ქართველებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი ევროპელები ვართ: იცით, ალბათ, რომ ე.წ. ცხენის ხორცის სკანდალი, რომელიც ირლანდიაში დაიწყო, ოდნავ მოგვიანებით ევროპაშიც გავრცელდა: დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მაღაზიებიდან ამოიღეს იმ პროდუქტის ნაწილი, რომელშიც ცხენის ხორცის დნმ იპოვეს და ღორის ხორცის ეტიკეტით იყიდებოდა. აბა რის ევროპელები ვიქნებოდით, ჩვენც მხარი რომ არ აგვება და ასეც მოხდა: ორიოდე კვირის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კასპის ნაგავსაყრელზე 5 ტონა ცხენის ხორცი გაანადგურა.
როგორც სააგენტოში განაცხადეს, ცხენის ხორცის დიდი პარტიის შესახებ ოპერატიული შეტყობინება 8 თებერვალს მიიღეს: "ჩვენმა სპეციალისტებმა ადგილზე დაათვალიერეს კასპში, ერთ-ერთ სახლში, ანტისანიტარიულ პირობებში განთავსებული დიდი რაოდენობით ცხენის ხორცი, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში სარეალიზაციოდ იყო გამზადებული. ნედლეულის ნიმუშის ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული პარტია მხოლოდ გახრწნილი კი არა, სალმონელოზითა და კოლიფორმული ბაქტერიებით იყო დასნებოვნებული. ცხოველები სასაკლაოს გვერდის ავლით, გაურკვეველ პირობებშია დაკლული... გამოძიებამ დაადგინა, რომ ცხენები მოპარული იყო" (!). როგორც ამ სააგენტოს მუშაკები ამბობენ, საქართველოში ცხენის ხორცით ვაჭრობა აკრძალული არ არის, უბრალოდ, ამის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიეწოდოს და ცხენი აუცილებლად სპეციალურ სასაკლაოზე უნდა დაიკლას. ცხენის ხორცის არსებობა ქართულ ბაზარზე დაადასტურა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემაც, რომელმაც განაცხადა, "სურსათის უვნებლობის სააგენტოს აღრიცხული აქვს, რომ ბაზარში საქონლის ხორცის ნაცვლად, ვირისა და ცხენის ხორცი შედიოდა".... სხვათა შორის, ზემოაღნიშნულმა სააგენტომ ქართულ ბაზარზე ცხენის ხორცი გასულ ზაფხულსაც აღმოაჩინა - ქსელიდან ამოიღეს ფარშირებული ნახევარფაბრიკატები, მათ შორის, ხინკალი და პელმენი. ამ უსიამოვნო ინფორმაციას ჩვენს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან საქართველოში არ არის მიღებული მსგავსი "დელიკატესების" ჭამა. თუმცა, სოციალურ ქსელებში ასეთ კომენტარებსაც წააწყდებით: "ცხენის ხორცი გემრიელია, სუფთაა და ბევრად სჯობია საქონელსა და ღორს. უმაღლესი კლასის სარდელი და ძეხვი ოდითგანვე ცხენის ხორცისგან კეთდებოდა. მთავარი ის არის, ცხენი თუ იყო ჯანმრთელი, თორემ მისი ხორცი გაცილებით სუფთაა, ვიდრე ღორისა, რომელიც ყველანაირ ნაგავს მიირთმევს"... ასე, გამოეხმაურნენ მომხდარს ჩვენი თანამემამულენი, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რომ წლების განმავლობაში ცხენისა და სახედრის ხორცს მიირთმევდნენ.
რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას და როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი უხარისხოსაგან? - ამ კითხვებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" თავმჯდომარე ზურაბ ფუტკარაძე გვიპასუხებს:
- პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელი ცხენის ხორცი მავნებელი არ არის, მაგრამ მყიდველმა უნდა იცოდეს, რომ ეს ცხენის ხორცია და არა ღორის ან ძროხისა რომელსაც ტრადიციულად მიირთმევს ჩვენი მოსახლეობა. თანაც, გავრცელებული ინფორმაციით, კლავენ ცხენებს, რომლებიც ბერდებიან და, სავარაუდოდ, ბაზარზე ავადმყოფი ცხენის ხორციც გამოაქვთ. სამწუხაროდ, ჩვენ წლების განმავლობაში დაუცველნი ვიყავით ამგვარი "სიურპრიზებისაგან" და არც კი ვიცოდით, რას ვყიდულობდით ან რას მივირთმევდით. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენს ბაზარზე კონტროლი არ ხორციელდებოდა და ზოგიერთი ბიზნესმენი სარგებლობდა ამ განუკითხაობით. ისიც ცნობილია, რომ საქართველოში წლების განმავლობაში შემოდიოდა ინდური ხორცი, ინდოეთში კი ძროხა წმინდა ცხოველად არის აღიარებული და არ კლავენ. ამიტომ, რაც ჩვენთან შემოდიოდა, ეს იყო ალბათ გარეული ხარის ხორცი, თუმცა, როგორი ხარისხისა - ეს უკვე არავინ იცის. არადა, უცხოელებს საქართველოდან გაჰქონდათ საუკეთესო, ახალი ხორცი და მის ნაცვლად იმპორტირებული, ნაკლები ხარისხის პროდუქციით "გვამარაგებდნენ".
- ბატონო ზურაბ, როგორ უნდა გავარჩიოთ სახედრის ან ცხენის ხორცი საქონლის ხორცისაგან?
- ცხენისა და საქონლის ხორცის განსხვავება ხშირად სპეციალისტებსაც კი უჭირთ, თუ ძვლები არ შეუმოწმეს. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ცხენისა და სახედრის ნეკნები უფრო წვრილია საქონლის ძვალთან შედარებით, ამასთანავე, ცხენის ხორცი უფრო მკვეთრი წითელი ფერისაა. კამეჩს წინა ძვლები წვრილი აქვს, ბარძაყის ძვალი კი - უფრო მსხვილი, ვიდრე საქონელს. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ხორცი არ იყოს ავადმყოფი პირუტყვისა. მოგეხსენებათ, ხორცი შეიცავს მინერალებსა და ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის და ისეთი არ უნდა ვიყიდოთ, რომელიც გვავნებს.
- რა ძირითადი ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ ეს პროდუქტი ხარისხიანია, მით უმეტეს, თუ მას ბავშვისათვის ვყიდულობთ?
- პირველ ყოვლისა, საქონლის ხორცს არ უნდა ჰქონდეს უსიამოვნო სუნი. თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ახალი და ხარისხიანი ხორცია, მაშინ უკვე მის ვიზუალურ მხარესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება და საფუძვლიანად დავათვალიეროთ. თუ ძროხის ხორცს ვყიდულობთ, მას უნდა ჰქონდეს ჯანმრთელი წითელი ფერი, ღორის ხორცი უფრო ვარდისფერია, მაგრამ სიძველე მასაც ეტყობა. თუ ხორცი ძველია, მუქი ფერი გადაჰკრავს და ალაგ-ალაგ ლაქები ეტყობა, ეს იმის ნიშანია, რომ საეჭვო ხარისხისაა და მასში უკვე მიკრობები და ბაქტერიები ბინადრობენ. ჯანმრთელი საქონლის ხორცი მტკიცე და შეკრული უნდა იყოს, ამის შემოწმება შეხებითაც შეიძლება: თითს თუ დავაჭერთ, ახალი ხორცი მაშინვე გასწორდება, რაც იმის ნიშანია, რომ პროდუქტი ახალია და მის უჯრედებსაც ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი სიცოცხლისუნარიანობა, ძველ ხორცზე კი ჩაღრმავება დარჩება. ახალი ხორცი არ უნდა იყოს წებოვანი. იგივე ხერხები უნდა გამოვიყენოთ ფრინველის ხორცის ყიდვის დროსაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ჯანსაღი ფერი და სუნი აქვს გასაყიდ ფრინველს, როგორია მისი იერი. ნებისმიერი ტიპის ხორცის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის ცხიმს, რომელსაც ასევე სასიამოვნო, ჯანსაღი ფერი უნდა ჰქონდეს. ფრინველის ქონი უნდა იყოს ღია ან კრემისფერი, მეტისმეტად მუქი ფერის ქონი კი იმაზე მეტყველებს, რომ ფრინველი ძველია.
