არჩევნებიდან თვენახევრის თავზე საქართველოში დიქტატურის გაფორმება დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ბოლოდროინდელი დაკავებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა ძალიან მძაფრ დაპირისპირებაში შედის, რადგან საქართველოს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ყველა იმ ინსტიტუტზე შეტევა გადაწყვიტა, რომელიც მისი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ არ იმყოფება.
"საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. ის ხალხს დაჰპირდა კეთილდღეობას, მატერიალური პირობების გაუმჯობესებას, მაგრამ გაიმარჯვა 54%-ით და მან უნდა მართოს ქვეყანა იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც კანონით და კონსტიტუციით გააჩნია ცენტრალურ მთავრობას და მმართველ კოალიციას. როგორც ჩანს, მას აქვს სურვილი, დაიქვემდებაროს მთელი აღმასრულებელი ვერტიკალი, მიიტანოს შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, პრეზიდენტის დაცვის სამსახურზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, თბილისის მერიაზე, ეროვნულ ბანკზე, კონტროლის პალატაზე, სასამართლოზე და ყველა იმ ინსტიტუტზე, რაც მთავრობის კომპეტენციაში არ შედის. ამ ადამიანს ვერ წარმოუდგენია საქართველოში განსხვავებული აზრის არსებობა. ჩვენ შევდივართ ძალიან მძიმე დაპირისპირებაში", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, საქართველოში ან გადარჩება განსხვავებული აზრი და იქნება რეალურად დემოკრატიული პროცესი, ან მოსახლეობა მიიღებს "რევანშს შეპირებული კეთილდღეობის ნაცვლად". "ამიტომ მინდა, პირადად გავაფრთხილო ის და მთელი მისი მსტოვრები, რომლებიც დაგეშილები არიან და იმასაც კი აღარ კადრულობენ, საზოგადოებას გააცნონ ამა თუ იმ პოლიტიკური თანამდებობის პირს რა ბრალდებას უყენებენ - ეს დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ ზარალს მოიტანს. ეს კარგად ესმის საერთაშორისო საზოგადოებას და ეს კარგად გვესმის ჩვენ. უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და გადავწყვიტოთ პრობლემები ისე, როგორც შეეფერება ცივილიზებულ ერს, მაგრამ თუ მთავრობა გადაწყვეტს პოლიტიკური შანტაჟით სიარულს, თუ არჩეული აქვს რევანშის გზა, ეს არის ის ბუმერანგი, რომელიც რაც არ უნდა ცხრა მთას იქით ისროლო და სადაც არ უნდა გაიქცე, უკან მაინც დაგეწევა და ცხვირში მოგხვდება. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა ადამიანმა, ვინც ჩართულია ამ ბინძურ და მავნებლურ რევანშისტულ საქმიანობაში", - აღნიშნა უგულავამ.