ჟენევაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს President Wilson-ის სამეფო ნომერ Royal Penthouse Suite-ში 1 ღამის გატარება 50 000 ევროზე მეტი ღირს. ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერია.
მისი ფანჯრებიდან ქალაქის შესანიშნავი ხედი, ალპები და მწვერვალი მონბლანი ჩანს. აღსანიშნავია, რომ ამავე თანხად ალპებში 2 საძინებლიანი აპარტამენტების შეძენაა შესაძლებელი, მაგრამ ფუფუნების მოყვარულებს ეს არ აფერხებთ. რიგების გამო პენტჰაუსის დაჯავშნა დიდი ხნით ადრე უწევთ.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ნომერში ხშირად ჩერდებიან ვარსკვლავები, პოლიტიკოსები და სახელმწიფოების მეთაურები. პენტჰაუსი უკვე მასპინძლობდა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს, Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსს და მომღერალ რიანას.
Royal Penthouse Suite 510 კვ/მ-ს იკავებს. ის მოიცავს 12 ოთახს, 12 სააბაზანოს და დიდ ტერასას, რომელიც ტბას გადაჰყურებს. ამ ნომერში არის ბილიარდის მაგიდა, ბარი, ბიბლიოთეკა, ფიტნეს-ცენტრი და სასადილო ოთახი 16 კაცისთვის.
ინტერიერი ისეთივეა, როგორიც ლუქსს შეეფერება, ხოლო სატელეფონო კავშირი სააბაზანოებშიც კი ხელმისაწვდომია. მისაღებ და სამ საძინებელ ოთახში სახლის კინოთეატრია დამონტაჟებული.
პენტჰაუსში განთავსებულია ექსკლუზიური ავეჯი, ხოლო ოთახები ხელოვნების იშვიათი და ძვირადღირებული ნიმუშებითაა გაფორმებული.
გარდა ამისა, Royal Penthouse Suite მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სასტუმროს ნომრადაა აღიარებული. მასში მოხვედრა, მხოლოდ კერძო ლიფტითაა შესაძლებელი, დამონტაჟებულია რკინის კარები. ფანჯრებში ნახევრად ტყვიაგაუმტარი შუშაა ჩასმული და ყველა ოთახშია "საგანგაშო" ღილაკი. საფრთხის შემთხვევაში, სტუმარს შეუძლია ჩაიკეტოს სპეციალურ ოთახში და დახმარებას დაელოდოს.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.