დნმ-ის ანალიზის შედეგად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რევაზ ალავერდაშვილის იდენტიფიცირება მოხერხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს 14:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ კაპრალ რეზო ალავერდაშვილს დაკრძალავენ. ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება.
ამასთან, დნმ-ის ანალიზის შედეგად, ამა წლის აგვისტოში შესაძლებელი გახდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების - სერჟანტ ზურაბ გიორგის ძე ტურაშვილისა და უფროსი სერჟანტის, გელა ვაჟას ძე თიგიშვილის იდენტიფიცირება.
სამხედრო მოსამსახურეები IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდნენ - სერჟანტი ტურაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხებოდა, უფროსი სერჟანტი თიგიშვილი - 2006 წლიდან. მათ მიღებული აქვთ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული".