მომღერალი ჭიქიდან წყლისა და მით უმეტეს ღვინის დალევა ძალზე სასიამოვნოა, თუმცა, თავდაპირველად, მოულოდნელობისგან სასმისი შეიძლება ხელიდანაც გაგივარდეს... როგორ გაჩნდა და შემდეგ როგორ შეესხა ფრთა ამ ორიგინალური მუსიკალური თასის შექმნის იდეას? - გვესაუბრება გამოგონების ერთ-ერთი თანაავტორი, ინჟინერ-მექანიკოსი იური სიჭინავა.
- გაგებული გვქონდა გერმანული მუსიკალური ფინჯნების თაობაზე, ამგვარი მცდელობები აქაც იყო, თუმცა ჩვენ მექანიზმი დავხვეწეთ, დავამზადეთ თასი, რომელიც ტუჩის შეხებისთანავე, როგორც კი შიგ ჩასხმულ სითხეს დაეწაფები, სიმღერას იწყებს, პირის მოშორებისთანავე კი ჩუმდება. ამ თასიდან ოთხი მელოდია ისმის, გადამრთავიც აქვს და შეიძლება შეარჩიო, რისი მოსმენა გინდა: საქართველოს ჰიმნის, "მრავალჟამიერის", "ჩაკრულოსი" თუ რევაზ ლაღიძის გენიალური "თბილისოსი"... მას მოჰყვება დამტენი, ასევე ინსტრუქცია, მოხმარების წესი. ჭიქა კაკლის ხისა და მელქიორისგანაა დამზადებული, ასევე გვაქვს მხოლოდ ხისგან ნაკვეთი თასიც... დიზაინის დახვეწაზე ახლაც ვმუშაობთ. ჭიქის ზედაპირი თაფლის სანთლითაა დამუშავებული, ხე აუცილებლად კარგად გამომშრალი უნდა იყოს. მელქიორის დამუშავებაც რთული და ძვირად ღირებულია, მით უმეტეს, თუ ძვირფასი თვლებით მოავარაყე.
- ჭიქის მფლობელს თუ შეუძლია მისთვის სასურველი მელოდია აირჩიოს, ჩაწეროს?
- სხვა ადამიანი ამას ვერ გააკეთებს, მელოდია მიკროსქემაში იწერება, მერე კი ხმებს გასუფთავება, გაფილტვრა სჭირდება, რათა კარგი ჟღერადობა ჰქონდეს, ამის გაკეთება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. ზოგიერთი თასში დარდიმანდული, არცთუ გემოვნებიანი სიმღერის ჩაწერასაც გვთხოვს, მაგრამ... თასი თანამოაზრე ფიზიკოსებთან - დავით გზირიშვილთან, თამაზ დადიანთან, თენგიზ კუკავასთან ერთად შევქმენით. გამოგონება "საქპატენტშიც" დავარეგისტრირეთ, სახელწოდებით "მუსიკალური ჭიქა".
- მისი ყოფაცხოვრებაში გამოყენება თუ არის შესაძლებელი და ამასთან დაკავშირებით კურიოზული სიტუაცია თუ შექმნილა?
- ერთხელ, დიდ საქორწილო სუფრაზე თამადამ სადღეგრძელოს მერე სასმისი მიიყუდა და უეცრად სიმღერის ხმა რომ გაისმა, სუფრის ერთ-ერთი წევრი აღშფოთებული მიუბრუნდა მუსიკოსებს: გაჩუმდით, თამადას ხელს ნუ უშლითო, იფიქრა, მათ წამოიწყეს სიმღერა... სხვა სუფრაზე კი თამადა არ გააფრთხილეს და მოულოდნელობისგან, შეშინებულს ჭიქა ხელიდან გაუვარდა...
- თუ დაინტერესდა ვინმე, მომღერალი ჭიქის სერიული წარმოება წამოეწყო?
- მის დამზადებას დიდი დრო მიაქვს, შრომატევადი საქმეა, სულ მცირე, ერთი კვირა მაინც უნდა ერთი ასეთი ჭიქის დამზადებას. სერიული წარმოება რომც მოხერხდეს, დიდ მასშტაბს მაინც ვერ მიაღწევს. არც ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ეს ჩინელმა გააკეთოს, ჭიქა პლასტმასისგან ჩამოასხას და მერე ლარად გაყიდოს, მას ფასი დაეკარგება. ამგვარი ორიგინალური, ამასთან ტრადიციული ჭიქა ფუფუნების საგანია.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
გამარჯობათ. სად შეილება ჭიქის შეძენა.
სად შეიძლება ჭიქის შეძენა??