- ბატონო ზურაბ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ გაცილებით რთულია გაყინული ხორცის შეძენა, რადგან ამ ნიშნებით ვერ დავადგენთ, ახალია თუ არა.
- საერთოდ, ჯობია ახალი ხორცი შევიძინოთ, რადგანაც გაყინული უკვე კარგავს სასარგებლო თვისებების მნიშვნელოვან ნაწილს, მაგრამ თუ მაინც ვყიდულობთ, უმჯობესია ნაცნობთან შევიძინოთ - იქ, სადაც ვიცით, რომ ხარისხიან პროდუქციას ყიდიან. გაყინული ხორცის სუნს ან ფერს მხოლოდ გალღობის შემდეგ ვხედავთ, ამიტომ, უნდა დავაკვირდეთ შეფუთვაზე წარწერებს, უნდა ვიკითხოთ მისი შენახვის ვადა, ხარისხი და ა.შ... ხორცის შენახვა უმჯობესია საყინულეში, მისი ხელმეორედ გაყინვა კი სასურველი არ არის, რადგან ის ამით სასარგებლო მინერალებსა და ნივთიერებებს კარგავს.
- მე მგონი, თქვენი რჩევების შესრულება რიგითი მოქალაქისათვის საკმაოდ რთულია.
- ამიტომ, ამ საკითხზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, მან უნდა აკონტროლოს, ცხენის ხორცი იყიდება ჩვენს დახლებზე, კამეჩის თუ სახედრისა შეიძლება ვიღაცამ იყიდოს კიდეც ცხენის ან სახედრის ხორცი, მაგრამ უნდა იცოდეს, რა არის ეს, მას არ უნდა ატყუებდნენ. არა აქვს მნიშვნელობა, დიდ სუპერმარკეტში შევიძენთ თუ ბაზრობაზე, იმპორტირებულია პროდუქტი თუ ადგილობრივი, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც უნდა მოვითხოვოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხარისხიანი პროდუქტია. ბოლო ხანს ამ თემაზე ბევრს მსჯელობენ, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლება სურსათის კონტროლის გამკაცრებას აპირებს. ამის გარეშე მომხმარებლის უფლებების დაცვა ძალიან გაგვიჭირდება.
როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი ხორცი უხარისხოსაგან?
1. ცხენისა და სახედრის ნეკნები უფრო წვრილია საქონლის ძვალთან შედარებით, ამასთანავე, ცხენის ხორცი უფრო მკვეთრი წითელი ფერისაა. კამეჩს წინა ძვლები წვრილი აქვს, ბარძაყის ძვალი კი - უფრო მსხვილი, ვიდრე საქონელს.
2. ხორცს არ უნდა ჰქონდეს უსიამოვნო სუნი.
3. ძროხის ხორცს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელი წითელი ფერი, ღორის ხორცი უფრო ვარდისფერია, მაგრამ სიძველე მასაც ეტყობა. თუ ხორცი ძველია, მუქი ფერი გადაჰკრავს და ალაგ-ალაგ ლაქები ეტყობა.
4. ჯანმრთელი საქონლის ხორცი მტკიცე და შეკრული უნდა იყოს, ამის შემოწმება შეხებითაც შეიძლება: თითს თუ დავაჭერთ, ახალი ხორცი მაშინვე გასწორდება, რაც იმის ნიშანია, რომ პროდუქტი ახალია, ძველ ხორცზე კი ჩაღრმავება დარჩება. ახალი ხორცი არ უნდა იყოს წებოვანი.
5. ნებისმიერი ტიპის ხორცის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის ცხიმს, რომელსაც ასევე სასიამოვნო, ჯანსაღი ფერი უნდა ჰქონდეს. ფრინველის ქონი უნდა იყოს ღია ან კრემისფერი, მეტისმეტად მუქი ფერის ქონი კი იმაზე მეტყველებს, რომ ფრინველის ხორცი ძველია.
P.S. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხენის ხორცის მორიგი პარტია ბათუმის აგრარულ ბაზარში აღმოაჩინა. ნედლეულს თან არ ახლდა შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ, ფორმა # 2.
ესაუბრა ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)