თემასთან დაკავშირებით ბევრი ამბავის გახსენება შემიძლია, მაგრამ რადგან მეგობრობა უფრო ძვირფასია ჩემთვის, ჩემი მეგობარი ბიჭის ამბავს მოგიყვებით. მე და ლაშა ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭისთვის ძალიან ძნელია ოჯახურ პრობლემებზე ლაპარაკი, მაინც დაუფარავად გამიმხილა, თავისი ყველაზე დიდი პრობლემა და გასაჭირი, რომლის გამოც მოსვენება აქვს დაკარგული: სკოლაში დავდიოდი უკვე, გარეთ, სკოლასთან რომ ერთი ქალი მელოდებოდა ხოლმე. მომეფერებოდა, კანფეტებს მომცემდა და მიდიოდა... ვიცოდი, ის ქალი დედა რომ იყო ჩემი, მაგრამ მაშინ არაფერი გამეგებოდა და პრობლემასაც ვერაფერში ვხედავდი. არც ის მახსოვს, როდის ან რატომ შეწყვიტა ჩემი მონახულება და როდის გაქრა ჩემი ცხოვრებიდან... - იხსენებს ხოლმე ლაშა. ის 20 წლის წინ მიატოვა დედამ, 2 დასთან ერთად.
დები გათხოვდნენ, ოჯახი შექმნეს. გოგონებმა მაინც გაუგეს დედას, უცხოეთში გადახვეწილი ქალი ხშირად უკავშირდება მათ, შეძლებისდაგვარად ეხმარება კიდეც და ყოველ თვე გარკვეულ თანხასაც უგზავნის. ლაშა დედასთან ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, თუმცა, მოგვიანებით დედას მაინც შეეხმიანა და მასთან ურთიერთობა ააწყო. ოჯახის წევრებს კი ამის შესახებ არაფერს ეუბნება. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ლაშამ არ იცის, რატომ გაიყარნენ მისი მშობლები, ვინ იყო დამნაშავე და რატომ წარიმართა მისი ცხოვრება ასე. ვერც იმას ბედავს, მამას რაიმე ჰკითხოს, არ უნდა, გული ატკინოს. დედა კი ყველანაირად გვერდით უდგას შვილს, ფულს უგზავნის, აცმევს, სამსახურიც დააწყებინა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებიც შეექმნა, უმკურნალა და წამდაუწუმ იმას ეხვეწება, ჩემთან ჩამოდი, გამუშავებ და ყველანაირად ხელს შეგიწყობო. სახლში მისული ლაშა კი დუმს, მიუხედავად იმისა, რომ გულს უღრღნის ყოველივე. ასე, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს ლაშა.
20 წლის წინ წასულ დედას, ოჯახისგან მალულად ეკონტაქტება, ისინი კი აინუნშიაც არ არიან, მაგრამ ვინ იცის, ეს ამბავი როდემდე დაიმალება? მერე კი ღმერთმა უწყის, რა მოხდება. ლაშას კი ყველაზე მეტად, ის არ უნდა, რომ მშობელ მამას, რომელმაც 20 წელი გაჭირვებით გაზარდა და ახალგაზრდობა შეალია, გული ატკინოს, მაგრამ უკვე სხვანაირად მოქცევაც აღარ შეუძლია, დედამისი რომ ერთი-ორი დღე არ შეეხმიანოს, მოსვენებას კარგავს...
ლუნა.