"ახალ პროექტზე ვმუშაობ, რომელსაც " საქართველო ორ-ორ სურათად" ჰქვია. ბევრ ქვეყანაში მაქვს ფოტოები გადაღებული, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოთი შემოვიფარგლება... 200-ზე მეტი "ტევადი", ყველაზე შინაარსიანი ფოტოები ავარჩიე. მათ შორის დრო და რეალობა განსხვავებულია და ტექსტების გარეშე ავკინძე, რათა დამთვალიერებელს თავისებურად აღექვა. იმის მიხედვით, თუ როგორი ვიზუალური კულტურა აქვს მას..." - ამბობს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი. იგი ბოლო დროს ძალიან ბევრ სკანდალურ ამბავთან დააკავშირეს, რაც მისთვის შავი პიარის აგორებას ემსახურებოდა...
- ბოლო დროს ხშირად გვესმის, კულტურის განვითარებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, ამისთვის კი კონკრეტული ადამიანების ხელშეწყობაა საჭიროო... სახელმწიფო უკვე ზრუნავს მათზე. კულტურის სამინისტრო აქტიურ რეჟიმში მუშაობს, მაგრამ ჩვენს ხალხს ჯერ სხვა პრობლემები აქვს და ამისთვის არ სცხელა. არ შეიძლება, კულტურის სამინისტროს უმოქმედობაზე ისაუბრო და სოფლის მეურნეობას, სოციალურ პრობლემებს არ შეეხო. ადამიანს კულტურა მაშინ სჭირდება, როდესაც სხვა ყოფითი პრობლემები მოგვარებული აქვს. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს... მე არც ხელისუფლების ქებას დავიწყებ და არც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატობას, მაგაში არაფერს მიხდიან და რატომ უნდა დავიცვა, მაგრამ ჯერ ის პრობლემები უნდა მოგვარდეს, რაც გვაქვს და შემდეგ ვიფიქროთ სულიერ მოთხოვნილებებზე...
- ვინ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები?
- პრობლემების მოგვარების გზებიც მუშავდება... როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ, გაიხედეთ, გარშემო რა ხდებაო, გგონიათ ვერ ხედავს?.. ნებისმიერი ადამიანი ხედავს რეალობას, უბრალოდ, ხელოვნებამ თავისი გზა თავად უნდა იპოვოს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ხელოვნება თავად ცდილობს გზის გაკვლევას. თუ ხელოვნება არ ემსახურება საზოგადოებრივ ინსტიტუციებს და იდეოლოგიური მანქანისთვის იყენებენ, ის ხელოვნება არ არის. საბჭოთა კავშირს ჰქონდა იდეოლოგიური პოლიტიკა და ამაში დიდ ფულსაც იხდიდა. თუმცა არსებობდა ცენზურაც, მაგალითად, მათხოვრისა და გაჭირვებულის ფოტოებს ვერ გამოფენდნენ, ყველაფერი პომპეზურად უნდა წარმოეჩინათ.
- დღევანდელი ხელოვნება არსებულ მოთხოვნებს ვერ პასუხობს?
- დღევანდელმა ხელოვნებამ არსებული რეალობა უნდა " გადახარშოს" და ესთეტიკურ ფორმებში მიაწოდოს საზოგადოებას, რაც არ ხდება, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ხელოვანი სახელმწიფომ უნდა შეინახოს. " სახელოვნო" ქვეყანა გავხდით, სადაც თოხი და ბარი არავის უნდა და ყველა " ხელოვნობს". ჟურნალისტიკაშიც ასეა, ყველას წერა-კითხვა უნდა... ერთი სპარსული იგავია, შაჰს ვეზირისთვის უბრძანებია, ყველა პოეტს თავი მოჰკვეთეთ, ვინც ლექსს დაწერს, არც ის დაინდოთო... შაჰის კარზე შეშფოთებულან, ასე ხომ პოეტებს გავანადგურებთო. შაჰს უთქვამს, ნუ გეშინიათ, ვისაც მართლა არ ასვენებს ნიჭი და ლექსის გარეშე არ შეუძლია, მხოლოდ ისინი გადარჩებიანო... ნიკო ფიროსმანი ჭიქა ღვინოზე ხატავდა, რადგან ფუნჯის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო... დიახ, კულტურის სამინისტრო მათ საგამოფენო დარბაზებით უზრუნველყოფაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ პირდაპირ ფულს ვერ მისცემს. ჩვენ ბევრნი ვართ, სახელმწიფო ყველას ვერ შეინახავს და გამოხშირვისთვის იმ შაჰს ხომ არ დავუჯეროთ?.. ამ საკითხს ფრთხილი მიდგომა სჭირდება.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია