მილიარდერების სიუხვით ამერიკა ყოველთვის გამოირჩეოდა. ბევრი მათგანის სახელი - მაგალითად, როკფელერი ან ჰენრის ფორდი - დღესაც სიმდიდრესთან, ფუფუნებასა და დიდ ფულთან ასოცირდება. თუმცა, ყველასგან გამორჩეული ჰოვარდ ჰიუზი ისტორიაში დიდი ქონების გარდა, ექსტრავაგანტული ხასიათით და ავიაციისადმი უსაზღვრო სიყვარულით შევიდა.
ჰიუზის იმპერია ათეულობით სფეროს მოიცავდა: იღებდა ფილმებს, აპროექტებდა თვითმფრინავებს, მის მფლობელობაში იყო სასტუმროები, კაზინოები, ფაბრიკები, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილესი ავიაკომპანია... ის აბანდებდა ფულს ყველგან, სადაც მცირე მოგების შესაძლებლობაც კი არსებობდა. მას საზოგადოების ყველა ფენა იცნობდა. პოლიტიკოსების, კონგრესმენების, ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და მოსამართლეების კაბინეტებში ის ყოველთვის საპატიო სტუმრად ითვლებოდა. მისთვის არ არსებობდა სიტყვა "არა" ან "შეუძლებელია". მიზანს ის ყოველთვის, მათ შორის ზოგჯერ უკანონო და სიცოცხლისთვის სახიფათო გზებითაც აღწევდა.
მომავალი მილიარდერი 1905 წლის 24 დეკემბერს დაიბადა. მამამისი - ჰოვარდ ჰიუზ უფროსი გამომგონებელი იყო. 1908 წელს ჭაბურღილი დანადგარის დაპატენტებით, ჰიუზების ოჯახმა პირველი მილიონები იშოვა. სწორედ მამისგან მიიღო მემკვიდრეობით უმცროსმა ჰიუზმა მექანიკური იარაღების მწარმოებელი კომპანია Hughes Tools, გამომგონებლის ნიჭი და ალკოჰოლის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა.
პირველ ხანებში ჰიუზი მამის დანატოვარ კომპანიას აფართოებდა. თუმცა მალე მისი ყურადღება კინემატოგრაფმა მიიპყრო და ახალი მწვერვალების დასაპყრობად ჰოლივუდში გაემგზავრა.
პროდიუსერობასთან ერთად ჰიუზმა თავი რეჟისორის ამპლუაშიც მოსინჯა. სხვადასხვა ხრიკებით, 90-მდე სამხედრო თვითმფრინავი შეიძინა და სახიფათო ტრიუკებით აღსავსე ფილმი "ჯოჯოხეთის ანგელოზები" გადაიღო. კინოთეატრების ეკრანებზე გასულმა ფილმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ყველა სეანსზე დარბაზი გადაჭედილი იყო. მართალია გადაღებებში ჩადებული თანხის ამოღება ვერ მოხერხდა, მაგრამ ავიაციით ის ცხოვრების ბოლომდე დარჩა გატაცებული.
1932 წელს თავისი მომავალი იმპერიის მთავარი ბურჯი - Hughes Aircraft Company დაარსა და 27 წლის ასაკში, მსოფლიოში, ავიაციის სფეროში მოქმედი ყველაზე ახალგაზრდა მეწარმე გახდა. საინჟინრო განათლების არქონას ჰიუზისთვის თვითმფრინავების პროექტირებაში ხელი არასდროს შეუშლია. საკუთარ კომპანიაში თავად აპროექტებდა თვითმფრინავებს და მათი აწყობის პროცესს სრულად აკონტროლებდა. პირადად აწარმოებდა საბუღალტრო სამუშაოებს და აფორმებდა კონტრაქტებს. საკუთარ თვითმფრინავებსაც ჰიუზი ყოველთვის თვითონ ცდიდა.
ის მიღწეულზე არასდროს ჩერდებოდა და მეტი სიჩქარის განსავითარებლად საკუთარ თვითმფრინავებს გამუდმებით აუმჯობესებდა. ჰიუზი პირველი იყო, ვინც ჰაერის წინააღმდეგობის შესამცირებლად თვითმფრინავებში მალულთავიანი მოქლონები გამოიყენა. 1935 წელს საკუთარი პროექტით შექმნილი თვითმფრინავით H-1 ჰიუზმა 567,17 კმ/სთ განავითარა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
მეორე მსოფლიო ომის დროს მილიონერმა ახალი მიზანი - გიგანტური თვითმფრინავის Hercules-ის შექმნა განიზრახა, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცებს ატლანტიკის ოკეანის გადაღმა - ევროპაში გადაიყვანდა. მის შექმნაზე მთავრობამ 13 მილიონი დოლარი გამოყო. ომიანობის პერიოდში დეფიციტად მიჩნეული ალუმინი ჰიუზს არ მისცეს. ამიტომაც მფრინავი გოლიათის მშენებლობისთვის, ფიჭვის ხე გამოიყენა. თვითმფრინავის არაოფიციალური სახელი Spruce Goose - „ფიჭვის იხვი“ სწორედ ამან განაპირობა. ავიაციის ისტორიაში ის დღემდე ყველაზე დიდ მფრინავ ხომალდად რჩება. მისი ფრთის გაქანი 98 მ-ია.
