საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში იარაღის საბაზო სამალავი არსებობდა. როგორც კობა ნარჩემაშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ინფორმაციით, აჭარის რეგიონში არსებობდა იარაღის საბაზო სამალავი, რომელიც შემდეგ დაიშალა და იარაღი სხვადასხვა სამალავებში გადანაწილდა. ნარჩემაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამალავების აღმოჩენა კვლავაც გაგრძელდეს.
რაც შეეხება სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებს, კობა ნარჩემაშვილი ვარაუდობს, რომ სამეგრელოს სამალავი 1 ოქტომბრის შემდეგ შეიქმნა. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში მარცხი განიცადა, გამოჩნდა საფრთხე მათთვის მაკომპრომეტირებელი მასალის გამჟღავნების.
შს ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, მსგავსი სამალავების არსებობა, სერიოზულ სამართლებრივ და ნორმატიული დოკუმენტების ქონას მოითხოვს. მისივე განმარტებით, სამალავთან დაკავშირებული ნორმატიული მასალა გასაიდუმლოებულია, მასთან ხელმისაწვდომობა აქვს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მხოლოდ რამდენიმე პირს, ელიტას. მისივე თქმით, სამალავების შექმნის შესახებ უნდა არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც სრულად უნდა იყოს გასაიდუმლოებული და თანამდებობის ბევრი პირისთვის ხელმიუწვდომელი. ნარჩემაშვილის ინფორმაციით, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მსგავსი სამალავის არსებობა სრულიად დაუშვებელია.
"თუკი საჭირო დოკუმენტაცია არ არსებობდა და სამალავის არსებობის შესახებ ახალი ხელისუფლება ინფორმირებული არ იყო, მაშინ საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება სამალავებთან დაკავშირებით, შესაძლებელია ირიბად აღვიქვათ პრეზიდენტის მხრიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალის აღიარებად.
ამასთან, ნარჩემაშვილის განცხადებით, სამალავების შექმნის შესახებ საკითხი განხილვის საგანი უნდა ყოფილიყო უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მისივე თქმით, მსგავსი სამალავების შექმნა უმაღლესი პირების ჩარევის გარეშე შეუძლებელია. ამასთან, შს ყოფილი მინისტრის მტკიცებით, მსგავსი სამალავები მისი მინისტრობის პერიოდში არ არსებობდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იარაღის საწყობების შექმნაზე მას ნებართვა გაცემული ჰქონდა.
"ნებართვა მაქვს მიცემული გაგვეკეთებინა, იმიტომ, რომ ხელახალი აგრესიის განახლების პირობებში ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით ისეთი დაუცველი, როგორც ჩვენი ინფრასტრუქტურა 2008 წელს იყო, მიუხედავად ჩვენი ჯარის გმირული წინააღმდეგობისა. ამიტომ, თავისთავად, იარაღის საწყობები რომ კეთდებოდა, ამაში ახალი არაფერია არც ჩემთვის, არც ახალი მთავრობისთვის. იარაღის საწყობებში რომ ვიდეოკადრები არ იყო, მემგონი ყველა ვხვდებით. რაც შეეხება "კაგებეს" მეთოდებს, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ ვინმეს ხელი წაუცდა კრიმინალზე, უნდა დაისაჯოს", - აღნიშნა სააკაშვილმა.