მომღერალ სელენა გომესს მუსიკალური კარიერის მიტოვება და კინოკარიერის დაწყება სურს, - ამის შესახებ მომღერალმა ჟურნალ InStyle-თან ისაუბრა.
"ახლა ცვლილებების რთული პერიოდი მაქვს. მჭირდება პროექტები, რომლებიც წინ მიბიძგებენ და კომფორტის ზონიდან გასვლას მაიძულებენ", - ამბობს მომღერალი. ასეთი პროექტია - დრამა "აღვირახსნილი არდადეგები", სადაც გომესი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
"თანდათან უფრო თავდაჯერებული ვხდები - ეს ძალიან საინტერესო პროცესია. პირად ცხოვრებაში ბევრის გადატანა მომიხდა. გამოცდილება სიმღერების დაწერისას გამოვიყენე",-აღნიშნავს მომღერალი.
მაგალითად, სიმღერა Love Will Remember მისი და მომღერალ ჯასტინ ბიბერის დაშორების ქრონიკაა, ბიბერს გოგონა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა. "ვფიქრობ, ეს ემოციების გამოხატვის კარგი საშუალებაა, დარწმუნებული ვარ სიმღერა მასაც ძალიან მოეწონა", - ამბობს მომღერალი.
სელენას თქმით, მისი ახალი ალბომი და მსოფლიო ტურნე - მისი მუსიკალური კარიერის ფინალური აკორდი გახდება. ტური 14 აგვისტოს ვანკუვერში დაიწყება და 56 ქალაქში გაგრძელდება.
სელენას სურს, უარი თქვას მუსიკალურ კარიერაზე და მობილიზება მლიანად სამსახიობო ოსტატობის დახვეწაზე მოახდინოს.
გომესმა სახელი Disney-ის პოპულარულ ტელეპროექტით - "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" გაითქვა. მის პოპულარობას ხელი მუსიკალურმა სოლოკარიერამაც შეუწყო.
მომზადებულია InStyle-ის მიხედვით.