ის დრო იყო, დიდი თუ პატარა, განურჩევლად სქესისა, ტელევიზორებს რომ იყვნენ მიმსხდრები და სერიალებში იყვნენ ჩაძირულები. მე და ჩემს თანატოლ ნათესავებსაც გვქონდა ჩვენი რჩეული ტელესერიალი და იმას ვუყურებდით. უფროსები გულგრილად, რომ გადაგვირთავდნენ ხოლმე სხვა არხზე, სწორედ ამის შემდეგ გავხდი გულბოროტი მათ მიმართ და როცა კი მათი საყვარელი სერიალის დრო მოვიდოდა, სინდისდამშვიდებული ამოვრთავდი ხოლმე დენს "სოჩიკიდან" და თამაშს ლაღად ვაგრძელებდი... პაპა ოჯახში ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო ტელევიზორის და როცა რაიმეს უყურებდა, ცა რომ თავზე დამხობოდა, გარეთ არ გაიხედავდა.
ბავშვები ფულს ვაგროვებდით ხოლმე, ტკბილეულს ვყიდულობდით და ვქეიფობდით. მეც პაპას ვთხოვე ფული და უარი რომ მივიღე, გულმოსული მის ოთახში შევიპარე და მის ანტიკვარ ტელევიზორზე ვიყარე ჯავრი. მერე კი სულ გადამავიწყდა ჩემი "გმირული საქციელი" და საწყალი პაპა თურმე 3 დღე უშედეგოდ ცდილობდა ტელევიზორის შეკეთებას. სკოლიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, ნათესავმა რომ საზეიმო ხმით მაცნობა, - 1 ასაფეთქებელი ჩამრჩენია ჯიბეში და მოდი, ვინმე შევაშინოთო. მე მაშინვე პაპას დაფეთებული სახე წარმოვიდგინე და ნათესავს მსხვერპლის ვინაობა გავუმხილე. თავიდან იუარა - ცოდოაო, მაგრამ მაინც დავიყოლიე და 5 წუთში ნირწამხდრები პაპას ვედექით თავთან და საწყალი თვალებით ვუყურებდით ექიმს, რომელიც მას წნევას უზომავდა. ჩემდა ჭირად პაპა ავად გახდა - სიცხე მისცა და მთელი ღამე დავრბოდი ბაღში ხან ჭარხლის, ხან კომბოსტოს ფოთლებზე (ხალხური მედიცინით მკურნალობდნენ).
ასეთ გაწამაწიაში რომ მხედავდნენ პაპა და ოჯახის წევრები, მაიძულებდნენ, დავწოლილიყავი, მაგრამ მე გმირულად ვიდექი და მთელი ღამე არ მოვშორებივარ გვერდიდან. დილის 5 საათი იქნებოდა, გენიალურმა აზრმა რომ გამიელვა თავში, "დამუნჯებულმა" ტელევიზორმა რომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. - ტელევიზორი უნდა გაგიკეთო-მეთქი, - ვუთხარი ჩემი მზრუნველობით ნასიამოვნებ პაპას და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად (შეეშვი, "ხელცივი" ხარ, არაფერი გამიფუჭოო), მონდომებით შევუდექი საქმეს. განზრახ ბევრი ვიწვალე და ვუტრიალე ტელევიზორს, ბოლოს კი ჩემივე გაფუჭებული ტელევიზორი ხელის მსუბუქი მოძრაობით ავამუშავე... ბოლომდე დაწეულ ხმას ავუწიე, ფერები - რომელიც მუქზე მქონდა დაყენებული, - გავაღიავე და ის იყო, პაპასთვის უნდა მეხარებინა, რომ ლოგინიდან თავად წამოხტა. გული რომ იჯერა მადლობებითა და ჩემი ქება-დიდებით, თავზე ხელი გადამისვა და მზრუნველად მითხრა, - წადი, დაისვენე, ცოდვა ხარო და ტელევიზორს მიუჯდა.
მართალია, მთელი ღამე გავათენე და მეორე დღეს მასწავლებლისგანაც საყვედური მივიღე გაკვეთილების უცოდინარობის გამო, მაგრამ მთავარია, რომ დანაშაული გამოვისყიდე და საბოლოო ჯამში პაპა ნასიამოვნები და გახარებული დავტოვე.
გაცოცხლებული თოჯინა.