პენსიონერმა წყვილმა, რომელმაც წარსულში საკონცენტრაციო ბანაკს დააღწია თავი, ერთმანეთი კვლავ იპოვა და უკვე 4 წელია ერთად ცხოვრობს.
15 წლის ტომას ბეკსა და 14 წლის ედიტ გრიმანს ერთმანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთის საკონცენტრაციო ბანაკში შეუყვარდათ. ბეკს 1944 წელს გაქცევის შანსი მიეცა, რამაც შეყვარებულები ერთმანეთს დააშორა. ათი წლის შემდეგ კი ტომასმა შეიტყო, რომ ედიტი გადარჩა და საცხოვრებლად ავსტრალიაში გადასახლდა.
რამდენიმე წლის წინ ბეკმა დოკუმენტურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ის ჟურნალისტებს დათანხმდა მათთან ერთად დაბრუნებულიყო საშინელ ადგილებში, სადაც ოდესღაც ადამიანთა სისხლი იღვრებოდა. ტომასი მაყურებელს თავის ახალგაზრდობის წლებზეც მოუთხრობდა.
გადაღებების დროს ჟურნალისტმა, რომელიც ტომასთან ერთად მუშაობდა, მოხუცს ერთი ძველი მეგობარი აპოვნინა. სწორედ ამ მეგობარმა უთხრა შეხვედრისას, მე და ედიტი 62 წელია შენ გეძებთო. აღმოჩნდა, რომ ედიტი ქალაქ მელბურნში სწორედ იმ რაიონში ცხოვრობდა, სადაც ბეკის ღვიძლი შვილი.
"ძალიან კარგად მახსოვს ედიტთან ერთად სიკვდილის ბანაკში გატარებული წლები. მაშინ ძალიან შეშინებულები ვიყავით და ერთმანეთი ძალიან გვჭირდებოდა", - ამბობს ტომას ბეკი.
მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა მრავალი წელი ერთმანეთის გარეშე გაატარა და ოჯახებიც შექმნეს, ამბობენ, რომ ერთად ყოფნის იმედი არასოდეს დაუკარგავთ.
"ახლა მთავარია დიდხანს ვიცოცხლოთ, რომ დაკარგული დრო ავანაზღაუროთ", - ამბობენ შეყვარებულები.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.