შეერთებული შტატების ახალი, 45-ე პრეზიდენტი ბარაქ ობამა გახდა, რომელმაც პრეზიდენტის ტიტული სენატორ მიტ რომნისთან დაძაბულ ბრძოლაში შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ ხმათა საბოლოო დათვლა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, აშკარაა - არჩევნებში გაიმარჯვა ობამამ, რომელსაც უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 303 ხმა აქვს რომნის 206 ის წინააღმდეგ. მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება ე.წ. მერყევი შტატების უმრავლესობაში, მათ შორის უმნიშვნელოვანეს ოჰაიოსა და კალიფორნიაში ლიდერობამ განაპირობა. რაც შეეხება საარჩევნო ხმების ზოგად რაოდენობას, აქ რომნის მცირედი უპირატესობა აქვს, რადგან მას ხმა მრავალმოსახლეობიანი შტატების უმეტესობამ მისცა, თუმცა ეს ფაქტი არჩევნების შედეგებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, რადგანაც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ე.წ. "გამარჯვებულს ყველაფერი" პრინციპით ტარდება. პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: კონკრეტულ შტატში ხმათა 51% ის მფლობელი ამ შტატისათვის მინიჭებულ ყველა საარჩევნო ხმას იღებს. ეს ყველაფერი ცნობილია "რესპუბლიკელების" ბანაკისათვისაც, რომლის წარმომადგენელმა მიტ რომნიმ უკვე აღიარა საკუთარი დამარცხება, ობამას კი მეორედ გაპრეზიდენტება მიულოცა. როგორც რომნიმ განაცხადა, ახლა, როცა ყველაფერი გაირკვა, ქვეყნის ლიდერებმა უთანხმოება გვერდზე უნდა გადადონ და ის ლოცულობს, რათა პრეზიდენტის მმართველობის შედეგად ქვეყანაში კეთილდღეობამ დაისადგუროს.
ობამამ თავის მხრივ რომნის მადლობა გადაუხადა კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანიისთვის. მისი თქმით, იგი ბედნიერია, რომ ამერიკელმა ხალხმა არჩევანი კვლავ მასზე შეაჩერა და როგორც მის, ასევე მისი ოპონენტის ამომრჩეველს მადლობას უხდის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის. ამასთანავე, ობამამ რომნისთან თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა. ობამას ხელმეორე საპრეზიდენტო ინაუგურაცია 21 იანვარსაა დანიშნული. ამ დღეს ამერიკაში მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნას მიაგებენ პატივს.
არჩევნებში ობამას გამარჯვების პარალელურად, სენატში არსებული 33 ვაკანტური ადგილი დემოკრატებმა დაიკავეს, რაც შეეხება წარმომადგენლობით პალატას, აქ უმრავლესობა რესპუბლიკელებმა შეინარჩუნეს. ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც დემოკრატებით დაკომპლექტებული სენატი განიხილავს, მდიდრებზე გადასახადების გაზრდაა, რაც ბარაქ ობამას ერთ-ერთ წინასაარჩევნო პირობას წარმოადგენდა.
მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.