ჯანსუღ ჩარკვიანის შვილს, თაკო ჩარკვიანს, არ უყვარს ძვირფასი ნივთები და მდიდრულად მოწყობილი ბინა. ისეთი ბინები, სადაც ყველაფერი ძალიან ძვირფასია და შეხება არ შეიძლება, რომ არ გაფუჭდეს. ფიქრობს, რომ დიდ სიმდიდრეში არასდროს იბადებიან გენიოსები. ფინანსურად არასდროს უჭირდა, მაგრამ აქვს უბრალოდ მოწყობილი ბინა, სადაც მისი მეგობრები ხშირად იკრიბებიან.
როგორ გადაურჩა საქართველო "სუხოი ზაკონს"
- ჯანსუღ ჩარკვიანისა და ნოდარ დუმბაძის სახალისო და ისტორიული ფოტო ვისი გადაღებულია?
- ფანტასტიკური ადამიანის, გუგულა გიორგაძის, რომელიც მამას მეგობარი გახლდათ. პროფესიით მძღოლი იყო. სურათი საგურამოშია გადაღებული. გაგანია კომუნისტობის დროს. ძალიან ბევრი საარქივო ფოტო მისი გადაღებულია. ორივეს ამ პერიოდში ინფარქტი ახალი გადატანილი ჰქონდა.
- ნამგალი სავარაუდოდ არ ჰქონდათ.
- როგორც ჩანს, არ ჰქონდათ და ქაფჩით და ჩაქუჩით გადაიღეს სურათი.
- ამ ფოტოს გამო შეიძლება, დასჯილიყვნენ კიდეც.
- თავისუფლად შეიძლებოდა ასე მომხდარიყო. მათ თაობაში ძალიან ბევრი დასჯილა ფოტოს და მსგავსი ხუმრობის გამო. ჯანსუღს ეს არ ადარდებდა. ერთხელ ლიგაჩოვი იყო ჩამოსული. ამბობდა, საქართველოში "სუხოი ზაკონი" უნდა დამტკიცდესო. ჩატარდა კრება, სადაც ინტელიგენციაც მიიწვიეს. მამას მეგობარი ჰყვება ხოლმე, უცბად კრებაზე ჯანსუღის ხმა გაისმა, "ნუ აჰყვებით ლიგაჩოვს, ქაქის ჭამას მიგაჩვევთო". თურმე მთელი დარბაზი ხარხარებდა. ლიგაჩოვს უთქვამს, გადამითარგმნეთო. უშიშროებიდან ვიღაცას დაუძახია, არ გადაუთარგმნოთო. ბოლოს ლიგაჩოვის დაჟინებული თხოვნით, უთარგმნიათ. ლიგაჩოვს გაუცინია, რამდენად ეცინებოდა, არ ვიცი. სავარაუდოდ, სიმწრის სიცილი იყო... ნოდარ დუმბაძისა და ჯანსუღისთვის კალამი ნამდვილი იარაღი იყო და ხუმრობით სიმართლის თქმას ხშირად ახერხებდნენ.
- მომდევნო ფოტოზე ვისაუბროთ.
- ეს ფოტო გურამ თიკანაძემ გადაიღო. მამა ცხენის ძუას ეჭიდებოდა და ისე ადიოდა მყინვარწვერზე. გურამმა ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვა.
- მამაზე ბევრს ვსაუბრობთ და დედა ცოტა დაგვეჩაგრა. შემდეგ ფოტოზე თქვენი ოჯახია და როგორც მითხარით, ეს ფოტო ძალიან გიყვართ.
- დედა, ირმა ჩხეიძე, ულამაზესი ქალი იყო. ამ ფოტოზე მე ჯერ დაბადებული არ ვიყავი. ჩვენი ოჯახის ყველა ფოტო მიყვარს, რომელიც ჩემს დაბადებამდეა გადაღებული. სულ მაინტერესებს, ჩემს დაბადებამდე რა და როგორ იყო. მამუკას ვაკვირდები ხოლმე, როგორი საყვარელია. დედა ძალიან პატარა იყო, 19 წლის, მამუკა რომ დაიბადა. დედა და მამა თვრამეტი წლის ასაკში შეუღლდნენ. ძალიან კარგი ოჯახი მოიტანეს დღემდე.
- შვილებს მამუკა და თაკო რატომ დაგარქვეს?
- დედას თურმე ძალიან უყვარდა სახელი მამუკა და ბიჭი რომ დაიბადა, დაარქვეს. მამა ამბობს ხოლმე, სახელი თამარი ძალიან მიყვარდა, დაემთხვა და დედაშენის დედასაც თამარი ერქვაო. მამუკა ბავშვობაში თაკუჩას მეძახდა და შემრჩა ეს სახელი. რომ გავიზარდე, ყველა თაკოს მეძახის.
- მომდევნო ფოტოდან ჩანს, რომ როგორც ყველა ბავშვს, თქვენც ძალიან გყვარებიათ სათამაშოები.
- განსაკუთრებით ის თოჯინა მიყვარდა, რომელიც ფოტოზე მყავს ჩახუტებული. სურათი მამაჩემის დედის სახლშია გადაღებული. ისინი ჯაფარიძის, ახლანდელი პაოლო იაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ძალიან საინტერესო ქუჩაა. პოეტ კარლო კალაძეს, პაოლო იაშვილს, მარიჯანს, ჯანსუღ ჩარკვიანს, გიგა ლორთქიფანიძეს ამ ქუჩაზე ჰქონდათ თავი მოყრილი. მახსოვს, იმ სახლის ეზოში ორი ვეებერთელა კვიპაროსი იდგა. ბავშვობიდან ფიქრი მიყვარდა. კარგად მახსოვს, რომ შებინდდებოდა, კაცებივით დარჩებოდნენ ხოლმე ეზოში. დილით რომ შევხედავდი, სულ მეგონა, რომ ის სიმშვიდე და ის სევდა აღარ ჰქონდათ, რაც ღამით.
- ახლა ის კვიპაროსები კიდევ დგას ეზოში?
- რამდენიმე წლის წინ ვიკითხე და მითხრეს, ძველებურად დგას ორივე ხე ეზოშიო.
"ნუდარ დუმბაძე თაკუნიას მეძახდა"
- თქვენს ალბომში ჯანსუღ ჩარკვიანისა და მამუკას ერთად გადაღებული ბევრი ფოტოა.
- ერთად დიდ დროს ატარებდნენ. მამუკა, ჩემი აზრით, მამას ძალიან ჰგავს.
- თქვენ ვის ჰგავხართ?
- ორივეს ვგავარ, მაგრამ ამბობენ, რომ ყველაზე მეტად მამაჩემის დედას ვგავარ. პისტი გელოვანს.
- პისტი ნამდვილი სახელია?
- ბერძნული წარმომავლობის სახელია.
- თქვენს გენში ბერძნული სისხლიცაა?
- უბრალოდ, ბებიას ბერძნული სახელი ერქვა.