდათ ჯონ გილბერტს, ჟან გაბენს, ჯეიმს სტიუარტს, ფრენკ სინატრას...
მილიონობით მაყურებლისთვის მარლენ დიტრიხი ინტელექტუალურ ქალს განასახიერებდა. ინგლისელმა მწერალმა - ნოელ კოუარდმა ერთხელ დაიჩივლა: "ის იქნებოდა ჩვენი საუკუნის უდიდესი ქალი, მაგრამ ქალს ინტელექტი არ ამშვენებს!.."
მარლენ დიტრიხი ამბობდა: "ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე მუსიკის, მხატვრობის, ცეკვის, ლიტერატურის გარეშე. როცა მეკითხებიან, - რას აკეთებ, როცა სცენაზე არ დგახარო? ვპასუხობ: ვკითხულობ, ვკითხულობ და ვკითხულობ..."
ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის და გერმანელი მსახიობის რომანტიკული ურთიერთობის ამბავიც. ბოსტონში, პრეზიდენტ კენედის ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა, რომელიც სწორედ ამ გამორჩეულ წყვილს მიეძღვნა. მალე წიგნად გამოიცემა წერილებიც, რომლებსაც შეყვარებულები 12 წლის მანძილზე, ერთმანეთს სწერდნენ. ერნესტი და მარლენი პირველად 1934 წელს, ფრანგულ ლაინერზე შეხვდნენ: ჰემინგუეი პარიზის გავლით აფრიკაში ბრუნდებოდა, მარლენი კი ჰოლივუდში მიემგზავრებოდა. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო, მაგრამ მათ შორის მიმოწერა მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაიწყო, როცა ერნესტი 50-ის, ხოლო მარლენი 47 წლის გახლდათ და რომანი მწერლის თვითმკვლელობამდე ანუ 1961 წლამდე გაგრძელდა. როგორც ამბობენ, ჰემინგუეისა და დიტრიხს შორის ინტიმური კავშირი არ ყოფილა.
მარლენის ცხოვრება კი ერთმა უბედურმა შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა: 1980 წელს, ერთ-ერთი წარმოდგენის დროს ფეხი დაიზიანა და უკანასკნელი 12 წელი საწოლში გაატარა. ის 1992 წლის 6 მაისს, საფრანგეთში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
(გამოდის ხუთშაბათობით)