თვითმფრინავის დასრულება მხოლოდ 1947 წელს მოხერხდა. პირველად ის იმავე წლის 2 ნოემბერს აფრინდა. „ფიჭვის იხვს“ თავად ჰოვარდ ჰიუზი მართავდა. მაგრამ ომი უკვე დასრულებული იყო და სამხედროებმა თვითმფრინავის მიმართ ინტერესი დაკარგეს. ერთხანს რვა ძრავიანი გიგანტი სპეციალურ ანგარში ინახებოდა, რომლის ყოველწლიურ ქირაში ჰიუზი 46 000 დოლარს იხდიდა. 1993 წლიდან თვითმფრინავი საავიაციო მუზეუმის ექსპონატად იქცა.
ჰიუზის ინტერესთა კიდევ ერთი სფერო ავიაგადაზიდვები იყო. 1939 წელს ნაყიდი Trans World Airlines მან ამერიკის უმსხვილეს ავიაკომპანიად აქცია. პარტნიორებთან სასამართლო გარჩევების შემდეგ, 1966 წელს მილიონერმა TWA-ს აქციები 546 მილიონად გაყიდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ერთმა კაცმა ასეთი თანხა ერთბაშად, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღო. TWA-ს გაყიდვით მიღებული თანხის ნაწილი ჰიუზმა აზარტულ თამაშებში და "ამერიკული სამოთხის" - ლას ვეგასის განვითარებაში ჩადო. საკუთარი კაპიტალის გაზრდის თვალსაზრისით ეს იდეალურად სწორედ გადადგმული ნაბიჯი იყო. ახალი კაზინოებისა და სასტუმროების მშენებლობამ "ავიატორის" ქონებას დამატებითი მილიონები შემატა.
1960-იანი წლებისთვის ავიამრეწველობისა და მექანიკური ხელსაწყოების ქარხანასთან ერთად, სათამაშო ბიზნესი ჰიუზის იმპერიის განუყოფელ ნაწლად იქცა. პარალელურად ის აქტიურად დებდა ფულს სარეკლამო და ფარმაცევტულ სფეროში, რკინიგზაში, სოფლის მეურნეობაში, საკვებ და ტექსტილის მრეწველობაში. ვაჭრობდა იარაღით, ტყვია-წამლითა და საბრძოლო მასალით, ავტომობილებით და ალკოჰოლით, თუმცა ავიაცია ერთადერთი მიმართულება იყო, რომელიც მას რეალურად იტაცებდა და რომლის ერთგულიც ის სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.
საკუთარი ბიზნესის წარმატებისთვის ჰიუზი ყველაფერზე მიდიოდა. მეგობრობდა ბანკირებთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან. აქტიურად თანამშრომლობდა მაფიასა და ცენტრალური სადაზვერვო ბიუროსთან. მონაწილეობდა კლანურ გარჩევებში. არ თაკილობდა მოსამართლეების და პროკურორების მოსყიდვას. ის პრეზიდენტ ნიქსონის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი დამფინანსებელი (300 ათასი დოლარი) და "უოტერგეიტის" გახმაურებული საქმის (ნიქსონის კონკურენტის წინააღმდეგ არაკანონიერი გზით კომპრომატის მოძიება) ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო.
1968 წელს Hughes Aircraft-ის პრეზიდენტის, მთავარი კონსტრუქტორისა და ინჟინრის პოსტებზე მყოფი ჰიუზის წლიურმა შემოსავალმა 80 მლნ დოლარს მიაღწია. მაგრამ სიმდიდრის მიუხედავად ჰიუზი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.საკუთარ აპარტამენტებში გამოკეტილი, ერთ დროს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ადამიანი საზოგადოებას გაემიჯნა. ის ვერ იტანდა კალენდრებს, საათებს და დღის შუქს. მისი საცხოვრებლის ფანჯრები ყოველთვის სქელი ფარდებით იყო დაფარული.
მისი კიდევ ერთი ამოჩემება სისუფთავე გახდა. ჰიუზის სისუფთავისადმი სიყვარული თანდათანობით ავადმყოფობაში გადაიზარდა. მილიარდერი მხოლოდ სტერილურ ცხვირსახოცებსა და ხელსახოცებს ხმარობდა. კარის სახელურებს, ქაღალდებს, საბუთებს, ჭიქას და დანა-ჩანგალსაც კი შიშველი ხელით არასდროს ეკარებოდა. სძულდა კონდიციონერები, რადგან მისი აზრით, ისინი საცხოვრებლის ჰაერს ბაცილებითა და მიკრობებით აბინძურებდნენ. იდეალური სისუფთავისა და სტერილურობის მანიით შეპყრობილი ჰიუზი ხელებს დღეში 100-120-ჯერ იბანდა. საპირფარეშოში ვიზიტი კი მისთვის სამხედრო გმირობის ტოლფასი იყო.
ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ, არაჯანსაღი ცხოვრების რიტმმა მილიარდერის ჯამრთელობას ბოლო მოუღო. მას მუდმივი უძილობა, გულის უკმარისობა და თავის ტკივილები აწუხებდა. სიცოცხლის ბოლოს ამას გართულებული დიქცია და სკლეროზი დაემატა. ჰოვარდ ჰიუზი, ისე, როგორც ეს ნამდვილ ავიატორს შეეფერება, თვითმფრინავში 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი სახელი გინესის რეკორდთა წიგნში სამჯერ ჩაიწერა - ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი, მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრენი აპარატის შემქმნელი და ამერიკის ბიუჯეტში ყველაზე მეტი გადასახადების შემომტანი (დაახლოებით 350 მილიონი დოლარი).
მოამზადა ნუკრი მგელაძემ