წლის მკვლელობები
მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. მკვლელებმა მას საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2004 წელს დუმბაძემ საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძეს მიემხრო. რომან დუმბაძე სამშობლოს ღალატის ბრალდებით 2004 წელს დააკავეს და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ დუმბაძე ფოთის პორტში დაკავებული 12 ქართველი სამხედროს სანაცვლოდ, რუსეთს გადასცა.
7 აგვისტოს მინსკში ბონდო შალიკიანი მოკლეს. ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ბონდო შალიკიანი 2004 წელს სპეცოპერაციისას დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ბრალდებით. ბოლო წლებში შალიკიანი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ბელორუსი სამართალდამცავები მის მკვლელობას უცხოურ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის საქმის გარჩევას უკავშირებენ.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მოსკოვში მოკლული რომან დუმბაძისა და ბონდო შალიკიანის მკვლელობებს შორის კავშირი არსებობს. შალიკიანი და დუმბაძე რუსეთში ნავთობის ბიზნესში იყვნენ ჩართული. ორივე მკვლელობა ერთნაირი ხელწერითაა შესრულებული: რამდენიმე გასროლა, ბოლოს კი - საკონტროლო.
წლის ძებნილები
კუდ-ის მაღალჩინოსნებმა დათა ახალაიამ, სოსო თოფურიძემ და გერონტი ალანიამ 2012 წლის ოქტომბერში დატოვეს საქართველო, ოლეგ მელნიკოვმა კი - 2010 წლის 2 დეკემბერს და მას შემდეგ ქვეყნის საზღვრები არ გადმოულახავთ. კუდ-ის მაღალჩინოსნები თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის იძებნებიან. მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილის თქმით, მათგან ზოგიერთი სანდრო გირგვლიანის საქმეშიც ფიგურირებს. "გაქცეულებს" შორის პირველი ზურაბ ადეიშვილი იყო - იუსტიციის მინისტრმა 5 ოქტომბერს აიღო შვებულება (ოფიციალური ინფორმაციით) და "დასასვენებლად" საზღვარგარეთ გაემგზავრა. 4 ოქტომბერს სარფის გავლით ქვეყანა დატოვეს ძმებმა ახალაიებმა "მასტერასთან" (გია დგებუაძე) ერთად. აშშ-ს შეაფარა თავი ქვეყნის ჯარების სარდალმა დიმა შაშკინმა. "გაქცეულებიდან" უკან მხოლოდ ბაჩანა ახალაია დაბრუნდა.
წლის პატიმარი
7 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ჩვენებების საფუძველზე ყოფილი თავდაცვისა და შს მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააპატიმრეს. შს ყოფილ მინისტრს ბრალი წამების მუხლითაც წაუყენეს.
წლის შეწყალება
23 ოქტომბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. იგი მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა. გამსახურდია სამართალდამცველებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გარდა ამისა, მას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ.
5 დეკემბერს ცოტნე გამსახურდიას ჯაშუშობისა და შეთქმულებისთვის წაყენებული ბრალდება მოუხსნეს.
წლის სისასტიკე
30 სექტემბერს, არჩევნების წინა დღეს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ენით აუწერელი ტრაგედია დატრიალდა - 10 თვის ჩვილი ბარბარე რაფალიანცი მშობლებმა წყლით სავსე ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. ოჯახის წევრების გადმოცემით, ბავშვს პირველ სართულზე ეძინა, მშობლები კი ნათესავებთან ერთად მეორე სართულზე იმყოფებოდნენ. "მე მტრები არ მყოლია, ჩემი შვილი გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილების მუქარის შემდეგ მოკლეს", - განაცხადა დაღუპული ჩვილის დედამ თათია მექერიშვილმა. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 თვის ბარბარეს გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და საზოგადოებას აღუთქვა, რომ მას უახლოეს მომავალში გახსნის.
ამნისტია
საქართველოს პარლამენტმა "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე" დადგენილების პროექტი დაამტკიცა. პოლიტპატიმრის სტატუსი 190-ს, პოლიტდევნილისა კი 25 პირს მიენიჭა.
ასევე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, წლის ბოლოს პარლამენტმა 80 ხმით ერთხმად მიიღო "ამნისტიის შესახებ" კანონი.
წლის აღიარება
აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა 5 წლის შემდეგ დუმილი დაარღვია და ადვოკატი მოითხოვა. ბარათელმა ადვოკატ მამუკა ნოზაძეს უამბო, როგორ აჰკიდეს სამართალდამცველებმა ჩაუდენელი დანაშაული. მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის გასამართლებულმა ბარათელმა საკუთარი ხელით დაწერა ჩვენება, სადაც აღნიშნა, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2007 წლის 20 მაისს.
წლის სპეცოპერაცია
28-30 აგვისტოს კახეთში, სოფელ ლაფანყურთან, საქართველო-რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, შსს-მ ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დაიღუპა საქართველოს შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს სამი წარმომადგენელი, დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ჩრდილოკავკასიელების შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი. შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოდან რუსეთის, კერძოდ, დაღესტნის ტერიტორიაზე გადასვლა ვერ შეძლო. საზღვრის სიახლოვეს უცნობი შეიარაღებული ჯგუფის აღმოჩენამ, რომელმაც, ხელისუფლების განცხადებით, ხუთი ადგილობრივი ახალგაზრდა აიყვანა მძევლად, თავიდანვე რამდენიმე ვერსია გააჩინა.
ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდა სინამდვილეში. ერთ-ერთი ვერსიით, ქართული მხარე კარგა ხანს თანამშრომლობდა ამ შეიარაღებულ ჯგუფთან, მაგრამ ისინი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც სახელმწიფომ ამ ჯგუფის განადგურება ბრძანა...
წლის ყადაღა
ყოფილი ხელისუფლების პროკურატურამ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული 300 ათასზე მეტი დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენა დააყადაღა. "გლობალ კონტაქტ კონსალტინგი" ერთ-ერთი კომპანია იყო, რომლის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების მოტივით ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმეს. შემდეგ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ჯარიმა თითქმის განახევრდა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს "ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს "პროგრეს ბანკში".
ციხის კადრები
20 სექტემბერს ტელევიზიით პატიმართა ცემის, წამებისა და გაუპატიურების ამსახველი, ასევე არასრულწლოვანთა არასათანადოდ მოპყრობისა და ცემის კადრები გადაიცა. ამის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ აღიძრა სს საქმე. დამამაცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლები წარედგინათ: დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძეს; გლდანის მერვე საპყრობილეს დირექტორ დავით ხუჭუას; დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილს; საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროს ლევან ფურცხვანიძეს; მერვე საპყრობილის რეჟიმის უფროს ინსპექტორ გიორგი კვარაცხელიას; მერვე საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროს ოლეგ ფაცაციას; კონტროლის ინსპექტორ მანუჩარ ლომთაძეს; ოპერატიულ მორიგე გელა ცომაიას; კონტროლიორ ლევან ფხალაძეს; უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ბორის ფარულავას. კადრების ავტორსა და გამავრცელებელ ლადო ბედუკაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ბედუკაძემ თავი ბელგიას შეაფარა. მან განაცხადა, რომ გაცილებით "მნიშვნელოვანი" მასალები ბაჩო ახალაიას სეიფშია და სწორედ მისი დავალებით იღებდა მათთვის საინტერესო პატიმრების წამების კადრებს. მისი თქმით, "მნიშვნელოვან" კადრებში მკვლელობისა და გაუპატიურების ფაქტებია ასახული.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)