საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი ხელისუფლებას პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. "ყველა სიახლე" ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ზაზა, თქვენ პირველმა დაიწყეთ ამ ხელისუფლების კრიტიკა. ღია წერილითაც მიმართეთ პრემიერს. ამის გამო ხშირად გსაყვედურობენ, ამბობენ, რომ კრიტიკა ნაადრევია.
- ივანიშვილმა და მმართველმა კოალიციამ ადვოკატის უფლებები დაბლოკეს და პროკურატურასთან არათანაბარ პირობებში დაგვტოვეს. მონსტრი პროკურატურა უარეს მონსტრად აქციეს. მათ მესამე მოსმენით მიიღეს ცვლილება პროკურატურის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, პროკურორის დანაშაულს ისევ პროკურატურის ორგანოები გამოიძიებენ. 30 მაისს, პროკურატურის დღეს, მე ბორკილდადებული ვიდექი აქციაზე პარლამენტის წინ, პრემიერმა ივანიშვილმა კი იმ პროკურორებს, ვინც უდანაშაულო ადამიანებს ცილს სწამებდა, პროკურატურის დღე მიულოცა. პროკურორ ნათია სონღულაშვილს 30 მაისს მადლობა გამოუცხადეს. ეს ის პროკურორია, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ისე, რომ დანაშაულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნდა. ახლა პროკურორები კვლავ სჩადიან დანაშაულს, თუმცა ისეთ მასშტაბურს არა, რადგან ახალი მოსულები არიან. სააკაშვილი რომ მოვიდა, პირველი სამი წლის განმავლობაში პროკურორები შინ არავის უცვივდებოდნენ და ქონებას არ ართმევდნენ.
- რა დანაშაულზეა ლაპარაკი?
- საია-ზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია არ არსებობს. როდესაც აჭარაში ის ცნობილი ინციდენტი მოხდა, შს მინისტრმა განაცხადა, სამმართველოს უფროსი ვალერი თელია პოლიციელის მუნდირის ღირსებას იცავდაო. გიგი სვანი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. რასაც სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა, იმას აკეთებს ღარიბაშვილ-ნაცვლიშვილის დუეტი, რომელიც, ფაქტობრივად, მთავარი პროკურორია. ღარიბაშვილი უნდა იჯდეს ციხეში. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დააშავებს. ამას რომ ვამბობ, მეუბნებიან, ვაცადოთ, ახალი მოსულები არიანო, მაგრამ დანაშაულს რომ სჩადიან, არ უნდა მოვთხოვოთ კანონის დაცვა? თუ მათ ეპატიებათ? სააკაშვილს ვაცადეთ 9 წელი და ხომ ხედავთ, რა ხდება! 2012 წლის 3 დეკემბერს პოლიციამ ძმები სოზიაშვილები აწამა. ვიდეოფირი რომ ამოიღონ, ნახავენ, როგორ აწამებენ ძმებს სამოქალაქოფორმიანი პოლიციელები. შემდეგ კი საქმეში პოლიციის დახეული ფორმა ჩადეს. ამ საქმის გამომძიებელიც და პროკურორიც დასაჭერია დანაშაულის დაფარვისთვის. თუ ვანო უნდა იჯდეს ციხეში, რომელმაც დაფარა თავისი ცოლის დანაშაული, რატომ არ უნდა აგოს პასუხი ღარიბაშვილმა? რა მნიშვნელობა აქვს, პატარა დანაშულს დაფარავს თუ დიდს?! ამ საქმის შესახებ პირადად ვაცნობე შს მინისტრს.
სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს გადავეცი მტკიცებულებები, მაგრამ უჩას არ აინტერესებს, რა ხდება. არ მახსოვს, გიორგი ტუღუშისთვის მიმემართოს წერილობით, მას კი ჯგუფი არ შეექმნას და პასუხი არ ეცნობებინოს. ნანუაშვილს სახალხო დამცველობა მხოლოდ ტელევიზიით პოზიორობა ჰგონია. სამწუხაროდ, იქმნება პოლიციური და საპროკურორო სახელმწიფო, ეს უკვე იგრძნობა. ახალი კანონით ადვოკატებს უფლებები შეუმცირეს. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ჩუმად იყო?... ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის გარდა, არც ერთი ჩემი ყოფილი კოლეგა არ დადგა ადვოკატთა კორპუსის გვერდით. პირიქით, პროკურორების რანგში მოგვევლინენ. ამის შემდეგ "ქართული ოცნება" ჩემთვის სააკაშვილის რეჟიმის დანამატად გადაიქცა.
ლამუნა ირემაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)