წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონში თბილისი ხალხისგან ნელ-ნელა იცლება - ზოგი მთაში, მზის მცხუნვარე სხივებისგან დასამალად და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გარბის, ზოგიც ზღვაზე, გასარუჯად და გასართობად მიიჩქარის. დავინტერესდი, სად აპირებენ დასვენებას ცნობილი ქართველები და ამ მიზნით რამდენიმე მათგანს დავუკავშირდი.
"ჩემი საახლობლოს თავშეყრის ადგილი ბათუმია"
სალომე ბაკურაძე:
- წელიწადის ამ დროს ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდები. მთელი სამეგობრო წინასწარ ვგეგმავთ, ზაფხულში სად წავიდეთ და როგორ დავისვენოთ, მაგრამ რატომღაც, როცა საქმე საქმეზე მიდგება, გეგმები გვეცვლება და საბოლოოდ, ჩემი დიდი საახლობლოს თავშეყრის ადგილი ისევ და ისევ, ბათუმია. გართობის გარდა, ჩემთვის ზაფხული შემოქმედებითი თვალსაზრისითაც დატვირთულია ხოლმე, მაგრამ მუშაობაც მეხალისება.
- რომელი ზაფხული დაგამახსოვრდა ყველაზე კარგად?
- მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთაც არაერთხელ დამისვენია. ყველაზე კარგად კი ის წელიწადი მახსენდება, როცა მეგობრებთან ერთად, დასასვენებლად თურქეთში წავედი. თანაც, მაშინ მშობლებმა საზღვარგარეთ მარტო პირველად გაგვიშვეს...
- საზაფხულო გარდერობი უკვე განაახლე?
- მაღაზიებში თითქმის ყოველდღე დავდივარ და შესაბამისად, საზაფხულო გარდერობსაც ნელ-ნელა ვაახლებ. ეს სეზონი იმითაც მიყვარს, რომ სამოსი თხელი, ფერადი და კომფორტულია.
"ჩემი თავის კაცი ვარ..."
ნიკა წულუკიძე:
- ჯერ ლონდონში ვიყავი, ახლა ბულგარეთში ვარ, აგვისტოს ბოლოს კი საბერძნეთში მივდივარ. ჩემთვის ყველა ზაფხული დაუვიწყარია. რა ვქნა, ჩემი თავის კაცი ვარ და მიყვარს კარგად დასვენება (იღიმის).
- იმისთვის, რომ კარგად დაისვენო, მშვიდი გარემოა საჭირო თუ პირიქით - ხმაურიანი?
- გააჩნია სად ვარ, რა საზოგადოებაში. საირმეში დასვენება ძალიან მიყვარს. წელს თუ მოვახერხებ, აუცილებლად წავალ.
13 წლის ასაკში ნაშოვნი ფული და გამოუსადეგარი ნივთები
მარიტა როხვაძე:
- 13 წლის ასაკში კერძო პედაგოგთან, სიმღერაში ვემზადებოდი. ზაფხულში მასწავლებელმა რამდენიმე ბავშვისგან დაკომპლექტებული ჯგუფი ქობულეთში წაგვიყვანა. დღისით კარგად ვერთობოდით, საღამოს კი ბარში ვმღეროდით და ფულს ვშოულობდით. მახსოვს, შეგროვილი თანხით ყველაფერს, მათ შორის - სრულიად გამოუსადეგარ ნივთებსაც ვყიდულობდი. ის პერიოდი არასდროს დამავიწყდება.
- უკვე დაგეგმე, ზაფხულის ცხელ დღეებს როგორ გაატარებ?
- ჯერჯერობით არაფერი დამიგეგმავს. შესაძლოა, ალბომზე დავიწყო მუშაობა და დასვენებისთვის ვერც მოვიცალო. ძალიან მიყვარს ზღვა და თითქმის ყოველ წელს მივდივარ ხოლმე. იმედია, ამას წელსაც მოვახერხებ... სხვათა შორის, უამრავი ფერადი ტანსაცმელი შევიძინე და თუ ვინმეს რაიმე დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, მომაკითხოთ, - აუცილებლად გათხოვებთ (იღიმის).
სად აახლებს გარდერობს სიმპათიური მომღერალი
რატი დურგლიშვილი:
- მთელი ზაფხული დაგეგმილი მაქვს: 5 ივლისს მილანში მივდივარ, შემდეგ იურმალასა და რიგას ვეწვევი. მინდა, კიდევ სადმე წავიდე, მაგრამ ვნახოთ, ამას როგორ მოვახერხებ.
- ზაფხულს მხოლოდ გართობას უთმობ თუ შემოქმედებითი კუთხითაც აქტიური იქნები?
- "ჯორჯია" იურმალაზე როგორც გამარჯვებული ჯგუფი, ისე მიიწვიეს, - ანუ მე და მაკას სიმღერა მოგვიწევს. სხვათა შორის, სალომე ქათამაძესთან ერთად დუეტსაც შევასრულებ.
- ყველაზე კარგად რომელი ზაფხული გახსოვს?
- ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ის ზაფხული გახლდათ, როცა კონკურსში - "იურმალა" გავიმარჯვეთ; ამ გამარჯვებას დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები ახლდა... ბათუმში დასვენებაც თითქმის ყოველ წელს განსხვავებული და მაგარია, ჰოდა, ამ ულამაზეს ქალაქში ყოველ ზაფხულს ჩავდივარ. მშვენივრად ვისვენებ ბორჯომის ხეობაშიც. სურვილი მაქვს, სვანეთი მოვიარო, მაგრამ არ ვიცი, ამას შევძლებ თუ ვერა.
- საზაფხულო გარდერობი უკვე განაახლე?
- საზაფხულო გარდერობს მილანში განვაახლებ. მინდა მათ მივმართო, ვისაც კარგად ჩაცმა უყვარს: შოპინგისთვის მილანი ყველაზე კარგი ადგილია. ამ ქალაქიდან სიმპათიურად ჩაცმული დაგიბრუნდებით (იცინის).
"ზაფხული არაფრის კეთების სეზონია"
ლელა მებურიშვილი:
- ჯერჯერობით აქტიურად ვმუშაობ და არ მაქვს გადაწყვეტილი, შვებულებას სად გავატარებ. ზაფხული ჩემთვის ყველაზე კარგი, თანაც - არაფრის კეთების სეზონია (იღიმის). მიყვარს ზღვა, წყალი და ამავდროულად, მთა და სიმშვიდეც მიტაცებს. მომწონს განსხვავებული ადგილები და სიტუაციები.
- ყოველთვის სხვადასხვა ფერის სამოსი გაცვია...
- ჩემს გარდერობში სრული სიჭრელეა. მართლაც, მიყვარს ღია და ნათელი ფერები... ბედნიერ და უდარდელ დასვენებას გისურვებ შენც და "გზის" მკითხველებსაც.
ჟანა გოგინაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)