აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის პაროდიულ ტრეილერში გადაიღეს. მხატვრული ფილმი ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ბიოგრაფიას ასახავს. ტრეილერში ობამამ დენიელ დეი-ლუისი განასახიერა, რომელიც სურათში მთავარ, ანუ ბარაკ ობამას როლს შეასრულებს. The Hollywood Reporter-ის ცნობით, ტრეილერი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის წევრებს უჩვენეს.
სტივენ სპილბერგის ვიდეორგოლი იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ ეძებდა რეჟისორი ახალი ფილმის მთავარ გმირს. ერთ დღეს მას გაუჩნდა იდეა, რომ ფილმი ბარაკ ობამას შესახებ გადაეღო. რეჟისორის თქმით, ფილმის გადაღების დაწყება უკვე შესაძლებელია. სპილბერგი დიდხანს ეძებდა მსახიობს, რომელიც საუკეთესოდ მოირგებდა ობამას იმიჯს და საბოლოოდ, არჩევანი "ლინკოლნის" ვარსკვლავ დენიელ დეი-ლუისზე შეაჩერა.
ბარაკ ობამა, რომელიც ტრეილერში დენიელ დეი-ლუისს განასახიერებს, ვიდეორგოლში "ახალი როლის" სირთულეებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ დიდი დრო დასჭირდა, რათა ობამას აქცენტით საუბარი ესწავლა. მისი თქმით, დიდი პრობლემა იყო ასევე გრიმიც, განსაკუთრებით ყურები. "დეი-ლუისის" თქმით, ყველაზე რთული როლში გარდასახვა და მისი გმირის მოტივაციის გაგება იყო. მას გაუჩნდა შეკითხვები - რატომ დაკავდა პრეზიდენტი პირველ რიგში ჯანდაცვის პრობლემებით და როგორ ახერხებს, რომ არ ბრაზდება.
ობამას გარდა ტრეილერში ტრეისი მორგანიც გადაიღეს. სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში მას ჯო ბაიდენის როლი ხვდა წილად.
სტივენ სპილბერგის და დენიელ დეი-ლუისის ბოლო ერთობლივი ნამუშევარი "ლინკოლნია", რომელიც აშშ-ის მე-16 პრეზიდენტს ეძღვნება. სურათი მსოფლიო კინოეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა. ფილმი "ოსკარზე" 10 კატეგორიაში იყო წარდგენილი და დენიელ დეი-ლუისს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მოუტანა.
მომზადებულია The Hollywood Reporter-ის მიხედვით.