რუბრიკა "სტილის" სტუმარია მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი ნინო სურგულაძე. ნინო არ სვამს, არ ეწევა, ყოველთვის მშვენივრად გამოიყურება და გემოვნებიან მანდილოსნად ითვლება.
- ნინო, თქვენ ერთ-ერთ გემოვნებიან მანდილოსნად მიგიჩნევენ. რამე განსაკუთრებულს აკეთებთ ამისთვის?
- მიხარია, თუ ვინმეს ასეთად მივაჩნივარ. ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, ვცდილობ, კარგ განწყობაზე ვიყო მეც და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიც.
- სამოსს რა პრინციპით ირჩევთ?
- უპირველესად, უნდა მომეწონოს ის, რასაც ვყიდულობ. განწყობასაც გააჩნია. უპირატესობას ვანიჭებ ბუნებრივ ქსოვილებსა და კომფორტულობას. მხოლოდ ბრენდებზე არ ვარ ორიენტირებული, მაგრამ მაქვს რამდენიმე საყვარელი მარკა, ესენია: "ვალენტინო", "შანელი", "ალექსანდრ მაქქუინი", "არმანი" და "მიუ მიუ".
- ქართველ დიზაინერებთან თუ თანამშრომლობთ?
- მაქვს თამუნა ინგოროყვას და "ეტი ეტის" სამოსი. ბევრი ნიჭიერი დიზაინერი გვყავს საქართველოში, რაც ძალიან მახარებს. ჩაცმულობა ბევრ რამეს ამბობს პიროვნების შესახებ.
- მაკიაჟი პირველად როდის გაიკეთეთ და როგორ ტონებს ამჯობინებთ?
- პირველი მაკიაჟის 7 წლისამ გავიკეთე. ობობას როლს ვასრულებდი "ქინქლა ბუზში". დიდი შავი თვალები და სისხლიანი ტუჩები მქონდა, საკუთარი თავის მეშინოდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს თითქმის არ ვიკეთებ, რადგან სასცენო მოღვაწეობის გამო ისედაც მიწევს კანის მაკიაჟით გადატვირთვა. მიყვარს ბუნებრივი ტონები.
- როგორ ინარჩუნებთ წონას?
- ვცდილობ, ბევრი არ ვჭამო და მეტი ვიმოძრაო. მოძრაობა სამყაროს არსებობის პრინციპია და ის ადამიანებმაც უნდა შევინარჩუნოთ. ენერგეტიკა და შინაგანი სინათლე კი ნებისმიერს ალამაზებს.
- ვის მიიჩნევთ გემოვნებიან პიროვნებად?
- საქართველოში ბევრი გემოვნებიანი ადამიანია, ამით ძალიან ვგავართ იტალიელებს. როგორი შემოსავალიც უნდა ჰქონდეს ქალს, ის მაინც ახერხებს გემოვნებით შემოსვას.
- ქალების უმეტესობას ყველაზე მეტი ფული ჩანთებსა და ფეხსაცმელებში ეხარჯება. თქვენც ასე ხართ?
- ჩანთა და ფეხსაცმელი შემოსვისას გადამწყვეტი და დამაგვირგვინებელი აკორდია. მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მის გარეშე სიმღერაც კი არ შემიძლია. ასეთი ფეხსაცმლით ქალი უფრო ლამაზად დადის. მავნეა გამუდმებით მაღალ ქუსლებზე სიარული, მაგრამ მიჩვეული ვარ - სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
- მოდის ტენდენციებს ყოველთვის ითვალისწინებთ?
- მოდის ცვლილებები, რასაკვირველია, ჩემს გარდერობზეც ახდენს გავლენას, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რაა მოდური, არამედ ის, რა გიხდება.
- პლასტიკურ ოპერაციებზე რა აზრის ხართ?
- ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს. პატივს ვცემ თითოეულის გადაწყვეტილებას, თუმცა თვითონ არასოდეს მიმიმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის. არ ვიცი, წლების შემდეგ რა მოხდება, მაგრამ სადამდეც შევძლებ, ვიქნები ბუნებრივი.
- რას ურჩევთ ქართველ ქალებს?
- გაუზვიადებლად ვიტყვი, რომ ყველა ქართველი ქალი ძალიან ლამაზია, ამიტომ არც კი ვიცი, რა ვურჩიო. თითოეული მათგანი სილამაზის, ეშხისა და ღირსების სიმბოლოა და მინდა, ასევე დარჩეს, ოღონდ ხშირად გაიღიმონ, რადგან ღიმილი უხდებათ.
ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)