"კახა თარგამაძე საქართველოშია", - თავდაპირველად ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, მარიამ საჯაიამ და გოგა ხაჩიძემ გაავრცელეს. როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, კახა თარგამაძე რამდენიმე დღის წინ მართლაც ყოფილა საქართველოში. ჩვენ ყოფილ შს მინისტრს ტელეფონით ვესაუბრეთ.
- საქართველოში ორიოდე დღით ვიყავი და ჩემი ქვეყანა ახლახან დავტოვე. მოვინახულე მეგობრები, მეზობლები, ნათესავები. აღმოვაჩინე, რომ თურმე იმაზე მეტი მეგობარი და გულშემატკივარი მყოლია, ვიდრე მეგონა, რამაც ძალიან გამახარა. ვიყავი პატრიარქთან და წინასწარ მივულოცე იუბილე, კარგა ხანს ვისაუბრეთ, რაც დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის. ვიყავი სვეტიცხოველში და სამების ტაძარში. სამება ჩემი მინისტრობის დროს შენდებოდა, მაგრამ დასრულებული არ მენახა.
- პოლიტიკოსებს თუ შეხვდით?
- არა, მხოლოდ ახლობლები მოვინახულე. პოლიტიკა დიდი ხანია აღარ მაინტერესებს, დავივიწყე ეგ საქმე და ახლა ის მიკვირს, ხალხი რატომ ვეღარ მივიწყებს.