ბორის ბერეზოვსკის 23 წლის მეგობარი გოგონა კატერინა საბიროვა ყოველკვირეული გამოცემა The New Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბორის ბერეზოვსკი თავს არ მოიკლავდა.
გოგონას განცხადებით, მათ ისრაელში დასასვენებლად გამგზავრება ჰქონდათ დაგეგმილი.
67 წლის ბორის ბერეზოვსკი და 23 წლის კატერინა საბიროვა ერთმანეთს ოთხი წლის წინ შეხვდნენ და მას შემდეგ ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. როგორც ახალგაზრდა ქალბატონი აცხადებს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე რუსი ოლიგარქი მეგობარ გოგონას ტელეფონით ესაუბრა და "ჩვეულებრივზე უკეთესი ხმა ჰქონდა".
"დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ 25 მარტს ისრაელში უნდა ჩამოსულიყო. ბორისს დიდი გეგმები ჰქონდა მკვდარ ზღვაზე დასვენებასთან დაკავშირებით. ის ხშირად ამბობდა: "მე თუ არ ვიქნები, არც პრობლემები იქნებაო", მაგრამ ეს არ კმარა იმისთვის, რომ დავიჯერო, ბორისი თავს მოიკლავდა", - განაცხადა საბიროვამ.
ჟურნალთან საუბრისას 23 წლის მოდელმა ასევე განაცხადა, რომ ბერეზოვსკიმ მას გაუმხილა პუტინისთვის მიწერილი წერილის შესახებ, რომელშიც რუსი ოლიგარქი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პატიებას სთხოვს. წერილის შესახებ ბერეზოვსკის სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი.
"მე მხოლოდ წერილის ხელნაწერი ვნახე. მან თავად წამიკითხა ეს წერილი და მითხრა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა", - აღნიშნა რუსმა მოდელმა და დასძინა, რომ მისი ვარაუდით, ეს წერილი გარდაცვლილმა ოლიგარქმა რუსეთის პირველ პირს ნოემბერში გაუგზავნა.
ბორის ბერეზოვსკი 23 მარტს აღმოაჩინეს გარდაცვლილი. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია რუსი ოლიგარქის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი.
მომზადებულია Businessinsider-ის მიხედვით.